petriwis portali

მყოფობა, მოვლენა, ჭეშმარიტება, სუბიექტი

ალენ ბადიუ

მყოფობა, მოვლენა, ჭეშმარიტება, სუბიექტი

31.01.2021

გავლენიანი თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსის ალენ ბადიუს (დ. 1937 წ.) ნაშრომი „ეთიკა. ესსე ბოროტების გაგების შესახებ“ ქართულად ითარგმნა და გამოიცა 2019 წელს. წინამდებარე ტექსტი ამ ნაშრომის ერთ-ერთ თავს წარმოადგენს.

ფრანგულიდან თარგმნა დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ

თუ არ არსებობს ეთიკა „ზოგადად“, მაშასადამე, საქმე გვაქვს აბსტრაქტული სუბიექტის არარსებობასთან, რომელიც იხელმძღვანელებდა მისი მეშვეობით. არსებობს მხოლოდ ესა თუ ის კერძო სულიერი არსება [ცხოველი], რომელიც, გარემოებების მიხედვით, მოწოდებულია იქცეს სუბიექტად; ან, უმალ, ერთი სუბიექტის წიაღში შესაღწევად. ეს ნიშნავს იმის თქმას, რომ ყველაფერი, რაც ქმნის მის არსებას (მისი სხეული, მისი უნარები) მოცემულ მომენტში მოითხოვს, რომ რაიმე ერთი ჭეშმარიტება აგრძელებდეს თავის გზას. სწორედ ამ დროს ადამიანს, როგორც სულიერ არსებას, მოეთხოვება მყოფობა უკვდავად, როგორიც იგი არ იყო.

რა „გარემოებებია“ ესენი? ესაა რაღაც ერთი ჭეშმარიტების გარემოებები. მაგრამ რა უნდა მოიაზრებოდეს ამით? ცხადია, ის, რაც არის სახეზე (სიმრავლეები, დაუსრულებელი სხვაობები, „ობიექტური“ სიტუაციები: მაგალითად, ჩვეულებრივი დამოკიდებულება სხვის მიმართ სასიყვარულო შეხვედრამდე) ვერ განსაზღვრავს ასეთ გარემოებას. ასეთი სახის ობიექტურობაში, წესისამებრ, ცხოველს ისე გააქვს თავი, როგორც შეუძლია. მაშასადამე, საჭიროა, დავუშვათ, რომ ის, რაც განაპირობებს სუბიექტის ჩამოყალიბებას მასზე აღემატებულია ან როგორღაც მოულოდნელად იჩენს თავს სიტუაციებში, რასაც ეს სიტუაციები და ასეთ სიტუაციებში სუბიექტის ქცევის ჩვეული წესი არ ითვალისწინებს. ვთქვათ, სუბიექტი, რომელიც აღემატება ცხოველს (თუმცა ცხოველი რჩება მის ერთადერთ საყრდენად) მოითხოვს რაღაც ისეთის შესრულებას, რაც არ ამოიწურება მარტივი შეღწევით „სახეზე არსებულ სიტუაციაში“. ამ შევსებას ჩვენ ვუწოდებთ რაღაც ერთგვარ მოვლენას და განვასხვავებთ მას მყოფობა-სიმრავლისგან, რომლის შემთხვევაშიც არ დაისმის საკითხი ჭეშმარიტების (საკითხი დაისმის მხოლოდ მოსაზრებების შესახებ), მოვლენის შესახებ, რაც ჩვენ გვაიძულებს მყოფობის ახალი წესის მიღების გადაწყვეტას. ასეთი მოვლენები ჩინებულად დასტურდება; მხედველობაში მაქვს 1792 წლის საფრანგეთის რევოლუცია, ელოიზასა და აბელიარის შეხვედრა, გალილეის მიერ ფიზიკის შექმნა, ჰაიდნის მიერ კლასიკური მუსიკალური სტილის გამოგონება... ასევე: 1965-1967 წლების კულტურული რევოლუცია ჩინეთში, პირადი სასიყვარულო ვნება, მათემატიკოს გროტენდიკის მიერ ტოპოსების თეორიის შექმნა, შონბერგის მიერ დოდეკაფონიის გამოგონება...

