petriwis portali

სიტყვა ბაიაობის კვირიაკეზე

წმ. ეპიფანე კვიპრელი

სიტყვა ბაიაობის კვირიაკეზე

28.11.2024

წმ. ეპიფანე კვიპრელი († 403 წ.) - IV საუკუნის საეკლესიო მწერალი, სალამინის (კვიპროსი) ეპისკოპოსი - არაერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო თხზულებისა და ქადაგების ავტორია. განსაკუთრებით საგულისხმოა მისი „პანარიონი“, ე.წ. „წამლების ყუთი“, რომელშიც იგი მრავალ ერესსა და ფილოსოფიურ მიმდინარეობას აკრიტიკებს. უნდა ითქვას, რომ ერესებთან დაპირისპირება მისი ღვთისმეტყველების ერთ-ერთი მთავარი მხარეა. მონაზვნური ცხოვრების შემდგომ, 360-იანი წლებიდან, იგი მღვდელმთავარი ხდება. თავისი მოღვაწეობის მანძილზე აქტიურად ებრძოდა აპოლინარიზმს, განსაკუთრებით კი ორიგენიზმს. გარდაიცვალა 403 წელს, კონსტანტინოპოლიდან (სადაც იგი უნებურად ჩართულ იქნა წმ. იოანე ოქროპირის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში) შინ დაბრუნებისას.

ქვემოთ მოცემული ქადაგება თავდაპირველად თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: Слово въ недѣлю Ваій, Святаго Епифанія, епископа Кипрскаго, იხ.: Церковная проповѣдь на Двунадесятые Праздники, слова, бесѣды и поученія Святыхъ Отцевъ и учителей церкви, часть вторая, Киевъ, 1904, გვ. 771-773. ქართული თარგმანი შედარებულია ტექსტის შემდეგ ბერძნულ ვერსიასთან: Εκ λγου ποιο το ν γοις Πατρς μν πιφανου πισκπου, περ Βαων, https://greekdownloads3.wordpress.com/wp-content/uploads/2014/08/homilia-in-festo-palmarum_.pdf. შესაბამისად, ზოგიერთი სიტყვის დაზუსტებისა და პირველწყაროსთან შესადარებლად ტექსტს დაერთო შენიშვნები ცალკეული სიტყვების შესაბამისი ბერძნულენოვანი შესატყვისების სახით.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

ის, ვისაც უწყვეტად უგალობენ და განადიდებენ ანგელოზები, მიწაზე, როგორც ადამიანი, მუხლს იდრეკს მამის წინაშე და ლოცულობს, ზეცაში კი იღებს მუხლმოდრეკასა და ლოცვას მთელი, ხილული თუ უხილავი შესაქმისგან. მიწაზე, როგორც ადამიანს, შიოდა (მთ. 4.2; 21.18), ვინც თავადაა პური, რომელიც ზეცით გარდამოხდა (ინ. 6.41, 51); გამომხსნელი ღვაწლისას [1] სწყუროდა (ინ. 19.28), ღმრთეებრ კი თავად არის წყარო ცხოვრებისა [2], დაშვრებოდა (ინ. 4.6) და თავად განუსვენებს მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა (მთ. 11.28).

იგი ახლა თავისი ნებით სასიკვდილოდ მიემართება, რათა თავისი სიკვდილით განაქარვოს ის, ვისაც ხელმწიფება აქვს სიკვდილისა (ებრ. 2.14), და მისგან უკვდავების მსასოებელთ, სიკვდილით დათრგუნვილთ უკვდავება უბოძოს [3]. მაგრამ, რატომ მიემართება უფალი იესო ქრისტე - ღმერთი სიონს ზედა [7] - არა სკიპტრათა და საყვირთა [4] თანხლებით, არამედ სრულიად გლახაკად, არა მახვილებით, იარაღითა და წათებით [5], არამედ უკიდურესი თავმდაბლობით [6], არა საჭურველთმტვირთველებთან ერთად, მოოქროვილი ფარებით, ჩაფხუტ-მუზარადით, არამედ სიმშვიდით, ურისხველობითა და მოკრძალებით? თუმცა კი, თქმულია: „შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? (მთ. 21.10). და ერი მიუგებდა: ეს არის ქრისტე, ძე დავითისა. იგი შედის ტაძარში და როგორც ღმერთი, თავად საწმიდარზე უწმიდესი [8], განდევნის იქიდან უღირს, ურჯულო და მანკიერ მღვდლებს. ტაძარში მყოფი ყრმები კი ტაძრისადმი, ან, მეტადრე, ღვთისადმი მოშიშებით უღაღადებენ: „ოსანა ძესა დავითისსა“ (მთ. 21.15), რომელსაც მოაქვს „მშვიდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა“ (ლკ. 19.38).

