petriwis portali

გონების ერთიანობა ისტორიაში, დროში, სივრცესა და სხვადასხვა კულტურაში (ჩემი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესების ჭრილში)

ჰელმუტ შნაიდერი

გონების ერთიანობა ისტორიაში, დროში, სივრცესა და სხვადასხვა კულტურაში (ჩემი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესების ჭრილში)

11.02.2021

ჰეგელი

ჩემი კვლევის სფეროთა და მიმართულებათა შორის შინაგანი კავშირი არსებობს, რასაც უზრუნველყოფს გონების ერთიანობა სივრცეში, დროსა და ისტორიაში. ფილოსოფიის ისტორიაში ყოველთვის არსებობდა იმგვარი ეპოქები და პიროვნებები, რომლებმაც მომავალი აზროვნების განვითარებაზე დიდი მნიშვნელობა იქონიეს. ფილოსოფიის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომლებსაც თეორიათა და იდეათა უმაღლესი განვითარება მოჰყვა შედეგად, განსაკუთრებით აისახა ბერძნულ ფილოსოფიასა (სოკრატე, პლატონი, არისტოტელე) და გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიაში (კანტი, ფიხტე, შელინგი, ჰეგელი და მთელი გერმანული იდეალიზმი). ჰეგელის ფილოსოფიამ კი მარქსისა და მარქსიზმის მეშვეობით საყოველთაო, მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა. ჩემი გამოკვლევები ჰეგელის შესახებ მოიცავს როგორც მის ნაშრომთა გამოცემებს, ასევე მისი ფილოსოფიის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპისა და პერიოდის ანალიზსა და ინტერპრეტაციას. ამ კვლევით სამუშაოს მე დღესაც ვაგრძელებ. ჰეგელის ფილოსოფია - მისი კომპლექსური და რთული ბუნებიდან გამომდინარე - ჯერჯერობით ისევ არ არის სათანადოდ ახსნილი და გაგებული. ის მომავალი აზროვნების განვითარების ჭრილშიც უაღრესად მნიშვნელოვანია. ჰეგელის ფილოსოფიას აკადემიური სივრცის მიღმაც კი უაღრესად აქტუალურია, რადგან ის თანამედროვეობის ბევრ კითხვაზე ადეკვატურ პასუხს გვაწვდის და საორიენტაციო გზებს გვთავაზობს. ჰეგელის ფილოსოფიის შესწავლასა და ინტერპრეტაციას ეძღვნება ჩემ მიერ დაარსებული და ჩემივე რედაქტორობით გამოცემული სამეცნიერო პერიოდიკის ორგანოები: „Jahrbuch für Hegelforschung“ (ქართ.: „ჰეგელის კვლევათა წელიწდეული“, დღემდე გამოცემულია 21 ტომი), „Hegeliana. Quellen und Studien zur Philosophie Hegels und des Hegelianismus“ (ქართ.: „ჰეგელიანა. წყაროები და კვლევები ჰეგელისა და ჰეგელიანიზმის ფილოსოფიის შესახებ“, გამოცემულია 24 ტომი), „Hegel heute“ (ქართ.: „ჰეგელი დღეს“, დღემდე გამოცემულია 3 ტომი). სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს ესთეტიკის შესახებ ჰეგელის ლექციათა ხელნაწერების გამოცემა და ჰეგელის ესთეტიკის შესახებ წიგნის გამოქვეყნება. გარდა ამისა, ჩემი სამეცნიერო შესწავლის საგანია ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის ცენტრალური ცნებები, რომელთა შესახებაც არაერთი გამოკვლევა მაქვს გამოქვეყნებული.

ინტერკულტურული ფილოსოფია

ფილოსოფია მხოლოდ ევროპაში კი არ წარმოშობილა, არამედ ის მსოფლიოს ყველა მაღალი კულტურის არსებითი შემადგენელი ნაწილია. ადამიანი ფილოსოფიური, მეტაფიზიკური ცხოველია. არსებობს ერთი გონება, რომელიც ყველა კულტურასა და დროში, მიუხედავად განსხვავებული გარემო პირობებისა და გამოხატვის ფორმებისა, თავისი თავის იდენტური რჩება. მიუხედავად დასავლური და აღმოსავლური ფილოსოფიების გარეგანი განსხვავებისა, მარადიული პრობლემების თაობაზე ისინი დიდ მსგავსებასაც ავლენენ ერთმანეთთან. ე.წ. „მარადიული ფილოსოფია“ როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში პოვებს გამოხატულებას. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ორივე ფილოსოფიური განშტოება ზეგავლენასაც კი ახდენს ერთმანეთზე. ჯერ კიდევ ლაიბნიცი მიუთითებდა ჩინური ფილოსოფიის მნიშვნელობაზე დასავლეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ ფილოსოფიას იგი თეორიული ფილოსოფიის განვითარების კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, ჩინელთა პრაქტიკულ ფილოსოფიას დასავლურზე აღმატებულად მიიჩნევდა. ამ სახით ორივე ფილოსოფიას ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია. სწორედ ეს არის ინტერკულტურული ფილოსოფიის თეორიული დასაბუთების მთავარი საფუძველი. ამ კუთხით ჩემი განსაკუთრებული კვლევითი ინტერესის სფეროს წარმოადგენს აზიური ფილოსოფია, უწინარეს ყოვლისა, ინდური, ჩინური და იაპონური ფილოსოფია. აღმოსავლური ფილოსოფიის ინტენსიური შესწავლისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კიდევ უფრო მეტად განვითარების მიზნით დავაფუძნე „აზიური ფილოსოფიის საზოგადოება“ („Gesellschaft für Asiatische Philosophie“) და „აზიური ფილოსოფიის წელიწდეული“ („Zusammenhänge. Jahrbuch für Asiatische Philosophie“). ჩემი სამეცნიერო ინტერესების სფეროს ასევე წარმოადგენს ლაო-ძის ფილოსოფია და იაპონური ძენ-ბუდიზმის ესთეტიკა.

