petriwis portali

განათლების ფილოსოფიური ასპექტები და საქართველო

გიორგი გოგუა

განათლების ფილოსოფიური ასპექტები და საქართველო

17.01.2022

განათლება და ფილოსოფია, მართალია დღეს ორი სხვადასხვა რამეა, მაგრამ ერთ დროს, როდესაც ანტიკურ საბერძნეთში ფილოსოფიას ეყრებოდა საფუძველი, ისინი ერთმანეთის ტოლფასი იყვნენ. ეს დრო და ადგილი, კაცობრიობის აზროვნების ისტორიის გარიჟრაჟს წარმოადგენს. ძველი ბერძნული ცივილიზაცია უნიკალური ცხოვრების წესითა და აზროვნებით გამოირჩეოდა. თავისი ტრადიციებით, კულტურით, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოწყობის საინტერესო მოდელებით თუ მმართველობის ფორმებით, მან უდავოდ მდიდარი და, შეიძლება ითქვას, შეუფასებელი მემკვიდრეობა დაუტოვა კაცობრიობას. მოგვიანებით, სწორედ მის წიაღში შექმნილ სააზროვნო ტრადიციას, ერთი მხრივ, რომაულ სამართალსა და სახელმწიფო მართვის გამოცდილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქრისტიანობას, როგორც წიგნიერ რელიგიას დაეფუძნა და დღემდე ეფუძნება თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია.  

ფილოსოფიამ განათლების (ამ ცნების ფართო მნიშვნელობით) გაგებაში, მისი როლისა და ფუნქციის განსაზღვრებაში იმთავითვე შეიტანა თავისი განსაკუთრებული წვლილი. ეს  დამსახურება, ცხადია შემდგომ ეპოქებშიც იქნა სათანადოდ შეფასებული და დაფასებულიც. ამ კუთხით, თანამედროვე განათლების თეორია და ფილოსოფია გამოკვეთს განათლების გაგების ორ საინტერესო სისტემას, სადაც ერთმანეთთან შეპირისპირებულია ანტიკური საბერძნეთის ორი დიდი მოაზროვნის პითაგორასა და პლატონის (უფრო ზუსტად პლატონ-მარციანუსის) ეპისტემოლოგიური პარადიგმები სწავლისა და სწავლების მიზნის, მეთოდისა და დანიშნულების შესახებ. პითაგორას მოდელის თანამედროვე გააზრებით, განათლების სისტემა, მის ყველა დონეზე, არ უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ გარემომცველი სამყაროს სურათ-ხატების უბრალო აღწერასა და გაგებას, არამედ ის „ახლის“ შექმნაზეც უნდა იყოს ორიენტირებული. ამ „ახლის“ შექმნაში იგულისხმება ის, რაც დღეს თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების პირობებში ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისის გაჩენას გულისხმობს. განათლების ფილოსოფიის თანამედროვე გაგებით ესაა ის ძირითადი ამოცანები, რომელმაც იმავდროულად კაცობრიობის მომავლის გამოწვევებსაც უნდა უპასუხოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ კონცეფციის თანახმად, განათლების სისტემის არსებითი ფუნქცია დროისა და ეპოქის შესაფერისი მოთხოვნებიდან უნდა გამომდინარეობდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლების პროცესში, მოსწავლეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მისი ინტელექტუალური რესურსი და დრო არა „შექმნილის“ და არსებულის გამოკვლევას, არამედ, „შესაქმნელის“ აღმოჩენასა და ძიებას მიუძღვნას. პითაგორა, განსხვავებით პლატონისგან, მატერიალისტი მოაზროვნე იყო, მას ციფრებთან და გეომეტრიასთან ჰქონდა ურთიერთობა, შესაბამისად ცდილობდა განათლების მნიშვნელობაც ამქვეყნიური, ანუ მიწიერი წესრიგისა და კეთილდღეობის კონტექსტში დაენახა და მისი საჭიროებებისთვის მოერგო. თუმცა, მისი კონცეფციას, იდეალისტი ფილოსოფოსის, პლატონის კონცეფციამ აჯობა, რომელსაც დღემდე ეყრდნობა თანამედროვე განათლების სისტემაც. ამ კუთხით, პლატონის გავლენა, იმითაც იყო განპირობებული, რომ იგი პირველი ფილოსოფოსი იყო, რომელმაც ფაქტობრივად დააფუძნა საგანმანათლებლო ინსტიტუცია - აკადემია, აკადემოსის ჭალაში (ტოპონიმი, საიდანაც მომდინარეობს სიტყვა აკადემია). პლატონის ფილოსოფიური იდეები იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა კაცობრიობის აზროვნების შემდგომი ეტაპებისთვის, რომ მისი ფილოსოფია ფართოდ იქნა ასახული შემდგომი დროის დიდი მოაზროვნეების ნაშრომებში და ეს ინტერესი დღემდე არ წყდება.

