petriwis portali

ქრისტეშობა

მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი

ქრისტეშობა

06.01.2022

მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი, ერისკაცობაში ანდრია ბორისის ძე ბლუმი (1914-2003 წწ.) რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავარი, სუროჟის მიტროპოლიტი გახლდათ; 1965-1974 წლებში იგი იყო პატრიარქის ეგზარქოსი დასავლეთ ევროპაში. მიტროპოლიტი ანტონი ავტორია მრავალრიცხოვანი წიგნებისა, მემუარებისა და სტატიებისა მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების შესახებ. იგი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მქადაგებელი იყო მართლმადიდებლურ სამყაროში. ამასთანავე, მისი შრომებით დაინტერესებული იყვნენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლებიც. მისი თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მიტროპოლიტი ანტონი იყო სხვადასხვა ეკლესიების მიერ მინიჭებული ჯილდოების მფლობელი, ასევე, მოსკოვისა და კიევის სასულიერო აკადემიებისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მისი მთავარი ნაშრომებია: „ცოცხალი ლოცვა“ (1966 წ.), „ლოცვის სკოლა“ (1970 წ.), „ღმერთი და ადამიანი“ (1971 წ.), „ლოცვის გაბედულება“ (1973 წ.), „შეხვედრა“ (2005 წ.), „ქრისტეს ცოცხალი სხეული“ (2007 წ.) და სხვ. მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის ქვემოთ წარმოდგენილი ფრაგმენტი ქართულად ითარგმნა შემდეგი გამოცემიდან: Антоний, Митрополит Сурожский, Труды, книга первая, Перевод: Т. Л. Майданович, Е. Л. Майданович, А. И. Кырлежев, Е. В. Шoxинa, Москва: «Практика», 2012, გვ. 967-969.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

წლიდან წლამდე გვიბრუნდება ქრისტეშობის ნათელი, სიხარულით აღსავსე დღესასწაული. ყოველ წელს ჩვენ მის საზრისს ახალი ძალით განვიცდით, რადგანაც ის ყოველწლიურად ახალი შინაარსით მდიდრდება და ახალი სიხარულით გვავსებს.

წმიდა წერილი გვეუბნება, რომ ღმერთმა ისე შეიყვარა სოფელი, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა მას გამოხსნისათვის. კაცობრიობის ისტორიული გამოცდილებიდან ვიცით, რომ სიყვარული თავის სისავსეს აღწევს მაშინ, როდესაც ადამიანს შეუძლია თავისი სიცოცხლე, სული დასდოს თავისი მოყვასისთვის. იმისათვის, რათა მიეცა საკუთარი ძე დაცემული ადამიანების ხსნისათვის, ღმერთს ძალზე ძლიერად უნდა ვყვარებოდით! - და არა მხოლოდ წარსულში, არამედ აწმყოშიც!

მახსენდება, თუ როგორ გაგზავნა ომის დროს ერთმა ოფიცერმა საკუთარი ვაჟი სასიკვდილოდ, რათა სხვა ჯარისკაცები ეხსნა. ვიღაცამ ჰკითხა მას: „როგორ გააგზავნე ის და არა ვინმე სხვა?“. მისი პასუხი კი ასეთი იყო: „მე ადამიანი სასიკვდილოდ გავგზავნე და შემეძლო გამეგზავნა მხოლოდ საკუთარი ვაჟი; მაგრამ სხვა დედის, სხვა მამის შვილის გაგზავნა არ შემეძლო“. ამ ადამიანმა ნამდვილად, რეალურად განიცადა ის, რაც აღესრულა ქრისტე მაცხოვრის განკაცებით: ღმერთმა იმდენად შეგვიყვარა, რომ მხოლოდ მის ძეს თავისი სიკვდილით, თავისი ცხოვრებით შეეძლო ჩვენი ხსნა - სხვისი გაგზავნა არ შეიძლებოდა!