მაშ, რა „გადაწყვეტილებიდან“ იღებს დასაბამს რაღაც ჭეშმარიტების პროცესი? გადაწყვეტილებიდან, რომ ამიერიდან თავისი დამოკიდებულება სიტუაციასთან მიმართებით ააგოს მოვლენების შევსების თვალსაზრისით. ვუწოდოთ ასეთ მიმართებას ერთგულება. მოვლენისადმი ერთგულება ნიშნავს დაწინაურებას ამავე მოვლენით შევსებულ სიტუაციაში, სიტუაციის გააზრებას (თუმცა ნებისმიერი აზრი არის პრაქტიკა, გამოცდა) მოვლენის „თანახმად“. ეს კი, რაკი მოვლენა იყო სიტუაციის ყველა სტანდარტულ კანონს მიღმა, რა თქმა უნდა, იძულებულს ხდის გამოიგონოს მყოფობისა და მოქმედების ახალი წესი ამ სიტუაციაში.

ნათელია, რომ სასიყვარულო შეხვედრის ზეგავლენით, თუ ჩემი სურვილი ნამდვილად მისი ერთგულად ყოფნაა, მე თავიდან ბოლომდე უნდა გადავაწყო ჩემი სიტუაციის „ცხოვრების“ ჩვეული წესი. თუ მე მსურს „კულტურული რევოლუციის“ მოვლენის ერთგულება, ყოველ შემთხვევაში, პრაქტიკულად უნდა ვახორციელებდე იმისგან სრულიად განსხვავებულ პოლიტიკას (კერძოდ, მუშებთან მიმართებით), რასაც მთავაზობს სოციალისტური და პროფკავშირების ტრადიცია. სწორედ ამის გამო არ ძალუძთ „შონბერგის“ სახელით ცნობილი მუსიკალური მოვლენის ერთგულ ბერგსა და ვებერნს გააგრძელონ გასული საუკუნის დეკადენტური ნეორომანტიზმის გზა, რომელიც თითქოს არაფერი ყოფილა. 1905 წელს გამოქვეყნებული აინშტაინის ტექსტების შემდეგ, თუ მე ვარ ერთგული მათი რადიკალური სიახლისა, შემიძლია, პრაქტიკულად გავაგრძელო ფიზიკის შესწავლა ამ საგნის კლასიკურ ჩარჩოებში და ა. შ. მოვლენისადმი ერთგულება არის რეალური (აზრისმიერი და პრაქტიკული) გარღვევა იმ კონკრეტულ წესრიგში (პოლიტიკური, სასიყვარულო, მხატვრული, სამეცნიერო...), რომელშიც მოვლენა განხორციელდა.

ვუწოდოთ „ჭეშმარიტება“ (ერთ-ერთი ჭეშმარიტება) რაიმე მოვლენისადმი ერთგულების რეალურ პროცესს. ის, რაც ამ ერთგულებით არის განაპირობებული შესაბამის სიტუაციაში. მაგალითად, 1966-1976 წლების პერიოდში ფრანგი მაოისტების პოლიტიკა, რითაც მოიაზრება ერთგულების გააზრებისა და განხორციელების მცდელობა ორ ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვულ მოვლენასთან: ჩინეთის კულტურულ რევოლუციასა და საფრანგეთის 1968 წლის მაისის მოვლენას შორის, ან ეგრეთწოდებული „თანამედროვე“ მუსიკა (მისაღები, თუმცა, უცნაური სახელდება), რომელიც რჩება ერთგული გასული საუკუნის დასაწყისის დამამშვენებელი დიდი მიღწევებისა, ანდა იმავე საუკუნის ორმოცდაათიანი-სამოციანი წლების ალგებრული გეომეტრია, რომელიც ერთგულია სამყაროს გაგების (გროტენდიკისეული აზრით) კონცეპტის და ა.შ. არსებითად, ჭეშმარიტება არის სიტუაციაში წარმოჩენილი მოვლენის სიტუაციისავე შემავსებლით დატოვებული მატერიალური კვალი. მაშასადამე, ერთგვარი იმანენტური გარღვევა. „იმანენტური“ იმდენად, რამდენადაც ამ სიტუაციაში, და არსად სხვაგან, ხორცს ისხამს რაიმე ერთი ჭეშმარიტება. არ არსებობს ჭეშმარიტებათა ზეცა. „გარღვევა“, ვინაიდან ის, რაც შესაძლებელს ხდის ჭეშმარიტების პროცესს, - მოვლენა, - არ ექვემდებარებოდა არც სიტუაციისათვის ნიშანდობლივ გამოყენებას და არც არსებული ცოდნის საზღვრებში გააზრებას.

