petriwis portali

კეიტ უარდი: „ღმერთის ქრისტიანული იდეა: სარწმუნოების ფილოსოფიური საფუძველი“

გიორგი კაპანაძე

კეიტ უარდი: „ღმერთის ქრისტიანული იდეა: სარწმუნოების ფილოსოფიური საფუძველი“

19.01.2021

Keith Ward: The Christian Idea of God: A Philosophical Foundation for Faith, Cambridge: Cambridge University Press, 2017, 236 pp. ISBN 978-1108410212

ბრიტანელი ფილოსოფოსის, თეოლოგისა და მღვდელმსახურის კეიტ უარდის ნაშრომი „ღმერთის ქრისტიანული იდეა: სარწმუნოების ფილოსოფიური საფუძველი“ მატერიალისტური მსოფლმხედველობის წინააღმდეგ არის მიმართული და ცდილობს აჩვენოს, რომ რელიგია არ წარმოადგენს ირაციონალური რწმენის თვითნებურ აქტს. ავტორის მიზანია, რომ „პიროვნული იდეალიზმის“ თეორიის განვითარების მეშვეობით სარწმუნოების საფუძველი შექმნას და ქრისტიანობა რაციონალურ არგუმენტებზე დააფუძნოს. თავად უარდის სიტყვებით რომ ვთქვათ, „წიგნი არის ნაშრომი ქრისტიანულ თეოლოგიაში. ის ამტკიცებს, რომ ქრისტიანობას აქვს ძლიერი ფილოსოფიური საფუძველი და რომ მას აუცილებლად სჭირდება მსგავსი საფუძველი“ (გვ. 1). პიროვნული იდეალიზმი ქრისტიანობის საიმედო ფილოსოფიურ საფუძვლად შეიძლება გამოდგეს, მას „შეუძლია ქრისტიანული სარწმუნოების ღრმა გონივრულობა გვიჩვენოს და დაგვეხმაროს პასუხი მივიღოთ ქრისტიანულ სარწმუნოებასთან დაკავშირებული იმ პრობლემების შესახებ, რომელთაც მორწმუნე ადამიანი ცხოვრების მანძილზე შეიძლება წააწყდეს“ (გვ. 15).

გასაკვირი არაა, რომ დღევანდელ დღეს მორწმუნე ადამიანი იმაზე მეტ გამოწვევებს აწყდება, ვიდრე უწინ; ის, რაც ერთ დროს თვითცხად რელიგიურ ჭეშმარიტებას წარმოადგენდა, თანამედროვე სამყაროში მუდმივი დავისა და უთანხმოების საგანია. რელიგიისა და თანამედროვეობის ურთიერთმიმართება უარდის ფილოსოფიურ-თეოლოგიური შემოქმედების ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. მისი ინტერესები მოიცავს შემდეგ სფეროებს: რელიგიის ფილოსოფია, ქრისტიანობის ისტორია, რელიგია და მეცნიერება, შედარებითი და სისტემური თეოლოგია, ეთიკა და მორალი. ამასთან, მისი გამოკვლევა „ღმერთის ქრისტიანული იდეა: სარწმუნეობის ფილოსოფიური საფუძველი“ ავტორის მთლიანი შემოქმედების ფონზე უნდა იქნეს წაკითხული.

უარდი დიდ ყურადღებას უთმობს ქრისტიანული რელიგიის მეცნიერულ და მორალურ კონტექსტში ანალიზს, ისევე, როგორც მსოფლიო რელიგიებთან შედარებასა და რელიგიურ ტრადიციებში არსებული საზიარო ელემენტების გამოკვეთას. შედარებითი თეოლოგიის კუთხით, გამორჩევის ღირსია მისი ნაშრომი „ღმერთის კონცეპტები: ღვთაებრიობის სურათ-ხატები ხუთ დიდ რელიგიურ ტრადიციაში“ (1975 წ.). ამ წიგნში წამოჭრილია საკითხი ღმერთის უნივერსალური კონცეპტის შესახებ. უარდი აქვე პასუხობს, რომ ინდუიზმში, ბუდიზმში, ისლამში, იუდაიზმსა და ქრისტიანობაში არსებული საბოლოო რეალობის დოქტრინა იმგვარადაა განვითარებული, რომ „ღმერთის სურათ-ხატი“ საზიარო რწმენას აყალიბებს. განსხვავებულ ტრადიციებში არსებული მსგავსება კი რწმენის საერთო ელემენტს წარმოადგენს. შედარებით განსხვავებული ნაშრომია „მეცნიერებასა და რელიგიაში არსებული დიდი კითხვები“ (2008 წ.). მასში წამოჭრილია საკითხი იმის შესახებ, გადარჩება თუ არა რელიგია მეცნიერულ ეპოქაში და რა ცვლილებას საჭიროებს ის. უარდის პასუხის თანახმად, მეცნიერება არ წარმოადგენს რელიგიის საფრთხეს, ღმერთის რწმენა კარგი საწყისი წერტილია საიმისოდ, რომ სამყაროს მეცნიერული კვლევა-ძიება დავიწყოთ; ღმერთის კონცეპტი მეცნიერებასთან არა მხოლოდ თავსებადია, არამედ მეცნიერება საჭიროებს კიდეც მას.

„ღმერთი და ფილოსოფოსები“ (2003 წ.) და „პასკალის ცეცხლი: მეცნიერული სარწმუნეობა და რელიგიური შემეცნება“ (2006 წ.) რელიგიასა და აბსტრაქტულ ფილოსოფიურ-მეცნიერულ აზროვნებას შორის არსებულ განსხვავებებს წარმოაჩენს. უარდი ამტკიცებს, რომ რელიგია ეს არის ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან, ხოლო ფილოსოფოსთა და მეცნიერთა ღმერთი რელიგიის აბსტრაქტული საფუძველია. მართალია, რომ რელიგიასა და ფილოსოფიაში არსებული ღმერთის კონცეპტები განსხვავებულნი არიან, თუმცა, ისინი შეიძლება ურთიერთშემავსებელ მოცემულობებად წარმოვაჩინოთ.