ფილოსოფიური გეოგრაფია ანუ გეოფილოსოფია

ჩემი კვლევა-ძიების მომდევნო სფეროს წარმოადგენს ფილოსოფიური გეოგრაფია ანუ გეოფილოსოფია, რომელიც იკვლევს ფილოსოფიისა და გეოგრაფიული სივრცის ურთიერთკავშირს. ჩემი ერთ-ერთი ნაშრომი ეხება ზღვის როლსა და მნიშვნელობას მსოფლიო ისტორიაში. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ამ კონტექსტში საგანგებო ყურადღებას ვაქცევ, არის „ევროპა ფილოსოფიურ პერსპექტივაში“ (ამ კუთხით ერთ-ერთი საინტერესო საკვლევი საკითხია „ჟაკ დერიდა ევროპის შესახებ“).

ფილოსოფიური ურბანისტიკა

ფილოსოფიური ურბანისტიკის საკვლევი საგანია ქალაქი, როგორც რეპრეზენტაციის სივრცე. ამ პრობლემას ეხება ჩემი ნაშრომები: „დიდი ქალაქის სიმბოლიკა“ და „უტოპიური ქალაქის სიმბოლიკა“. ამ გამოკვლევებში ინტერდისციპლინურ ჭრილში ერთმანეთს უკავშირდება არქიტექტურის თეორია და ქალაქის სემიოტიკა. ამ კვლევითი მიმართულების სანიმუშო მოდელებად კი გამოდგება ვალტერ ბენიამინის (1892-1940 წწ.) ნაშრომები პარიზის შესახებ და როლან ბარტის (1915-1980 წწ.) ნაშრომები ტოკიოს შესახებ.

შეწირვისა და წყალობის ფილოსოფია

ფრანგი ეთნოლოგისა და სოციოლოგის მარსელ მოსის (1872-1950 წწ.) ერთ-ერთი მთავარი ნაშრომის საფუძველზე ბოლო ათწლეულებში აქტუალური გახდა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება შეწირვისა და წყალობის ფილოსოფიის შესახებ. ამ თემის შესახებ მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვთ ცნობილ ფრანგ მოაზროვნეებს: იმანუელ ლევინასს, ჟაკ დერიდასა და ლუკ მარიონს. შესაწირი არა მარტო სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების, არამედ რელიგიური ცხოვრების მთავარი ფორმაა. ამდენად, ამ ფენომენის შესწავლის პროცესში აუცილებელია კულტურის მეცნიერებათა ინტერკულტურული პერსპექტივის გათვალისწინება. ეკონომიკურ სფეროში საკუთრებისა და მფლობელობისადმი ურთიერთმიმართების ერთ ასპექტს ქმნის შესაწირი, როცა ის აღქმულია როგორც გაცვლა ან ფული. სოციალურ სფეროში შესაწირი აღქმულია როგორც საჩუქარი, ხოლო რელიგიურ სფეროში კი ის წარმოადგენს მსხვერპლშეწირვას. შეწირვისა და წყალობის დიალექტიკა აღმოცენდება შემწირველის, მისი მიმღებისა და თავად შესაწირის ურთიერთმიმართებიდან. შემწირველის ეთიკური ასპექტები კი უნდა ვეძიოთ ფლანგვისა და მომჭირნეობის რადიკალურ პოლუსებს შორის. შესაწირის სახეობა, ისევე როგორც შესაწირის მიღება და გამოყენება, ეთიკურად შეიძლება იყოს გააზრებული და შეფასებული. შეწირვა-მიღების პროცესში კი წარმოიშობა მადლიერების გრძნობა. ამ საკითხების შესახებ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა კი უნდა აერთიანებდეს ფილოსოფიას, სოციალურ მეცნიერებებსა და კულტურის მეცნიერებებს.