სწორედ პლატონისეული იდეების გაგრძელებად მიიჩნევა თანამედროვე განათლების სისტემის ეპისტემოლოგიური მოდელი. „ეიდოსი“ ანუ იდეების თეორია, რომელიც იდეების და მეტაფიზიკური ეგზისტენციის სახით ჩამოაყალიბა პლატონმა, უნივერსალური ჭეშმარიტებების ჭვრეტას და შეცნობას ისახავდა მიზნად. ამ საქმეში, პლატონმა დიალექტიკური მოძღვრება გამოიყენა, რომელიც თავის მხრივ, შემეცნების თეორიის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტს წარმოადგენს.

მოგვიანებით, ცნობილმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა ალფრედ ნორთ უაითჰედმა (1861-1946), რომელიც პლატონის ფილოსოფიის ერთ-ერთი საუკეთესო ინტერპრეტატორი გახლდათ, მისი გავლენის მასშტაბების შეფასებისას საინტერესო რამ თქვა: „ევროპული ფილოსოფიური ტრადიციის სანდო და უმთავრესი დახასიათება ამგვარად ჟღერს: ის პლატონზე გაკეთებულ შენიშვნათა რიგისგან შედგება; აქ არ ვგულისხმობ სისტემურ აზრობრივ სქემებს, რომლებიც მეცნიერებმა დაეჭვებით ამოიღეს მისი ნაწერებიდან. მე მივუთითებ მათი მეშვეობით მიმოფანტული მთავარი იდეების საგანძურზე. პლატონის პირადმა ნიჭმა, ცივილიზაციის დიადი პერიოდის განცდის ფართო შესაძლებლობებმა, მისმა მემკვიდრეობამ ინტელექტუალურ ტრადიციაში, რომელიც არ გაქვავებულა უზომო სისტემატიზაციისას, მისი ნაშრომები შთაგონებათა უშრეტ საბადოდ აქცია.“

განათლების საკითხი (პრობლემა) პლატონის ეპისტემოლოგიური პარადიგმის მიხედვით, მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კაცობრიობის შემდგომი სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ფორმაციებისთვის, რადგან ადრეული საუკუნეებიდან მოყოლებული იგი დღემდე თანამედროვე განათლების ქვაკუთხედს წარმოადგენს. საინტერესოა, რომ პლატონის იდეებმა და კონცეფციამ შუა საუკუნეების საქართველოშიც ჰპოვა ერთობ ორიგინალური ასახვა. ამ თვალსაზრისით ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარების ისტორიაში XII საუკუნის საქართველო უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს, მათ შორის ფილოსოფიური ტოპოსის/კერის შექმნის თვალსაზრისითაც. გელათის აკადემია, რომელიც მეფე დავით IV აღმაშენებლის ინიციატივით დაფუძნდა სამონასტრო კომპლექსში, იყო იმდროინდელი საქართველოს ნამდვილი ინტელექტუალური და სულიერი ცენტრი. აკადემიაში მოღვაწეობდა იოანე პეტრიწი, მართალია, პეტრიწის შესახებ არსებული ბიოგრაფიული ცნობები მწირია, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი თავის დროის გამორჩეული ფილოსოფოსი და  მოაზროვნეა. დავით აღმაშენებელმა  „გელათის პროექტის“ სახით, სწორედ მას ჩააბარა სახელმწიფოში წიგნიერების, სწავლების და განათლების საქმე. ეს უაღრესად საპასუხისმგებლო დავალება, პეტრიწმა ღირსეულად შეასრულა. მართალია მას უშუალოდ განათლების, სწავლებისა და აღზრდის საკითხთა შესახებ, კონკრეტული შრომა არ შეუქმნია, თუმცა იგი თავად გახლდათ ბრწყინვალე აღმზრდელი და მასწავლებელი. მის მიერ შესრულებული, ბერძნულიდან თარგმნილი, მასალებით (მათ შორის, პროკლე დიადოხოსის „თეოლოგიის საწყისებით“) გელათის აკადემიის მოწაფეები, ქრისტიანულ სწავლებასთან ერთად, დიდ ბერძენ ფილოსოფოსთა ნააზრევს ეზიარებოდნენ. საქართველოში პლატონის ფილოსოფიისადმი არსებული უფრო დიდი ინტერესიდან გამომდინარეობდა, მისი განათლების კონცეფცია მკვიდრდებოდა. ამას თვისი ახსნაც აქვს, პლატონის ფილოსოფია უფრო ახლოს იდგა ქრისტიანული სარწმუნოების მეტაფიზიკურ და მორალურ ხედვებთან, ვიდრე პითაგორასი.  