„ღმერთის ქრისტიანული იდეა: სარწმუნოების ფილოსოფიური საფუძველი“ მოიაზრება როგორც კეიტ უარდის ორი ნაშრომის „მორალი, ავტონომია და ღმერთი“ (2013 წ.) და „ქრისტე და კოსმოსი: სამების თეოლოგიის ხელახალი ფორმულირებისთვის“ (2015 წ.) დასკვნით ნაწილად. პირველი შრომა მორალის საფუძველს იკვლევს და აცხადებს, რომ მორალური აზროვნება ღირებულებების სამყაროს ნაწილს წარმოადგენს და არა კულტურულ გამოგონებებსა თუ ინდივიდუალურ დამოკიდებულებებს. ხოლო წიგნში „ქრისტე და კოსმოსი“ წარმოდგენილია თეისტური რწმენის მეცნიერული საფუძვლები, სამების ქრისტიანული დოქტრინა კი მეცნიერული ცოდნის კონტექსტშია გაანალიზებული. უარდი დიდ ყურადღებას უთმობს თანამედროვე კოსმოლოგიისა და ბიოლოგიის მიერ შემოთავაზებულ მეცნიერულ თეორიებს და მათში არსებულ რელიგიურ შინაარსს. სამი დასახელებული შრომა იმ ერთი პროექტის ნაწილია, რომლის მიზანიც ქრისტიანული სარწმუნოების ფილოსოფიური საფუძვლის შექმნაა.

უარდი თავიდანვე აღნიშნავს, რომ ღმერთის ქრისტიანული იდეა არ არის ფილოსოფოსთა აბსტრაქტული ღმერთი, და რომ ეს იდეა კონცენტრირებულია ღმერთის სამყაროში გამოცხადებაზე: „ღმერთი გამოჩნდა, როგორც თვით-შეწირვითი სიყვარული, ამ სიყვარულის მიზანი ადამიანის ბოროტებისაგან განთავისუფლება და ღვთაებრივთან შეერთებაა“ (გვ. 67). ქრისტიანული რელიგიის უმთავრესი საფუძველი ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრება და სწავლებებია, ხოლო ქრისტიანობა, უპირველეს ყოვლისა, პიროვნული რწმენის აქტია. ღმერთის ქრისტიანული იდეა გულისხმობს რწმენას შემოქმედისა, რომელმაც ადამიანური ბუნება შეიძინა და კაცობრიობა ცოდვისაგან გამოიხსნა. საუკუნეთა მანძილზე დასავლური სამყაროს კულტურული ცხოვრება ქრისტიანული რელიგიისა და ბიბლიური ნარატივის გარშემო იყო გაერთიანებული, რელიგია ქმნიდა იმ ზოგად თეორიულ  და მსოფლმხედველობრივ საფუძველს, რომლის საშუალებითაც ადამიანები სამყაროს წარმომავლობას იაზრებდნენ და მომავლის იმედებს აფუძნებდნენ. თუმცა, მოდერნული ეპოქის მზარდმა სკეპტიციზმმა, ბიბლიის კრიტიციზმა და მეცნიერულმა რევოლუციამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სამყაროს შესაქმისა და მომავალი ცხოვრების ქრისტიანული დოქტრინები; კონკრეტულად რომ ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მთელი რიგი ტრადიციული რელიგიური რწმენები და სარწმუნეობა როგორც მთლიანობა, პარალელურად კი ჩამოყალიბდა სამყაროსა წარმოშობისა და რეალობის გააზრების ახალი მატერიალისტური თეორიები.

უარდი ცდილობს უპასუხოს ქრისტიანული რელიგიის თანამედროვე გამოწვევებს, კერძოდ, მეცნიერული მსოფლმხედველობის თანდათანობით აღმასვლასა და რელიგიურ რწმენათა შესუსტებას; მისი მიზანია აჩვენოს, რომ „ქრისტიანობა მხოლოდ წმინდა სარწმუნოების შედეგი არაა, ის მჭიდრო კავშირშია გონივრულ, სარწმუნო და დამაჯერებელ ფილოსოფიურ თეზისებთან“ (გვ. 1). თანამედროვე სამყაროში მრავალი ადამიანი მიიჩნევს, რომ მეცნიერება კარგ და დამაჯერებელ არგუმენტებს გვთავაზობს რათა ვირწმუნოთ, რომ რელიგია წინარემეცნიერული ეპოქის გადმონაშთი და ანაქრონიზმია, რომ ის უბრალო კულტურული არტეფაქტია, რომელსაც ისტორიულად ჰქონდა ამბიცია აეხსნა სამყაროში არსებული მოვლენათა რაობა და ადამიანის ადგილი მასში. ხოლო მრავალი ადამიანისათვის ათეიზმი მეცნიერული მსოფლმხედველობის ის ლოგიკური შედეგია, რომელიც რელიგიურ რწმენებს წარმოაჩენს როგორც ავტორიტეტზე, სუბიექტურ ფაქტორებზე და სხვა ირაციონალურ შეხედულებებზე დაფუძნებულ მოცემულობას. ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, მეცნიერული ათეიზმი და მატერიალიზმი არის მსოფლმხედველობა, რომელიც მიიჩნევს, რომ ფიზიკური ძალებისა და მატერიის მიღმა არაფერი არსებობს, და რომ სამყარო ბრმა ფიზიკური მიზეზ-შედეგობრიობით განპირობებული ის მოცემულობაა, რომელშიც სულიერების კვალი არსადაა.