ასევე, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჭეშმარიტების პროცესი ჰეტეროგენულია სიტუაციისთვის დადგენილ ცოდნათა სიმრავლისთვის. ან, ლაკანის გამოთქმის თანახმად, ის არის ერთგვარი „ხვრელი“ ცოდნათა სიმრავლეში.

ვუწოდოთ „სუბიექტი“ ერთგულების საყრდენს, მაშასადამე, მას, ვინც ჭეშმარიტების პროცესის მატარებელი, მისი საყრდენია. სუბიექტი არანაირად წინ არ უსწრებს (pré-existe) პროცესს. იგი აბსოლუტურად არ არსებობს „მოვლენამდე“ არსებულ სიტუაციაში. შეიძლება ითქვას, რომ ჭეშმარიტების პროცესი იწვევს სუბიექტის ინდუცირებას.

აღნიშნულთან მიმართებით საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთად შემეცნებული „სუბიექტი“ არ ეშრევებოდეს ფსიქოლოგიურ სუბიექტს, ან რეფლექსიის სუბიექტს (დეკარტისეული აზრით), ან ტრანსცენდენტურ სუბიექტს (კანტისეული აზრით). მაგალითად, სასიყვარულო შეხვედრისადმი ერთგულებით ინდუცირებული სუბიექტი, სიყვარულის სუბიექტი, არ არის მორალის კლასიკოსთა მიერ აღწერილი „შეყვარებული“ სუბიექტი. რადგან ასეთი ფსიქოლოგიური სუბიექტი ეთანადება ადამიანის ბუნებას, ვნებათა ლოგიკას. მაშინ როდესაც იმ სუბიექტს, რომლის შესახებაც ჩვენ ვლაპარაკობთ, არ გააჩნია არანაირი „ბუნებრივი“ ეგზისტენციამდელი (პრéეხისტენცე) არსებობა. შეყვარებულები, როგორც ასეთები, მოიაზრებიან სიყვარულის ერთი სუბიექტის სახით, რომელიც ერთსაც აღემატება და მეორესაც.

ასევე, რაიმე სახის რევოლუციური პოლიტიკის სუბიექტი არც ინდივიდუალური აქტივისტი-მებრძოლია და არც ერთგვარი „კლასი-სუბიექტის“ ქიმერა. ეს არის თავისებური პროდუქტი სხვადასხვა სახელდებით (ზოგჯერ „პარტია“, ზოგჯერ არა). და, რა თქმა უნდა, ცხადია, აქტივისტი მოიაზრება ამ სუბიექტის კომპოზიციით, რომელიც ასევე აღემატება მას (სწორედ ეს ნამეტი ხდის მას როგორც უკვდავს).

იგივე ითქმის ხელოვნების პროცესის სუბიექტზეც, იგი არ არის ხელოვანი („გენია“ და ა.შ). მართლაც, ხელოვნების წერტილოვანი-სუბიექტები არიან ხელოვნების ქმნილებები. ხოლო ხელოვანი იჭრება ამ სუბიექტთა კომპოზიციაში (ქმნილებები „მისია“), თუმცა შეუძლებელია მათი რედუცირება „მასზე“ (და, გარდა ამისა, რომელ „მასზე“ იქნებოდა ლაპარაკი?).

მოვლენები არიან არარედუცირებადი ერთეულები, სიტუაციების „კანონს-მიღმა“ არსებულები. ჭეშმარიტების ერთგული პროცესები არიან ყოველ ჯერზე მთლიანად გამოგონებული იმანენტური გარღვევები. სუბიექტები, რომლებიც არიან ჭეშმარიტების პროცესის ლოკალური შემთხვევითობები (ჭეშმარიტების „წერტილები“) კერძო და არაშედარებადი ინდუქციებია.

ასეთ სუბიექტებთან მიმართებით შესაძლოა, მართებულია ლაპარაკი „ჭეშმარიტებათა რაღაც ერთგვარი ეთიკის“ შესახებ.