მაშ, რაზე მოგვითხრობს ეს სიყვარული? ის გვეუბნება, რომ ღმერთს სწამს ადამიანისა. დიახ, ჩვენ გვწამს ღმერთის, მაგრამ ჩვენ არ გვწამს მისი თვით მთელი ჩვენი ცხოვრებით, ღმერთს კი ადამიანისა სწამს თავისი მხოლოდშობილი ძის მთელი ცხოვრებითა და მთელი მისი ტრაგიკული, მოწამეობრივი სიკვდილით. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ სიყვარულს? პასუხის გაცემა შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გულში ღრმად ჩავიბეჭდავთ ამ ტრაგედიის სიმწვავეს - რომ ჩვენი ცოდვების გამო ძე ღვთისა, კურთხეული მამის წიაღში მყოფი, უნდა გამხდარიყო ადამიანი და მომკვდარიყო საშინელი სიკვდილით, რომელზეც უკვე ჩვენც გვაქვს წარმოდგენა ბოლო ათწლეულების ისტორიიდან, რადგანაც - ჰოი, ღმერთო! - რამდენი მოწამე განიგმირა მთელს დედამიწაზე ადამიანური სიძულვილისა და განუკითხაობის გამო. გავიაზროთ და გავითავისოთ, რომ ღმერთის სიყვარულს შეგვიძლია მხოლოდ სინანულით გამოვეპასუხოთ, ე.ი. უნდა ჩავიხედოთ საკუთარ თავში, გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა ქრისტე მაცხოვრის განკაცებასა და ჯვარცმაზე და დავიწყოთ ცხოვრება, რომელიც ღირსი იქნებოდა მისი მსხვერპლად გაღებული, ჯვარცმული სიყვარულისა. ეს კი შეიძლება გამოხატულ იქნეს არა მხოლოდ დიად საქმეებში, არამედ ყოველდღიურობაში, რადგანაც სახარების სიტყვებით - არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის (ინ. 15.13) - მუდმივად შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ. „სიცოცხლე დასდო“ არ ნიშნავს - „მოკვდე“! ეს, უპირველესად, ნიშნავს საკუთარი ცხოვრების საიმისოდ მიძღვნას, რომ სხვა ადამიანისთვის ცხოვრება შესაძლებელი ან უფრო მსუბუქი გახდეს; რათა ადამიანი მოძლიერდეს და მიიღოს ნუგეში, სიხარული; რათა ადამიანი მატერიალურადაც არ მოკვდეს ჩვენს თვალწინ, არ შიმშილობდეს, არ იყინებოდეს, არ იყოს უსახლკარო და მიტოვებული. ეს არ ნიშნავს სიკვდილით სიკვდილს, არამედ ნიშნავს მოკვდე საკუთარი თავისთვის, დაივიწყო საკუთარი თავი, გახსოვდეს სხვა და ამის შესაბამისად იმოქმედო კიდეც.

სწორედ ასე შეგვიყვარა ღმერთმა. ნუთუ არ შეგვიძლია ამგვარ სიყვარულს გამოვეპასუხოთ ჩვენი ცხოვრების ცვლილებით, ამ სიყვარულის ღირსი კრებულის, ჩვენი საზოგადოების შენების დაწყებით? ღმერთს სწამს ჩვენი. ღმერთი ჩვენგან ყოველივეს მოელის, ყოველივეს იმედი აქვს და მას ვუყვარვართ თავისი ცხოვრებითა და სიკვდილით. ამის გამო ჩვენი მაცხოვრისა და ჩვენივე საკუთარი თავის ღირსი უნდა შევიქნათ, რადგანაც ღმერთი, რომელსაც ასე ვუყვარვართ, ღაღადებს ჩვენს საკუთარ ღირსებაზე, მეტყველებს იმაზე, თუ რანი ვართ ჩვენ მისთვის. დაე, ვიყოთ ჩვენივე თავის, ღვთაებრივი სიყვარულისა და იმ ადამიანების სიყვარულისა და თანაგრძნობის ღირსნი, ვინც ჩვენს ირგვლივაა! დაე, ეს ქრისტეშობა იყოს ჩვენთვის ახალი მუხტის მომცემი, რათა ახალი ძალით, ახალი სიღრმით შევიმეცნოთ ადამიანის სიდიადე, რადგანაც ღმერთმა, რომელიც გახდა ადამიანი, გვაჩვენა, რომ ადამიანი იმდენად ღრმა, იმდენად ვრცელი, იმდენად უძიროა, რომ მას შეუძლია შეუერთდეს ღმერთს ისე, რომ არ დაამცროს ის, ან ღვთაების ალში არ დაიწვას. აი, ვინ ვართ ჩვენ და ვინ არის ის. დაე, გვახსოვდეს ადამიანის სიდიადე თითოეულ ჩვენგანში! არა მხოლოდ საკუთარ თავში, რადგანაც მასში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ცოდვილიანობაც, არამედ გავიხსენოთ ეს, როდესაც შევხედავთ ადამიანებს ჩვენს ირგვლივ, მათ, რომლებიც, შესაძლოა, დიდად არც მოგვდის თვალში, არ არიან ჩვენთვის ძვირფასები და არაფრით გამოირჩევიან, შესაძლოა, გვეზიზღებიან კიდეც, თუმცა, შევჩერდებით და ვიტყვით: ეს ადამიანი მოწოდებულია ხატად, ქრისტეს ცოცხალ ხატად ყოფნისთვის - ის სულიწმიდის ტაძარია და ღმერთს სწამს მისი! ღმერთს იმდენად სწამს მისი, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა სასიკვდილოდ, რათა იხსნას ის, ისინი. ამინ!