თუმცა, უარდი და თეისტ ფილოსოფოსთა თუ მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ საკმარისად კარგი მიზეზი არსებობს საიმისოდ, რათა ვირწმუნოთ, რომ ეს ასე არაა, და რომ სამყაროს მატერიალისტური კონცეფცია მრავალ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს - „კარგი ფილოსოფიური არგუმენტი ბუნებრივად მიგვიძღვის რწმენისაკენ“ (გვ. 1), აცხადებს უარდი. მატერიალიზმისგან განსხვავებით სარწმუნოება საშუალებას გვაძლევს დავუშვათ, რომ არსებობს ყოფიერება, რომელმაც სამყარო იმ მიზნით შექმნა, რომ სიყვარულითა და მორალური ღირებულებებით ვიცხოვროთ. მართალია, რომ ქრისტიანობა ეფუძნება ქრისტესთან შეხვედრის პიროვნულ გამოცდილებას, თუმცა, მსგავსი რწმენა არ ნიშნავს „გონებაზე უარი თქმას“. სწორედ ზოგადი ფილოსოფიური აზროვნება გვიდასტურებს მატერიალიზმის სიმცდარეს და ქმნის რელიგიური რწმენის კარგ საფუძველს.

მატერიალისტური მსოფლმხედველობის მიხედვით, სამყაროს არსებობა განპირობებულია ბრმა პროცესებით, შემთხვევითი და კანონმორჩილი მიზეზ-შედეგობრიობით, ისევე, როგორც წინასწარ განუსაზღვრელი გეგმით, რომელსაც არანაირი შინაგანი ღირებულება არ გააჩნია. სამყარო არაპიროვნული ფიზიკური კანონებით ხელმძღვანელობს, ხოლო სიცოცხლე მატერიის მეორადი თვისებაა და მხოლოდ ფიზიკურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. უარდი მატერიალისტური მსოფლმხედველობის საპირისპიროდ ასეთ კონტრარგუმენტს გვთავაზობს: „ეს იდეალიზმის ცენტრალური თეზაა და მე მსურს ვამტკიცო, რომ თავად მატერიალური სამყარო იმ გონების პროდუქტია, რომელიც გარკვეული აზრით ადამიანის გონებისაგან განსხავებულია... ადამიანმა შესაძლოა იკითხოს, როგორც შეიძლება გონებამ მატერია წარმოქმნას? თუმცა, რეალურად თუ ვიმსჯელებთ, აღნიშნული კითხვა და შესაძლო პასუხის მასზე, ისევე გამორჩეული და არაერთაზროვანია, როგორც შეკითხვა: როგორ შეიძლება მატერიამ გონება წარმოშვას?“ (გვ. 76).

მატერიალიზმისა და იდეალიზმის დავა კარგად ნაცნობი ფილოსოფიური თავსატეხია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის კამათი რეალობის ყველაზე ძირეული მახასიათებლების შესახებ. მატერიალიზმი ამტკიცებს და მიიჩნევს, რომ საბოლოო რეალობა სხვა არაფერია, თუ არა ფიზიკურ სივრცეში განფენილი მატერია. სხვადასხვა სივრცეში მატერია განსხვავებულ ფორმებს იღებს და განსხვავებულ ფენომენად გარდაისახება, ყველაფერი, მათ შორის ადამიანიც და მისი გონებაც დაიყვანება მარტივ ელემენტალურ ნაწილაკებამდე, „მხოლოდ მოძრობა და მატერიაა რეალური“, სხვა ყველაფერი კი მისი მეორადი შედეგია. საპირისპიროდ ამისა, იდეალიზმი მიიჩნევს, რომ სამყაროში სხვა არამატერიალური „გონიერი, სულიერი, იდეალური თუ ცნობიერი“ საწყისიც არსებობს, და რომ ეს საწყისი დიდ როლს თამაშობს მატერიის ფორმირებასა და სიცოცხლის წარმოშობაში. ზოგადად რომ ვთქვათ, იდეალიზმი ეს არის ფილოსოფიური პოზიცია, რომლის მიხედვითაც გონება პირველადი რეალობაა, და რომ მთლიანი მატერიალური სამყაროს მიღმა არამატერიალური ძალები უნდა მოვიაზროთ, „მატერიალური სამყარო გონების გარეშე არ იარსებებდა და სამყაროს ჭეშმარიტი ბუნება იმგვარია, რომ ის ძირეული მენტალური რეალობის გამოხატულებასა თუ გამჟღავნებას წარმოადგენს... მრავალი დიდი ფილოსოფოსი ფილოსოფიას ხედავდა როგორც იმ შემეცნებადი გონების ბუნებისა და მიზნის კვლევას, რომელიც ფიზიკური სამყაროს საფუძველშია“ (გვ. 8).

„ყველა მორწმუნე გარკვეული აზრით იდეალისტია“ (გვ. 49), - აცხადებს უარდი. მისი მტკიცებით ორივე დებულება - „მატერიამ წარმოქმნა გონება“ და „გონებამ წარმოქმნა მატერია“ - თანაბრად მისტიური განცხადებებია, ამავდროულად კი ფიქრობს, რომ იდეალისტური სცენარი უფრო დამაჯერებელია, ვინაიდან უფრო გონივრულია ვირწმუნოთ, რომ ფიზიკური რეალობის მიღმა არსებობს უზენაესი გონება, სული თუ ცნობიერება, მაშასადამე, ის არამატერიალური საწყისი, რომელიც სამყაროს ჰარმონიულ არსებობას განაპირობებს. უარდის შემოთავაზებით „სამყაროს წყარო არ შეიძლება ბრმა, არაცნობიერი, ღირებულების არმქონე და არაფრის მთქმელი მატერია იყოს. ეს წყარო საერთოდ არ შეიძლება რომ მატერია იყოს, ვინაიდან მისი მეშვეობით მატერია წარმოიშობა. ის აუცილებლად მატერიის მიღმა უნდა იყოს. სამყაროს წყარო ვერც სასრული გონება ვერ იქნება, ვინაიდან სამყაროს წყარო სასრულ გონთა არსებობას განაპირობებს. გონივრულია მის შესახებ ვიფიქროთ როგორც ცნობიერების, ცოდნის, ღირებულებისა და მიზნის მატარებელზე“ (გვ. 126).

