petriwis portali

ჭეშმარიტების საკითხი რელიგიაში ჰეგელის მიხედვით

ჟილ მარმასი

ჭეშმარიტების საკითხი რელიგიაში ჰეგელის მიხედვით

21.04.2020

ჭეშმარიტება აბსოლუტურ სულში

რას გულისხმობს „აბსოლუტური სულის“ ცნება? ეს არის მეტაფიზიკური ობიექტი, რომელიც ლაიბნიცის ღმერთის ან შოპენჰაუერის ნების შესახებ ცნების მონათესავე იქნებოდა. თუკი ამგვარ ინტერპრეტაციას დავუშვებთ, მაშინ უმალვე წარმოიქმნება მისი საპირისპირო აზრიც: კანტის შემდეგ, ახირებაა იმის თქმა, რომ ამგვარი ობიექტის ფილოსოფიური ცოდნა შესაძლებელია, რამდენადაც ის აშკარად გამოცდილებების მიღმაა. მაგრამ, თუკი ჩვენ ჰეგელის ტექსტებს ყურადღებით წავიკითხავთ, მაშინ დავინახავთ, რომ აბსოლუტურის ჰეგელისეული კონცეფცია შედარებით მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, საოცრად ორიგინალურია. ჰეგელის თანახმად, აბსოლუტური სული მეტაფიზიკური ობიექტი არ არის, არამედ წარმოადგენს ა) ცოდნის ფორმას. უფრო ზუსტად კი ის არის ბ) ცოდნა, რომელიც მის ობიექტთან სრულ თანხმობაშია. 

პირველი მოსაზრების შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტური სული აღნიშნავს სუბიექტურობის ფორმებს, რომლებიც გვევლინება ხელოვნების, ფილოსოფიის და რელიგიის სახით. ამდენად, ის ერთგვარი გამოცდილებაა. როგორც ხელოვნების ნიმუში, ის გრძნობადი და ხილვადია; როგორც რელიგიური წარმოდგენა, ის ნაწილობრივ გრძნობადი და ნაწილობრივ ინტელექტუალური, მაგ­რამ მალულია; როგორც ფილოსოფიური მოძღვრება ის მალული და წმინდად ინტელექტუალურია. აბსოლუტური სული არ არის „რეალური“ ძალა, არამედ ის ცოდნის ფორმაა. 

თუმცა, რაც შეეხება მეორე მოსაზრებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ცოდნა არ არის „მარტივი“, და რამდენადაც ის თანხმობაშია, ის სისტემური მიმდევრობით უკუაგდებს ცოდნის ყველა წინარე ფორმას. აბსოლუტური სული თვით-ტრანსფორმაციას მიმართავს, რაც, ამავდროულად, თვით-გათავისუფლების აქტს წარმოადგენს. მოდით მოვიყვანოთ ანალოგია: როგორც ზოგადად სული, ასევე ცოდნა და ქმედება ბუნებაზე მაღლა დგას (რამდენადაც, უფრო მდიდარი შინაარსი და უკეთესი დასაბუთება აქვთ), ასევეა აბსოლუტური სულიც, რომელიც ხელოვნების ნიმუშის, რელიგიური მოძღვრების ან ფილოსოფიური ნაშრომის სახით არ ექვემდებარება სუბიექტურ ცოდნას ან ცოდნის სამართლებრივ, მორალურ თუ პოლიტიკურ ფორმებს. კერძოდ, სუბიექტური სული სამყაროში ვერ განსხეულდება; ხოლო ობიექტური სულის ნორმები და ინსტიტუტები მხოლოდ ლოკალურად და დროებით არსებობს. მოდით, მაგალითად, გავეცნოთ სუბიექტური სულის ამ განსაცვიფრებელ დახასიათებას:

„ამ სფეროში [სულის ჩვეულებრივ სუბიექტურობაში] მოცემულია სასრულობა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სულისა, ცოდნის შეზღუდულობა და მოვალეობა სიკეთის გააზრებისაკენ სწრაფვისა. აქ, ისევე, როგორც ბუნებაში, სულის გარეგანი სახე შეუსაბამოა მის ჭეშმარიტ შინაგან არსთან; თანაც, აქ ჯერ კიდევ ვხედავთ დამაბნეველ სურათს უნარების, ვნებების, მიზნების, შეხედულებებისა და ტალანტებისა, რომლებიც ერთმანეთს თან სდევენ და ამავდროულად ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, სასიკეთოდ და საზიანოდ მოქმედებენ ერთმანეთზე, გადამკვეთი მიზნები აქვთ, მაშინ როდესაც მათ წადილსა და სწრაფვას, მათ აზრებსა და ფიქრებს აძლიერებს ან ასუსტებს შემთხვევითობათა დიდი და მრავალფეროვანი სახეობების ნაზავი. ეს არის იმ სულის ხედვა, რომელიც პირწმინდად სასრული, დროებითი, წინააღმდეგობრივი და, ამდენად, გარდამავალი, დაუკმაყოფილებელი და უკურთხებელია. რამდენადაც ამ სფეროში არსებული დაკმაყოფილების საშუალებები, მათი სასრული ფორმით, მუდამ შეზღუდული და შეკვეცილი, ფარდობითი და იზოლირებულია“.  

მოდით, შევხედოთ სახელმწიფოს ამ ანალიზსაც, რომელიც არის ობიექტური სულის მწვერვალი: 

„პრინციპი [...], რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ცხოვრებას [...], კვლავაც გვევლინება ცალმხრივად და არსებითად აბსტრაქტულად [...]. ამდენად, ადამიანიც გრძნობს, რომ ამ სფეროებში არსებული უფლებები და მოვალეობები, მათი არსებობის ამსოფლიური და კვლავ და კვლავ სასრული ფორმა არასაკმარისია; ის გრძნობს, რომ როგორც მათ ობიექტურ ხასიათს, ასევე, მათ მიმართებას სუბიექტთან მაინც ესაჭიროება უფრო მაღალი დასტური და სანქცია“.  

ამის საპირისპიროდ, აბსოლუტური სული სრულად შეესაბამება თავის ობიექტს, ჰეგელის შენიშვნები ესპანელი მხატვრის მურილოს (1617-1682 წწ.) ტილოების შესახებ, რომლებიც მან მიუნხენში ნახა და რომელზედაც მათხოვრები არიან გამოსახულები, მნიშვნელოვან ანალიზს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ რა არის აბსოლუტური სული. მათხოვრები რეალურ ცხოვრებაში - ამგვარად თქმა იმდენად შესაძლებელია, რამდენადაც ისინი სუბიექტურ და ობიექტურ სულს მიეკუთვნებიან  - სიღარიბესა და მწუხარებაში არიან. ხოლო, მურილოს მიერ დახატულ მათხოვრებს ღვთაებრივი სიმშვიდე აქვთ:

„აბსტრაქტულად თუ გავიაზრებთ, საგნის არსი ამ შემთხვევაში „ხალხური ბუნებიდან“ მომდინარეობს: დედა ერთ-ერთ ბიჭს თმიდან რწყილს აცლის, ბიჭი კი მშვიდად სუსნაობს პურს; მსგავს ნახატზე ორი სხვა, დაძონძილი და ღარიბი ბიჭი ნესვსსა და ყურძენს შეექცევა. მაგრამ ამ სიღარიბესა და ნახევრად სიშიშვლეში, შინაგანად და გარეგანად, კაშკაშებს მათი უზრუნველობა და უშფოთველობა - ისეთი, როგორიც დერვიშს აქვს - განცდა, რომ კარგად არიან და ცხოვ­რება საამურია“. 