გელათისა და პეტიწის საგანმანათლებლო ტრადიცია შემდგომი საუკუნეების სხვა საინტერესო ქართველ მოაზროვნეებშიც გაგრძელდა. ამ თვალსაზრისით, გამორჩეული ფიგურაა გამოჩენილი ქართველი მოაზროვნე იოანე ბაგრატიონი (1768-1830). მის  თხზულებას - „კალმასობა“ - ქართული ფილოსოფიური აზრის განვითარების ისტორიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ იოანე ბაგრატიონი პლატონის შრომებს, რომელიც მისი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა, პირველ რიგში სწორედ იოანე პეტრიწის თარგმანებიდან იცნობდა.  მართალია, თავად იოანე ბაგრატიონს, მძიმე ხვედრი არგუნა განგებამ და საქართველოს ისტორიული ბედუკუღმართობის გამო იგი 1801 წელს რუსეთში გადაასახლეს, მაგრამ იოანე ბაგრატიონმა გადასახლებაშიც მოახერხა ფასდაუდებელი სამეცნიერო და ლიტერატურული საქმიანობა გაეწია, რომელმაც კიდევ უფრო გაამდიდრა იმჟამინდელი ქართული კულტურა. იოანე ბაგრატიონის „კალმასობა“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელიც ფილოსოფიურ-ლიტერატურული თხრობის ქარგით (დიალოგი, პლატონის მსგავსად) კარგად აჩვენებს იოანე ბაგრატიონის მსოფლმხედველობისა და ცოდნის ფართო თვალსაწიერს. ამასთანავე, „კალმასობაში“ გადმოცემული საკითხები ასახავენ განათლების, სწავლის, აღზრდისა და  ეთიკის  იმდროინდელ  პრიორიტეტებს.

იოანე ბაგრატიონისა მისი თაობის ინტელექტუალთა შემდგომ, ქართული განათლების სისტემაში ფილოსოფიის როლი დაქვეითდა. მეტიც, ქვეყნის მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა, პირველ რიგში კი სუვერენიტეტის არ ქონა და დამპყრობელთა იდეოლოგიური გავლენები  არ იძლეოდა ხელსაყრელ შესაძლებლობას საიმისოდ, რომ მომხდარიყო ქართული ინტელექტუალური მემკვიდრეობის სათანადო შეფასება და სისტემური ანალიზი.

ჩვენი ინტელექტუალური წარსულის შესწავლა და მისი ახლებურად გააზრება თანამედროვე ქართული ფილოსოფიის საქმეა. აზროვნების ის უნიკალური ტრადიცია და გამოცდილება, რომლითაც საქართველოში ფილოსოფიურ და თეოლოგიურ საკითხებს სწავლობდნენ უთუოდ ღირებულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. ეს, ასევე შეიძლება დაგვეხმაროს თანამედროვე ქართული განათლების სისტემის დახვეწისა და გაუმჯობესების საქმეშიც, რომელმაც თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევებს უნდა უპასუხოს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • თევზაძე, გ. საბოლოო ფილოსოფია, თბილისი, 2017.
  • ირემაძე, თ. შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია, თბილისი, 2019.
  • ირემაძე, თ. იოანე პეტრიწის ფილოსოფია, თბილისი, 2021.
  • ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის ნარკვევები, გამომც. „მეცნიერება“, თბილისი, 1974.