აუცილებელია ვიკითხოთ, თუ რა ტიპის იდეალიზმთან გვაქვს საქმე. უარდი განასხვავებს იდეალიზმის ნაირსახეობებს. იდეალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებობენ ფიზიკური მოვლენებისაგან განსხვავებული მენტალური პროცესები, მეორე ნაწილის აზრით კი, ადამიანის გონება ანდა სული მატერიისაგან დამოუკიდებელი სუბსტანციაა. „არიან მოაზროვნეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არსებობს ყოვლისმომცველი აბსოლუტური რეალობა, რომელიც გონების მსგავსი და მოაზროვნეა, თუმცა, მას არ გააჩნია თვისებები, რომლებიც პიროვნულ ღმერთად შეიძლება აღიწეროს. ხოლო სხვა მოაზროვნეთა აზრით, არსებობს უზენაესი პიროვნული გონება და საბოლოო რეალობა ღმერთია“ (გვ. 12). სწორედ იდეალიზმის ამ უკანასკნელ ნაირსახეობას ემხრობა უარდი. აღნიშნული თეორიის თანახმად, ღმერთი ეს არის გონების მსგავსი და პიროვნულობის მახასიათებლების მქონე რეალობა და მატერიალური რეალობის საფუძველი, მისი საშუალებით შესაძლებელია გავაერთიანოთ ადამიანური გამოცდილების სხვადასხვა ელემენტები.

პიროვნულ იდეალიზმს უარდი შემდეგნაირად განმარტავს: „ღმერთსა და მატერიალურ სამყაროს მთლიანობის იმდაგვარი ფორმა აქვს, რომელშიც მენტალურ ანდა სულიერ ნაწილს ონტოლოგიური და მიზეზობრივი პირველადობა გააჩნია... მსგავსი იდეალიზმი პიროვნულია იმდენად, რამდენადაც მიიჩნევს, რომ უზენაეს გონს აქვს პიროვნულობის მახასიათებლები: ცოდნა, გრძნობა და ნებელობა, ყოველივე ეს მაშინაც კი, როდესაც ეს არის ყოფიერება, რომელიც ბევრად უფრო დიდებულია, ვიდრე ის, რასაც ჩვენ პიროვნებას ვუწოდებთ“ (გვ. 11). თავის მხრივ, „პიროვნული იდეალიზმი“ თავსებადია იმ ქრისტიანულ შეხედულებებთან, რომელთა თანახმადაც პიროვნული ღმერთის ბუნება ქრისტეს ცხოვრებაში გამოხატული თვით-შეწირვითი სიყვარულია, და რომლის მიხედვითაც შექმნილი სამყაროს მიზანი სიყვარულის მქონე საზოგადოების შექმნაა.

გონების ბუნება

უარდის შრომაში ღმერთი წარმოდგენილია როგორც „გონების მსგავსი“ და პიროვნულობის მახასიათებლების მქონე არსება; მართალია, რომ ღმერთი ადამიანის გონების მსგავსიც არის და განსხვავებულიც, შემეცნებადიც და შეუმეცნებელიც, თუმცა, გონების ანალოგია ერთ-ერთი საშუალებაა იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ „მარადიული გონების“ ანუ ღმერთის შესახებ. წიგნი იწყება იდეალისტური გონების ფილოსოფიით, შემდეგ კი „მარადიული გონებისა“ და „უმაღლესი სიკეთის“ განხილვით გრძელდება. გონების ფილოსოფიის მიზანია აზროვნებასთან დაკავშირებული პროცესებისა და ადამიანის გამოცდილების ბუნება ნათელყოს. უარდის მტკიცებით, ადამიანის შემეცნების საწყისი ეტაპი ის „ცნობიერი გამოცდილებაა“, რომელიც საკუთარ თავში მგრძნობელობით აღქმებს, აზრებსა და შეგრძნებებს აერთიანებს. ადამიანი, როგორც ცნობიერი გამოცდილების ცენტრი, ერთიანი სუბიექტია და ეს სუბიექტი სამყაროს გამოცდილების საფუძველზე იმეცნებს.

გონების ფილოსოფია მრავალ განსხვავებულ საკითხთან არის დაკავშირებული, უმთავრესი და უპირველესი მიზანი, რომელიც გონების ფილოსოფიამ უნდა გადაჭრას, ისაა, თუ რაზეა დამოკიდებული ადამიანის აზროვნების შესაძლებლობა და რა როლს თამაშობს ის სამყაროს შემეცნებასა და სოციალურ ცხოვრებაში. გონების ფილოსოფიის თეორიები პირობითად შეიძლება დაიყოს მატერიალისტურ, დუალისტურ და იდეალისტურ კონცეფციებად. მატერიალიზმი მიიჩნევს, რომ ადამიანის გონება ბიოლოგიური ორგანიზმის მეორადი თვისებაა და რომ ის მთლიანად ტვინის აქტივობებითაა განპირობებული, შესაბამისად, გონების მუშაობა ბიოლოგიური პროცესების პარალელურია და დაყვანადია ტვინში მიმდინარე მოვლენებამდე. რადიკალურად განსხვავებულ კონცეფციას გვთავაზობს დუალიზმი, რომლის მტკიცებითაც ადამიანის გონება სხეულისაგან დამოუკიდებელი და მისგან განსხვავებული მოცემულობაა - სხეული დროსა და სივრცეში განფენილი მატერიაა, ხოლო გონება არასივრცული სუბსტანცია, სხეული ფიზიკური მოცემულობაა, ხოლო აზროვნება არაფიზიკური.