ნეტარია ქრისტიანთა სასოება! ხალხმა ირწმუნა მთავარი მშვიდობისა (ეს. 9.6) და მშვიდობის საბოძვარი - ანგელოზთა და კაცთა თანამკვიდრობა [9]. ქრისტემ გააერთიანა მიწიერი და ზეციური, მოკვდავნი და უსხეულონი. გიხაროდენ ქრისტეში [10]! კვლავ გეტყვით, გიხაროდენ: „იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო“ (ზაქ. 9.9), ახალო იერუსალემ, ეკლესიაო ღვთისა [11]! ჩაუღრმავდი შენი სიხარულის საიდუმლოს! ამაღლდი ხილულზე, რათა სულიერად გაიგო ის, რაც გრძნობადად აღესრულება, რატომ იესო, რომელიც მუდმივად ფეხით დადიოდა, ახლა, და მხოლოდ ახლა ამხედრდა ცხოველზე და განდიდდა? იმისათვის, რათა გაგვაგებინოს საკუთარი ჯვარზე ასვლა. რა არის საპირწონე? ეჭვგარეშეა, რომ მშვიდობის საპირისპირო და მიუღებელი აზროვნება [12], რომელიც გაითავისა „წინაშე საშუებელსა სამოთხისასა“ (დაბ. 3.24) დამკვიდრებულმა ადამიანმა, ვისაც ქრისტემ გაუგზავნა ორი მოწაფე, ე.ი. მისი ორი ნათელი - ძველი და ახალი აღთქმა. რა არის ვირი? ეჭვგარეშეა, ძველი, მრუში სინაგოგა, რომელიც დამძიმებულია მიწიერი საზრუნავით, და რომელზეც ქრისტე ამხედრდა რაღაც დრომდე [13]. ვინ არის კიცვი? ეს მე ვარ, უმცროსი და გაუხედნავი წარმართი ერი, „რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს“ (მკ. 11.2). არც კანონი, არც შიში, არც ანგელოზი, არც წინასწარმეტყველი, არც მოსე, არც წერილი, არამედ მხოლოდ სიტყვა-ღმერთი, რომელიც ჩვენ უსიტყვთათვის ბაგას მიიწვინა ბეთლემს, რათა განგვათავისუფლოს ჩვენი უსიტყვებისაგან და შემდგომ გაგვხადოს ღვთისმეტყველნი. რა არის კიცვის აღხსნა? ეჭვგარეშეა, ჩვენი გათავისუფლება კერპთმსახურებისგან და სისხლიანი მსხვერპლშეწირვის უკუგდება, რომელიც მინიშნებული იყო სისხლმდინარე დედაკაცის შეხებით [14]. ვინც ქირქილებს აღხსნაზე და ამბობს: „რაჲსათჳს აღჰჴსნით“ (ლკ. 19.31) ვირსა დაბმულსა (მთ. 21.2)? - იუდეველნი და დემონებია. რა არის სამოსის დაფენა ყრმათა მიერ? განძარცვა ძველი ადამიანისა [15] და სინაგოგის სიცარიელე და მახინჯი სიშიშვლე [16]. ვინ არიან ღვთისმეტყველი [17] ყრმები? ეჭვგარეშეა, ქრისტეს ეკლესიის ერთგული ხალხის შვილები. მათი დედები ვინ არიან? ნათლობის საბანელი, ერთგულთა განმაახლებელი. რა არის დედის ძუძუნი? ორი აღთქმა, რომლებიც, ორთავე, ჩვენი მასწავლებლებია, რომლებიც გვკვებავენ სულიერი, ზეციური რძით. რა არის ქრისტეს ელეონის მთიდან დაშვება? ეჭვგარეშეა, სხვა არაფერი, თუ არა სიტყვა-ღმერთის ჩვენთან გარდამოსვლა ზეცით. რა არის ზეთისხილის რტონი? მოწყალე [18] სულნი. რა არის გზა? გზა, რომელზეც აფენენ სათნოებათა საქმეებს ძველი კაცის განძარცვისას. რა არის ფინიკის რტოები? მართალთა წმინდა გულები, რომლებიც „ვითარცა ფინიკი, აღყუავნეს და, ვითარცა ნაძჳ ლიბანისა განმრავლდეს. დანერგულნი ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩვენისათა ყუაოდიან“ (ფს. 91. 13-14) და მიმართავენ ჭეშმარიტ ფინიკს [19], რომელიც იმარჯვებს მტარვალსა და ჯოჯოხეთზე, რომლის მბრძანებლობისაგანაც თავად არიან განთავისუფლებულნი ქრისტეს მიერ ძლევით. ვინ არიან წინამავალნი? მართალი წინასწარმეტყველნი. ვინ არიან უკანა მავალნი? მოციქულები და ჩვენც მათთან ერთად, წარმართთაგან მორწმუნენი. რა არის ქალაქი? ამაღლებული იერუსალიმი [20]. რა არის ტაძარი? ზეციური საუფლო, რომლიდანაც ქრისტემ განდევნა იუდეველნი, როგორც უღირსნი.

