petriwis portali

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორების საერთაშორისო გამოცემები

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორების საერთაშორისო გამოცემები

13.11.2023

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორების ახალი საერთაშორისო გამოცემები:

1) ცნობილმა გერმანულმა გამომცემლობამ „ნომოსი“ გამოსცა ჰეგელის კვლევებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო რეფერირებადი წელიწდეულის Jahrbuch für Hegelforschung ახალი, 22-ე ტომი. წელიწდეულის მთავარი რედაქტორია ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი. ამ ტომში ჰეგელის ფილოსოფიის ცნობილი უცხოელი სპეციალისტების გამოკვლევები გარდა, შესულია ახალი საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომელთა სამეცნიერო შრომებიც. აღნიშნული ტომი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: საარქივო დოკუმენტები/მასალები, გამოკვლევები და საინფორმაციო ცნობები/მასალები. ჰეგელის მოწაფეების, ჰაინრიხ გუსტავ ჰოტოსა და ვარნჰაგენ ფონ ენზეს მიმოწერა ეხება ცნობილი გამოცემის „მეცნიერული კრიტიკის წელიწდეულთა“ სარედაქციო საკითხებს (მასალის ავტორები - ჰ. შნაიდერი, ვ. კორნგიბელი). კლაუს-ართურ შაიერი დერიდასა და ჰეგელის შეპირისპირებით ანალიზს ახდენს ნიშანისა და სიმბოლოს ცნებების ჭრილში. ვალტერ ტუდექსი აანალიზებს სპეკულატური და კონსტრუქტიული აზროვნების მოდელებს ჰეგელისა და ჯორჯ სპენსერ ბრაუნის აზროვნებაზე დაყრდნობით. ქენეთ რ. ვესტფალი ჰეგელის სულის/გონის ფენომენოლოგიის სახით კანტის „წმინდა გონების კრიტიკის“ განგრძობად პროექტს მოიაზრებს. მარტინ ვალტერი ჰეგელის ბიბლიოთეკის ზოგიერთი წიგნის ეგზემპლარის შესახებ გვაწვდის საინტერესო ცნობებს, ჯაკომო რინალდი დაწვრილებით/კრიტიკულად განიხილავს 2021 წელს მესინაში (იტალია) ჩატარებულ ჰეგელის დიდ კონგრესს. გიორგი კაპანაძე ვრცელ რეცენზიას წარმოადგენს ჯაკომო რინალდის ახალ მონოგრაფიაზე „ხელოვნების ფილოსოფია, ტ. 1“ (ოქსფორდი, 2021 წ.). წელიწდეული ასევე მოიცავს სხვა მასალებს ჰეგელის აზროვნების შესახებ გამოცემული ახლი ლიტერატურისა და გარდაცვლილი მკვლევრების შესახებ. წელიწდეულისა და მასში შესული გამოკვლევების/სტაიტიების შესახებ იხილეთ შემდეგი ბმული: https://www.nomos-elibrary.de/10.5771/9783985720781/jahrbuch-fuer-hegelforschung?page=1

2) საერთაშორისო რეფერირებად წელიწდეულში „Bochumer Philosophisches Jahrbuch für Antike und Mittelalter“, (Volume 25/2022, pp. 1–77) გამოქვეყნდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის, უდო რაინჰოლდ იეკის ვრცელი გერმანულენოვანი გამოკვლევა სახელწოდებით: „სული - ტვინი - მითოსი. ათენას მითიური შობის ინტერპრეტაცია გალენის მიერ“. აღნიშნული გამოკვლევა შედგება 5 ვრცელი ნაწილის, რამდენიმე ათეული თავისა და ქვეთავისგან. ის ეხება ბერძნულ მითოლოგიაში ზევსის თავისგან ათენას მითიური შობის შესახებ არსებული ენიგმატური იდეების ანალიზსა და ინტერპრეტაციას. ამ უცნაურ მითოლოგემას ზეგავლენისა და განმარტების ხანგრძლივი ისტორია აქვს, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავი ძალით სტოელ ფილოსოფოსებთან არის გადმოცემული. მითოსური ფსიქოლოგიის უაღრესად საყურადღებო ასპექტთა გამოყენებით ათენას მითის ორიგინალურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს სტოელი ფილოსოფოსი ქრიზიპე სოლელი (ძვ. წ. III ს.), რომლის კრიტიკულ განხილვასა და თავად ამ მითის ალეგორიულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს გალენი (ახ. წ. II-III სს.). ამ საკითხთა ამომწურავ განხილვას ეთმობა უდო იეკის გამოკვლევის მეოთხე ნაწილი, ხოლო მეხუთე ნაწილში კი საუბარია ამ მითისა და მისი ინტერპრეტაციის გავლენის ისტორიაზე გვიანანტიკურ ლიტერატურაში, ადრეული შუა საუკუნეების კომენტარებში, ახალი დროის ანატომიასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. გამოკვლევის ბოლოს, „ათენას ცერებრალური შობის“ მითიური ინტერპრეტაციების ანალიზის კვალდაკვალ, ავტორი ტვინის ინტერდისციპლინური კვლევის არაერთ საყურადღებო მომენტს განიხილავს და მათგან მომდინარე დასკვნებსაც საგანგებო ყურადღებას აქცევს. უდო რაინჰოლდ იეკის გამოკვლევის შესახებ იხილეთ შემდეგი ბმული: https://benjamins.com/catalog/bpjam.00082.jec