უარდის მიერ განვითარებული გონების იდეალისტური თეორია, ერთის მხრივ, უარყოფს მატერიალისტურ თეორიას, მეორეს მხრივ კი აღიარებს ადამიანის გონების ფიზიკურ პროცესებზე დამოკიდებულებას. ამ დამოკიდებულების მიუხედავად გონება არ დაიყვანება ბიოლოგიურ სხეულზე, ვინაიდან ის აყალიბებს პიროვნებას, როგორც თავისუფალ და პასუხისმგებლობის მქონე ინდივიდს, „რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს სხეული და მატერიალური გონება. ამასთანავე, მას აქვს აღქმების, აზროვნებისა და განცდის მთლიანი გამოცდილება, ის „შინაგანი ცხოვრება“, რაც ადამიანს სრულებით უნიკალურს ხდის“ (გვ. 28). ადამიანი პიროვნებაა და არა უბრალო გენებისა თუ სხეულის სტრუქტურა. სწორედ ადამიანის უნიკალური გამოცდილება წარმოშობს იმ შინაგან სამყაროს, რომელსაც ახასიათებს სუბიექტივიზმი, ღირებულებები, აზროვნება და ცნობიერი გამოცდილება - „ადამიანის ცოდნის უმთავრესი საფუძველი პიროვნული გამოცდილებაა“ (გვ. 36).

დუალიზმისაგან განსხვავებით უარდი არ ფიქრობს, რომ გონების პროცესები სრულებით უნდა გავთიშოთ ფიზიკურისაგან. ადამიანის შემეცნების საწყისი წერტილი, ცნობიერი გამოცდილება, მგრძნობელობით აღქმები, აზრები და განცდები, არ დაიყვანებიან მატერიალურ მოცემულობებამდე, ხოლო ადამიანის გამოცდილება მოიცავს „გამოცდილების მფლობელისა და მთლიანი სუბიექტის“ იდეას. ადამიანი სუბიექტი წარმოდგენილია როგორც განგრძობადი გამოცდილების მესაკუთრე და წარმმართველი. იდეალისტები თანხმდებიან, რომ მსგავსი პიროვნული გამოცდილება რეალურია და რომ ის არ დაიყვანება მატერიამდე. აღქმები და აზრები ადამიანური გამოცდილების ნაწილია, მეორეს მხრივ კი ღირებულებასა და მიზნობრივი ქმედების საფუძველს წარმოადგენენ. „ადამიანის ცხოვრების უმთავრესი ამოცანაა შინაგანი სამყაროს გრძნობას მიაკვლიოს, ჩასწვდეს მიზნებსა და მისდიოს მათ. ყველა ადამიანი, როგორც გამოცდილების ერთგვარი ნაკადი, შინაგანად დაკავშირებული მთლიანი გამოცდილებაა, რომელიც მეორეს მხრივ უკავშირდება სხვა შინაგანი გამოცდილების მქონე სუბიექტებს“ (გვ. 29).

ინდივიდის გამორჩეული მახასიათებელი ისაა, რომ პიროვნება არ წარმოადგენს მიზეზ-შედეგობრიობათა უბრალო ნაერთს. უარდის იდეალისტური თეორიის თანახმად, „მთელი მატერიალური სამყარო შეიძლება დავინახოთ როგორც კონკრეტული პირის ცნობიერების რეალიზაციის ინტრუმენტი; საშუალება იმისა, რომ ადამიანებმა მიზანმიმართული ქმედებები განახორციელონ და ღირებულებები ეძიონ. ცნობიერება არ შეიძლება მატერიალური ევოლუციის უბრალო პროდუქტად მოვიაზროთ და არ შეიძლება დავიყვანოთ ტვინის მატერიალურ სტრუქტურამდე. ადამიანის გონება უნდა გავიგოთ როგორც თავისუფალი და თვით-განმსაზღვრელი მიზეზი, ვისი ქმედებაც განპირობებულია სუბიექტის მიერ არჩეული მიზნითა და ღირებულებით; არა უბრალო მატერიალური განსაზღვრულობით… პიროვნული მიზეზ-შედეგობრიობა იმ მიზნით მოქმედებს, რომ წინასწარ განჭვრეტილ მომავალ მდგომარეობას მიაღწიოს - ის დაკავშირებულია ინტენციონალურობასთან (მოიაზრებს ობიექტებს, რომლებიც რეალურად შეიძლება არც არსებობდნენ), მიზანთან და ღირებულებებთან (შეფასებითი მდგომარეობა, რომლის მიღწევასაც ინდივიდი ცდილობს). ყოველივე ეს მენტალური ფაქტორებია და არა ფიზიკური“ (გვ. 43).

უარდი მიანიშნებს, რომ ადამიანი-პიროვნების მიზნობრიობა წარმოშობს უნიკალური მოქმედებით განზომილებას, რომელიც ფორმას აძლევს და განსაზღვრავს ადამიანის აზროვნებასა და მგრძნობელობას. „ტრადიციულად ამას ეწოდება გონება ანდა სული“. უარდი გონებასა და სულს მონათესავე კონცეპტებად წარმოაჩენს, გონების ბერძნული კონცეპტი „ეს არის ინტელექტი, მოაზროვნე, რამდენადაც არამგრძნობელობის ოპერაციებს ასრულებს“, ხოლო სულის ქრისტიანული კონცეპტი ფიზიკური მგრძნობელობის საპირისპიროდ განისაზღვრება, მნიშვნელოვანია, რომ ორივე მათგანი ღვთაებრივ თვისებასთან, აზროვნებასა და შემოქმედებითობასთანაა დაკავშირებული. „ადამიანის ცოდნა გამოცდილებით იწყება და ამ გამოცდილების ნაწილია განგრძნობადი ინდივიდუალიზმის განცდა, გამოცდილების სუბიექტურობა და განზრახვითი ქმედებების განხორციელება. ტრადიციულად, ქრისტიანული თეოლოგიები ამას უწოდებდნენ სულს, ის მიემართება ფიზიკურ სამყაროსაც, რომელშიც განსხეულებულია, და არაფიზიკურ რეალობასაც, ღმერთს, რომელიც მისი შემოქმედი და მაცოცხლებელია“ (გვ. 48).

