petriwis portali

ნეიროფილოსოფია და ნეიროეთიკა (მოხსენების თეზისები)

უდო რაინჰოლდ იეკი

ნეიროფილოსოფია და ნეიროეთიკა (მოხსენების თეზისები)

09.01.2021

2019 წლის 11-12 ოქტომბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფიის გაგება თანამედროვეობაში“, რომელშიც ქართველ ფილოსოფოსებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ იტალიელი და გერმანელი მეცნიერები. ქვემოთ გთავაზობთ ფილოსოფიის ისტორიის ცნობილი გერმანელი სპეციალისტის, ბოხუმის რურის უნივერსიტეტისა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის, უდო რაინჰოლდ იეკის ამ კონფერენციაზე წარდგენილი მოხსნების თეზისებს.

  1. ტვინის ფილოსოფია შეისწავლის ცენტრალურ ნერვულ სისტემას; მაშასადამე, როცა ფილოსოფია ტვინს საკუთარი განაზრების საგნად აქცევს, სამართლიანია გამოვიყენოთ სახელწოდება „ტვინის ფილოსოფია“.
  2. ტვინის შესახებ ფილოსოფიური კითხვების საწყისი თვით ამ ორგანოს გამოუცნობ ბუნებაშია საძიებელი. ნეირომეცნიერებების ფარგლებში მიღწეული უამრავი ცალკეული შედეგისა და ხშირად რევოლუციური მიგნებების მიუხედავად, ტვინი - თავისი არსებითი ფუნქციების მიხედვით - დღემდე მაინც გამოცანად რჩება.
  3. უწინარეს ყოვლისა, ბურუსით მოცულია „ტვინისა“ და „სულის“ მიმართება. ეს საკითხი არა მარტო ფილოსოფიასა და ნეირომეცნიერებებს აკავშირებს, არამედ ტვინის შესახებ არსებული თეორიული ფილოსოფიის მთავარი საკითხია და, აქედან გამომდინარე, სამართლიანად მოექცა ამ დისციპლინის ყურადღების ცენტრში.
  4. ტვინის ფილოსოფიური შესწავლა მხოლოდ თეორიული განზომილებით კი არ იზღუდება, არამედ ეთიკურ განაზრებებსაც მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ეთიკა ნეირომეცნიერებებით უნდა დაინტერესდეს, რადგან ეთიკის მრავალ ფუნდამენტურ პრობლემას ტვინის შესახებ სპეციფიკური ცოდნის გარეშე ვერ გადავჭრით.
  5. სწორედ ამ ამოცანებიდან გამომდინარე იღებს სათავეს ტვინის ფილოსოფიის სისტემატური სტრუქტურა: ის, უწინარეს ყოვლისა, თეორიულ და პრაქტიკულ განზომილებებად დაიყოფა: „ნეიროფილოსოფია“ საჭიროებს „ნეიროეთიკას“, ხოლო დამატებითი დისციპლინის სახით საჭირო ხდება „ტვინის ფილოსოფიის ისტორია“.
  6. სამივე ეს მეცნიერება თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება: ნეიროფილოსოფია დღესდღეობით ყველაზე მეტად განვითარებულია, ნეიროეთიკა კი ჯერ კიდევ თავისი განვითარების საწყის სტადიაზეა. ეს ეხება „ტვინის ფილოსოფიის ისტორიის“ თეორიულ და პრაქტიკულ განზომილებებსაც: ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა ტვინის თეორიული ფილოსოფიის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების წვდომა ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე, რადგან ამის შესახებ დღემდე მხოლოდ ცალკეული გამოკვლევები არსებობს. „ნეიროეთიკის ისტორიის“, ან კიდევ მისი წინაისტორიის გამოკვლევა ეს-ესაა დაიწყო, რადგან აქამდე ამ პრობლემატიკის შესახებ თითქმის არავის გამოუხატავს ღრმა მეცნიერული ინტერესი და არც საკითხი დასმულა მკვეთრად.