აი, ასე უნდა გავიგოთ ამ დღესასწაულის ვითარება და წარმოვიდგინოთ ის საიდუმლო, რომელიც აღასრულა მეუფემ. ამგვარი მსჯელობისას ანგელოზებთან ერთად ვიხაროთ, ხალხთან ერთად ვროკვიდეთ, დედებთან ერთად გაგვიკვირდეს, მოციქულებთან ერთად ვქადაგებდეთ, და იერუსალიმში მიმავალი ქრისტეს შეხვედრისას ვაქებდეთ, ვაკურთხევდეთ და ვღაღადებდეთ: ოსანა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, და კვალად მომავალ არს, განკითხვად ყოვლისა სოფლისა! მისა დიდება, მამისა და სულისა თანა, უკუნისამდე, ამინ!

შენიშვნები:

[1] οἰκονομικῶς

[2] ἐστιν ἡ πηγὴ τῆς ζωῆς θεοπρεπῶς

[3] χαριζόμενος

[4] σκῆπτρα καὶ σάλπιγγας

[5] ξίφη καὶ ὅπλα καὶ δόρατα

[6] ταπείνωσιν ἄκραν

[7] Κύριος Χριστὸς, ὁ Θεὸς ἐν Σιών

[8] Θεὸς ὁ ἱερώτερος καὶ τοῦ ἱεροῦ

[9] ἢ τὴν εἰρήνην πλουτήσαντες ἄνθρωποι ἀγγέλων συμπολῖται γεγόνασι

[10] Χαίρετε ἐν Χριστῷ

[11] Θεοῦ Ἐκκλησία

[12] γνώμη

[13] ἐφ' ᾗ Χριστὸς μέχρι που κεκάθικε

[14] ἣν ἐσήμανε καὶ ἡ τῆς αἱμοῤῥοούσης γυναικὸς ψαῦσις

[15] παλαιοῦ ἀνθρώπου

[16] Ἡ τῆς Συναγωγῆς ἄσχημος γύμνωσις ὁμοῦ καὶ ἐρήμωσις

[17] θεολογοῦντα

[18] ἐλεημόνων

[19] τὸν ἀληθῆ φοίνικα

[20] ἡ ἄνω Ἰερουσαλήμ