მარადიული გონება

წიგნის პირველი ნაწილის ბოლოს ღმერთის იდეა შემოთავაზებულია როგორც ინტერპრეტაციული ჰიპოთეზა. მითითებითი ჰიპოთეზისაგან განსხვავებით, რომელიც დაკვირვებად ფენომენს არადაკვირვებადი მოცემულობის საშუალებით ხსნის (მაგალითად, სამყაროს წარმოშობა დიდი აფეთქების მეშვეობით), ინტერპრეტაციული ჰიპოთეზა გამოცდილების იმდაგვარ აღწერას გვთავაზობს, რომელიც თავად დაკვირვებიდან არ მომდინარეობს; ის საშულებას გვაძლევს, რომ გამოცდილების კონკრეტული გზით გააზრება მოვახდინოთ (მაგალითად, არსებობს რეალობა, რომელიც მატერიას მიზეზ-შედეგობრივად და განგრძობითად მიემართება). უარდის მტკიცებით, ღმერთის იდეა ის გონივრული და ბუნებრივი ინტერპრეტაციული ჰიპოთეზაა, რომლის საშუალებითაც ადამიანის გამოცდილების ინტეგრაცია შეგვიძლია მოვახდინოთ; მისი მოშველიებით „ადამიანის გამოცდილების ის ფართო სპექტრი შეიძლება გავიაზროთ, რომელიც შეიცავს პიროვნულ განცდებს, ღირებულებებს, მიზნებს, ისევე, როგორც ბუნების საჯაროდ შემოწმებად კანონებს... ღმერთის ანუ სრულყოფილი გონების იდეა შესაძლოა დავინახოთ როგორც ნაყოფიერი ინტერპრეტაციული ჰიპოთეზა“ (გვ. 55-56).

ავტორი მიუთითებს, რომ ღმერთის ჰიპოთეზას მხარს უჭერს სამყაროს მეცნიერული კვლევა. თანამედროვე მეცნიერება ნათელყოფს, რომ მატერიის ფიზიკური სტრუქტურა „მწყობრი, ჰარმონიული და მშვენიერია“ და რომ მას „წარმოუდგენელი ელეგანტურობა და ინტეგრირებული კომპლექსურობა“ ახასიათებს. ყოველივე ეს იღბლიან დამთხვევათა ერთობით შეიძლება აიხსნას, მაგრამ ღმერთის რწმენა საშუალება გვაძლევს ვთქვათ, რომ არსებობს ყოფიერება, რომელიც „კარგად ორკესტრირებული“ სამყაროსა და „კოსმიური ისტორიის“ უკან დგას: „ყოფითი გამოცდილება აჩვენებს სამყაროს იმ გონივრულობას, შემოქმედებითობას, მშვენიერებასა და სიკეთეს, რომელთაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ამჟღავნებენ... მნიშვნელოვანია სამყაროს შემეცნება, მისი მშვენიერებისა და დიდებულების განცდა. მისი სრულყოფილი შემეცნება კი მხოლოდ შემოქმედის გონებაშია“ (გვ. 69). ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ღმერთის იდეას ადამიანები მოიხმობდნენ მაშინ, როდესაც სამყაროს მეცნიერული შემეცნების საშუალება არ გააჩნდათ; დღეს მრავალი მატერიალისტი ფიქრობს, რომ ღმერთი გამცდარებული ჰიპოთეზაა, ხოლო მისი წამოჭრა აუხსნელის ახსნის მცდელობა. თუმცა, უარდი ამტკიცებს, რომ ღმერთი არ წარმოადგენს უშინაარსო ჰიპოთეზასა თუ ადამიანის წარმოსახვის ნაყოფს. მისი საშუალებით სამყაროს ზოგად სურათში შემოგვყავს კოსმოსის საფუძველმდებარე გონების მსგავსი რეალობა. მარადიული გონების საშუალებით შეიძლება ხელახლა გავიაზროთ ის, „თუ როგორ შეიძლება ობიექტურ რეალობაში, გონივრულობის, მშვენიერებისა და ღირებულებების მიკვლევა“ (გვ. 69).

ღმერთის ინტერპრეტაციული ჰიპოთეზით ძირეულად იცვლება ადამიანის მთლიანი გამოცდილების ხასიათი, სამყაროს ზოგადი აღქმა და მორალური პერსპექტივები. მატერიასთან და ხილულ კოსმოსთან მიმართებით ღმერთი წარმოდგენილია როგორც პირველადი და აუცილებელი არსი; ღმერთი როგორც მარადიული გონება, რეალობის უმთავრესი საფუძველია და ის შეიძლება გააზრებულ იქნეს როგორც ცნობიერების ის უმაღლესი ფორმა, რომელიც მოქმედებს დაკვირვებად სამყაროში და მიემართება მას, „მსგავსი კოსმოსი შეიძლება გავიგოთ, როგორც ღია, დიალექტიკურად განვითარებადი და რაციონალურად შეკავშირებული მთლიანობა, ის გამოხატავს საბოლოო გონების ბუნებას... კოსმიურ გონებას ორმაგი ხასიათი აქვს, ის, ერთის მხრივ, აუცილებელობითაა განპირობებული, ამავდროულად კი შემთხვევით კოსმოსთან მიმართებით შემოქმედებითად თავისუფალია. მისი მიზანია შექმნას შემოქმედებითი მოაზროვნეებისა და პასუხისმგებლობის მქონე თავისუფალი პიროვნებების საზოგადოებები“ (გვ. 141).