ეს ტექსტი არ ეხება იმგვარ რეალურ სიცრუეს, რომელიც ახასიათებს სამოქალაქო საზოგადოებას (რომელიც, თავის მხრივ, ჰეგელის თანახმად, ფუნდამენტურად დაქსაქსულია), არამედ სიცრუეს იმდენად, რამდენადაც ის ხელოვნების მიერ არის გადასხვაფერებული. ხელოვნება თავის ობიექტს იდეალურად გამოსახავს, იმ აზრით, რომ მას წარმოაჩენს თავის თავთან და სამყაროსთან შესაბამისობაში. მაშინ ის უბრალოდ ფიქცია და ილუზიაა? ჰეგელი არ უარყოფს, რომ ეს წარმოდგენა ხილულ სინამდვილეს არ შეესაბამება. მაგრამ იგი ამბობს, რომ ის უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე ხილული სინამდვილე. კერძოდ, ჰეგელის თანახმად, ჭეშმარიტება საგნის ცნებასთან ადეკვატური მიმართების მეშვეობით უნდა გაიზომოს. ამგვარად, იდეალიზებული მათხოვრები სულის არსს უკეთ გამოხატავენ, ვიდრე ნამდვილი მათხოვრები, რომელთაც შიმშილი და შიში დამჩნევიათ.

იგივე შენიშვნა რელიგიასთან მიმართებითაც შეგვიძლია გავაკეთოთ. რელიგიის წყალობით, ადამიანები ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის არსებული წყვეტის გადალახვას ახერხებენ, მაგალითად, ქრისტიანობის შემთხვევაში: „ქრისტეს სახით სწორედ ამგვარი პიროვნება იკვეთება. ის ერთდროულად არის ძე კაცისა და ძე ღმრთისა. ხოლო ღმერთკაცისათვის იმქვეყნიურობა არ არსებობს“. ჰეგელის თანახმად, გონების რელიგიური მდგომარეობა ილუზორული არ არის. თუმცა, ის რწმენის ობიექტის გარეგანი სინამდვილით არ დასტურდება. ის ჭეშმარიტია იმდენად, რამდენადაც გამოხატავს შინაგან სისრულეს.

რა დევს სასწორზე რელიგიაში? 

რელიგიის ფილოსოფია დაკავშირებულია ღმერთის შესახებ წარმოდგენასთან. ჰეგელის საწყისისეული დაშვება ორგვარია. ერთი მხრივ, ღმერთის ცხოვრება აბსოლუტურის პროგრესის უბრალო მომენტია და ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა წარმოდგენა. მეორე მხრივ, ეს წარმოდგენა არცერთ შემთხვევაში არ არის ადამიანის მიერ შეთხზული ფიქცია. მისი აზრით, ეს უფრო სულის ნამოქმედარია, იმდენად, რამდენადაც სული ახერხებს გადალახოს მისი აბსტრაქტულად სუბიექტური და ობიექტური განზომილებები. ეს ავტონომიურად ხდება და წარმოიქმნება იმ პროცესისაგან, რომლითაც სული აღამაღლებს თავის თავს ღვთაებრიობამდე. 