  7. თუმცა ამ ისტორიული კონტექსტების შესწავლა გადაუდებელი ამოცანაა. აპორიებით მოცული ტვინის სტრუქტურა რომ გაერკვიათ, ძველი დროის ფილოსოფოსები ავითარებდნენ იმგვარ მოდელებს, რომელთა ელემენტებს ისინი მათთვის ცნობილი სასიცოცხლო სამყაროებიდან იღებდნენ და მეტაფიზიკურ კონსტრუქციებად გარდაქმნიდნენ ხოლმე. ამ დოკუმენტთა შესწავლა აჩვენებს, რომ წარსულ ეპოქათა მნიშვნელოვანი მოაზროვნეები ინტენსიურად სწავლობდნენ ტვინის სტრუქტურას, ითვალისწინებდნენ ფიზიოლოგიის შედეგებს და, ხშირ შემთხვევაში, ტვინის კვლევა დიდწილად წასწიეს კიდეც წინ.
  8. ეს, უწინარეს ყოვლისა, მაშინ ხდებოდა, როცა ფილოსოფოსები და მედიკოსები ერთმანეთთან ნაყოფიერად თანამშრომლობდნენ. არისტოტელე და გალენი ანტიკურობაში, ავიცენა შუა საუკუნეებში, ჰალერი და ლოტცე ახალ დროში არა მარტო კარგი ფილოსოფოსები, არამედ მედიცინის საუკეთესო მცოდნენი იყვნენ. XX საუკუნეში ეკლესმა და პოპერმა, ყოველგვარი უნაყოფო პოლემიკის გარეშე, ნეირომეცნიერებებსა და ფილოსოფიას შორის დიალოგი გამოაცოცხლეს; მათი თანამშრომლობა ინტერდისციპლინარული კვლევის სანიმუშო მაგალითად ითვლება.
  9. წარსული დროის კონცეპტები, რომლებიც ტვინის განმარტებას მოიცავს, დღესაც ინარჩუნებს გავლენას. ისინი ტვინის მრავალი მკვლევარისთვის მიმართულების მიმცემი და დღესაც დიდი ზეგავლენის მქონეა. თუმცკი, რამაც თავდაპირველად კვლევა-ძიებას ახალი იმპულსი მისცა, მოგვიანებით მისი შემდგომი განვითარება დაამუხრუჭა. საწყისისეული მოდელების ხანგრძლივობა ყოველთვის მათ ხარისხზე არ მიანიშნებს; ძალზე ხშირად ეს მოდელები მტკიცე ზღუდეებს ქმნიდნენ კიდეც. მრავალი ფილოსოფოსი და ნეირომეცნიერი კმაყოფილდებოდა ამგვარი მოდელებით და ამით, საბოლოო ჯამში, იმას აჩვენებდა, რომ მათ საკუთარი ისტორიის ცდომილებებიდან განთავისუფლების უნარი არ გააჩნდათ.
  10. მას, ვისაც ისტორიულად არსებული ტვინის თეორიების ტყვეობისაგან თავის დახსნა სურს, ისინი გვერდზე კი არ უნდა გადადოს, არამედ მათი სტრუქტურის დეტალური რეკონსტრუირება უნდა მოახდინოს. მხოლოდ ამითაა შესაძლებელი მცდარი გზების თავიდან არიდება და ტვინის ფილოსოფიის ისეთი განმავითარებელი გზის პოვნა, ჩვენს დროებას რომ შეესატყვისება. ამ შემთხვევაში ნეირომეცნიერები ტვინის ფილოსოფიისაგან სარგებელს მიიღებენ და მისი შედეგების დაფასებასაც შეძლებენ.
  11. ჩემი ნეირომეცნიერული საკვლევი პროექტის მიზანი სწორედ ეს არის. ტვინის ფილოსოფიის შესახებ შემორჩენილი დოკუმენტების შეგროვებამ და კომენტირებამ საფუძველი უნდა მოამზადოს იმისთვის, რომ ღრმად ვწვდეთ ტვინის ფილოსოფიის საზღვრებსა და შესაძლებლობებს და ამით მის შემდგომ განვითარებას შევუწყოთ ხელი.