უარდის მიერ შემოთავაზებულ მარადიულ გონებას ახასიათებს ცნობიერება და მიზნობრიობა, ის საკუთარ თავში ინფორმაციის ქონასაც მოიაზრებს, „თავდაპირველ ცნობიერებას ონტოლოგიური პირველადობა აქვს ფიზიკურ რეალობებთან მიმართებით“ (გვ. 89). ამ დებულების ქვეშ შეგვიძლია მოვიაზროთ ღმერთის (მარადიული გონების) ფიზიკურ სამყაროში არსებობის იდეის დამადასტურებელი კიდევ ერთი არგუმენტი. ეს არგუმენტი დაფუძნებულია თანამედროვე მეცნიერების მიერ გააზრებულ კოსმიურ ისტორიაზე, კერძოდ, დიდი აფეთქების თეორიაზე, რომლის თანახმადაც მატერიალური სამყაროს ფორმირება თხუთმეტი მილიარდი წლის წინ დაიწყო და ევოლუციური პროცესის მეშვეობით წარმოქმნა სიცოცხლის უნარის მქონე სამყარო: „ფიზიკური კოსმოსის არსებობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ის წარმოქმნილია თავდაპირველი ცნობიერების მიერ, როგორც საზოგადოებათა არსებობის ის კონდიცია, რომელიც თვით-განვითარებადი სასრული გონებებისაგან შედგება“ (გვ. 89). უარდი მიიჩნევს, რომ თანამედროვე მეცნიერებების მიერ ფიზიკური სამყაროს განვითარების ისტორიის რეკონსტრუქცია კიდევ უფრო ამძაფრებს გაოცებისა და აღფრთოვანების განცდას, კერძოდ, კოსმოლოგია და ევოლუციური ბიოლოგია გვიჩვენებს სამყაროს, რომელიც „გონივრულ მიზანს“ მიჰყვება.

თანამედროვე მეცნიერების მიერ აღწერილ სამყაროს იმ შემთხვევაში გავიგებთ უკეთ, თუკი მას იდეალიზმის პოზიციიდან შევხედავთ და აღვიქვამთ, როგორც შინაგანი მიზნებისა და ღირებულებების მატარებელ მოცემულობას. უარდი დაასკვნის, რომ სამყაროს იდეალისტური სურათი არ წარმოადგენს ადამიანის უბრალო სურვილს, ვინაიდან თანამედროვე მეცნიერების აღმოჩენები ცხადყოფს, რომ სამყაროს დღევანდელი ფორმით არსებობა დამოკიდებულია რამდენიმე ძირითადი ფიზიკური კანონის მახასიათებელზე. ეს მახასიათებლები მცირედითაც რომ ყოფილიყვნენ განსხვავებულნი, სამყარო სიცოცხლესთან არათავსებადი იქნებოდა. თანამედროვე მეცნიერებასა და ფილოსოფიურ არგუმენტებს ბუნებრივად მივყავართ მარადიულ გონებამდე: „გონება ანდა ცნობიერება არის საბოლოო ახსნა-განმარტება, რადგან ის არაფიზიკურად აწესრიგებს შესაძლებლობებს და მოტივიდან გამომდინარე მოქმედებს... ეს იგივეა, ვთქვათ, რომ გონება საბოლოო რეალობის ფუნდამენტალური ნაწილია და ფიზიკურ საგნებთან მიმართებით აუცილებლად პირველადია“ (გვ. 98).

უმაღლესი სიკეთე

წიგნის პირველი ნაწილი წარმოადგენს თეორიულ გააზრებას გონების ბუნების შესახებ, ხოლო მეორე ნაწილში განვითარებულია ფილოსოფიური სპეკულაცია ფიზიკური სამყაროსა და კოსმოსის მიღმა მდგომი მარადიული გონების, ღმერთის შესახებ. ღმერთის ჰიპოთეზა სამყაროს რაობისა და მიზნობრიობის შესახებ არამატერიალისტური ინტერპრეტაციის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. ამ ინტერპრეტაციის თანახმად, მატერიალური სამყარო გონების პროდუქტია და მას შინაგანი მიზანი და ღირებულებების გააჩნია, ეს მიზანი კი საბოლოო სიკეთეა. როგორ უკვე აღვნიშნე, უარდს იდეალისტური თეორია უფრო დამაჯერებლად ეჩვენება, ვიდრე ის მატერიალუისტური ალტერნატივა, რომლის თანახმადაც გონება მატერიის პროდუქტია. ავტორი ცდილობს, რომ საკუთარი  „პიროვნული იდეალიზმი“ თანამედროვე მეცნიერებითა და ევოლუციური თეორიით გაამყაროს. დარვინის ევოლუციური თეორია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისათვის რელიგიისა და მეცნიერების დაპირისპირების კულმინაციურ მომენტს წარმოადგენდა, დღეს მრავალი თეოლოგის მიერ აღქმულია როგორც რელიგიური შინაარსის მქონე თეორია. ამ თეორიის თანახმად, ღმერთი მარადიული შემოქმედია, სამყარო კი მარადიული შესაქმე.

ნაშრომის ძირითადი გზავნილი ისაა, რომ ღმერთი გონების მსგავსი პიროვნულობის მქონე არსია, ხოლო სამყარო ღვთაებრივი პროექტის ნაწილი. თუმცა, ყოველივე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი ერთადერთი მიზეზია, ანდა იმას, რომ ყველაფრის განმსაზღვრელი მარადიული გონებაა. ღმერთი კოსმიური სამყაროს ისტორიაში მონაწილეობს, თუმცა, ეს ისტორია სავსეა შემთხვევითი ელემენტებითა და ადამიანის თავისუფლებით. შემთხვევითი ელემენტები უნდა გავიგოთ როგორც ის ალბათური ხდომილებები, რომლებიც ფიზიკური სამყაროს ისტორიული მსვლელობის მანძილზე წარმოიშობიან. ღმერთი გონიერი შემოქმედია, თუმცა, მას არ გააჩნია წინასწარ განსაზღვრული და ყოვლის მომცველი გეგმა, ვინაიდან ისტორიული მსვლელობის პროცესში მდგომარეობები იცვლება; ღმერთის მიზნები და ღირებულებები მარადიულია, თუმცა, კონდიციები და მოქმედებები გარდამავალნი. აქვე უარდი პასუხს სცემს ბოროტების იმ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც რელიგიური აზროვნების ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევას წარმოადგენს. საკითხი ასე დგას: რატომ უშვებს ყოვლისშემძლე და გულმოწყალე ღმერთი ბოროტების არსებობას? ბოროტების პრობლემის საპასუხოდ უარდი ამბობს, რომ ბოროტება ადამიანის ავტონომიურობის გარდაუვალი შედეგია. კოსმიური გონება წარმოშობს სისტემებს და ავრცელებს სიკეთეს, აუცილებელია ადამიანმა შეიმეცნოს და მიბაძოს მის ღირებულებებს, სწორედ ამაში მდგომარეობს უმაღლესი სიკეთისა და მორალური ცხოვრების არსი. ავტორი ცდილობს დაამტკიცოს, რომ „სამყაროში არსებობს მიზანი და რომ მას მორალური შინაარსი გააჩნია... ძირითადი მორალური მიზანია განხორციელდეს იმ ადამიანთა სრულყოფა, რომლებიც ერთად, საზოგადოებასა და მატერიალურ გარემოში არსებობენ.“ (გვ.143)

უარდი მორალურ ღირებულებათა, ანუ სიქველეთა ანალიზით იწყებს და არისტოტელესა და აქვინელის კატალოგის წილ საკუთარ ვარიანტს გვთავაზობს. ღმერთის მისეული კონცეპტი გარკვეულ მახასიათებლებს მოიაზრებს, ეს მახასიათებლები შემდეგია: შემოქმედება, მგრძნობელობა, გააზრება, თანაქმედება და თანაგრძნობა. უპირველეს ყოვლისა, ღმერთი ცნობილია როგორც შემოქმედი, რომელმაც „კოსმოსი იმ მიზნით შექმნა, რათა განესრულებინა მიზანი, რომელიც სიკეთეა“ (გვ. 146). სწორედ ღმერთის შემოქმედებითი თვისებაა მოაზრებული უმაღლეს სიკეთედ. „შემოქმედებითობა არსებითადაა დაკავშირებული ცვლილებასთან, იმ ახლის ევოლუციასთან, რომელიც ეფუძნება და ტრანსცენდირებს არსებულს“ (გვ. 155). ადამიანურ სიქველეებად წარმოჩენილნი არიან მგრძნობელობა და გააზრება, მათი მიზანი „ჭეშმარიტების, მშვენიერებისა და სიკეთის“ ჯეროვანი გააზრებაა; „ეს სამი სიქველე: შემოქმედებითობა, მგრძნობელობა და გააზრება, მომდინარეობს აღმატებული გონების ბუნების შემეცნებიდან და სამყაროს შექმნის ღვთაებრივი მიზნიდან“ (გვ. 155); ხოლო სხვა ორი სიქველე - თანაქმედება და თანაგრძნობა - სოციალური განზომილების აუცილებელი მახასიათებლებია.

ადამიანის აქტივობათა მიზანი ღვთაებრივი სიკეთის კვალდაკვალ ცხოვრებაა - ვემსგავსოთ ღმერთს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. უარდი აჩვენებს, რომ ადამიანის საზოგადოება დამოკიდებულია მატერიალურ ყოფიერებაზე და რომ ბუნებისადმი პატივისცემა ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ტანჯვითა და ბოროტებით არსებული სამყაროს საბოლოო მიზანი განხორციელდება ღმერთის აღთქმისა და სამართლიანობის თანახმად, ხოლო რელიგიური რწმენის მიხედვით, სიკვდილი არ წარმოადგენს საბოლოო სიტყვას. არ უნდა მოველოდეთ, რომ ღმერთის სამართლიანობის სრულებით ადეკვატური იდეა გვექნება, თუმცა, შეგვიძლია განვჭვრიტოთ შემოქმედი გონების მიზანი. შრომაში უარდი დასძენს, რომ ფილოსოფიური გააზრების მიზანი არ არის აბსოლუტური თეორიული უეჭველობის მიღწევა, ადამიანის გონება შეზღუდულია შეიმეცნოს მარადიული გონების არსი და სრულფასოვნად გამოხატოს ის ლინგვისტურ ტერმინთა მეშვეობით. ყოველივე ამის მიუხედავად, ავტორი ცდილობს ცხადად გვაჩვენოს, „თუ ფილოსოფიურმა კვლევა-ძიებამ როგორ შეიძლება მოგვცეს ზოგადად თეისტური სარწმუნოების, კონკრეტულად კი, თეიზმის ქრისტიანული ფორმის საფუძველი“ (გვ. 142).

იდეალიზმსა და მატერიალიზმს შორის დავა ძველსა და ამავდროულად განგრძობად ისტორიას წარმოადგენს; არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ რომელიმე კონკრეტული თეორია, რამდენადაც კარგად არგუმენტირებული არ უნდა იყოს ის, ამომწურავად უპასუხებს ყველა შეკითხვას და საბოლოო სიტყვას იტყვის სამყაროსა და ადამიანის არსებობის საკითხთან დაკავშირებით. არსებობს იდეალიზმის აღიარების კონკრეტული არგუმენტები, ისევე, როგორც კონტრარგუმენტები, რომლებიც მის წინააღმდეგ შეიძლება იქნენ გამოყენებულნი; ის, რაც ადამიანთა ერთი ნაწილისათვის სულიერებისა და ღირებულების მანიფესტაციაა, სხვა ადამიანებისათვის შეიძლება არაფრის მთქმელ მოვლენათა ერთობას წარმოადგენდეს და პირიქით; ეს განსაკუთრებით ითქმის თანამედროვე ეპოქაზე, სადაც სამყაროს გააზრებისა და ინტერპრეტაციის მრავალი განსხვავებული ალტერნატივა არსებობს. თანამედროვე ეპოქის იდეალისტურ-მატერიალისტურ დებატებში უარდის შრომა კარგი გზამკვლევია საიმისოდ, რომ თანამედროვეობასთან თავსებადი სარწმუნოების შესახებ ვიმსჯელოთ და საკუთარი მოსაზრებები რაციონალურად არგუმენტირებული დებულებებით დავასაბუთოთ, რაც, თავის მხრივ, ყველა მოაზროვნე ინდივიდის ერთგვარი ვალდებულება და ნაყოფიერი დიალოგის წინაპირობაა.