პირველ რიგში, ღმერთი არ არის სულის გარეთ, როგორ ეს გამოცდილების შემთხვევაშია. ის განსხეულებულია სულის სულად გახდომის ჯაჭვში. ღმერთი - ან, უფრო მეტად, ღმერთის ცხოვრება - არის ეტაპი სულის თავისუფლებისაკენ სვლისა. მეტიც, ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა წარმოდგენილი ღმერთი. მაგრამ ეს დაშვება უნდა გავიგოთ არა როგორც ღმერთის დაკნინება, არამედ როგორც რელიგიის განდიდება. ჰეგელი რელიგიას იმდენად სერიოზულად განიხილავს, რომ მას ღმერთის რეალიზაციის საშუალებად მიიჩნევს. „ნამდვილი“ ღმერთის და „წარმოდგენილი“ ღმერთის ერთმანეთთან დაპირისპირება ამაოა. კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჰეგელის ვარაუდის თანახმად, ცოდნა უცილობლად არ არის შედეგი იმ სინამდვილისა, რომელიც ცოდნაზე ადრე არსებობს. ცოდნა, შესაძლოა, იყოს საწყისისეული; მას შეუძლია უარყოს და გადალახოს კიდეც ის სინამდვილე, რომელიც მანამდე არსებობდა. ცოდნა, შესაძლოა, სუბიექტის შემოქმედებაც იყოს, რომელიც ამგვარი ცოდნის კონსტრუირებისას თავის თავს შესაბამის იდენტურობას ანიჭებს. სწორედ ამას ვხედავთ ჩვენ რელიგიაშიც, ის წარმოადგენს სუბიექტს, რომელსაც თავისი თავი თანხმობაში მოჰყავს მთელს სინამდვილესთან და რომელიც, ამდენად, ღვთაებრივი არის. როგორც ტრაგედია წარმოშობს გმირებს, რომელთაც სუბიექტური და ობიექტური სულის სფეროში ეკვივალენტი არ აქვთ, ასევე რელიგია წარმოშობს იმ ღმერთებს, რომელთაც ის წარმოადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ: როგორც ტრაგედია არის იმგვარი პროცესი, რომლითაც სული (ესთეტიკურად) იდეალური ხდება, ასევე, რელიგია არის იმგვარი პროცესი, რომლითაც სული (რელიგიურად) ღვთაებრივი ხდება. რელიგია ჭეშმარიტია იმდენად, რამდენადაც მასში სული წარმოადგენს თავის თავს, როგორც სამყაროსთან თანხმობაში მყოფს.

ამგვარად, ჰეგელი უკუაგდებს „ონტო-თეოლოგიურ“ ტრადიციას. მას არ სურს განმარტოს ღმერთი, როგორც სამყაროს მიზეზი. პირველ რიგში, ღმერთი სამყაროს შედეგია და არა სათავე, რომელიც აბსოლუტურის მიერ განვლილი გზის ბოლოს ჩნდება. და მეორე, ის არ არის მიზეზი, ვინაიდან ის ერთგვარი ცოდნაა - სულის ცოდნა საკუთარი თავის შესახებ, იმდენად, რამდენადაც ის ყველგან და ყველაფერში თავს ისე გრძნობს, როგორც შინ.

თუმცა, რელიგია მხოლოდ აბსოლუტურის თვით ­წარმოჩენაა. ის აღარ არის ინტუიცია, როგორც ეს ხელოვნების შემთხვევაშია. მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის ისეთი წმინდა აზრი, როგორიც ფილოსოფიაა. ერთი მხრივ, ჰეგელთან რელიგიის უდავო გამართლებას შევხვდებით. მეორე მხრივ კი, იგი ატიპური მორწმუნეა, რამდენადაც მიაჩნია, რომ რელიგია ფილოსოფიასთან შედარებით ნაკლებად ჭეშმარიტია. რელიგია ჭეშმარიტია იმდენად, რამდენადაც ის ამჟღავნებს სულის სუვერენულობას. მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, რამდენადაც ის ამას მხოლოდ წარმოდგენითი გზით აკეთებს. „წარმოდგენითი“ აქ, ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ რელიგიური ცნობიერება არის შინაგანი და ზოგადი, მეორე მხრივ კი, იმას, რომ ის გრძნობად რეალობასთან არის დაკავშირებული და არ არის ჩამოყალიბებული, როგორც მთლიანობა. მაგალითად, ქრისტიანული რელიგია აცხადებს, რომ ღმერთი მამაა. ცხადია, მამობა ზოგადი კატეგორიაა. მაგრამ ის დაკავშირებულია ოჯახთან და ჩამსახველობასთან. მეტიც, „მამა“ საპირისპიროა „ძისა“: სწორედ ამიტომაც მამობა არ არის მთლიანობა. რელიგია ხელოვნებასა და ფილოსოფიას შორის მდებარეობს. ხელოვნება სულის სამყაროსთან შესატყვისობის გრძნობადი ცოდნაა, ფილოსოფია იმავე საკითხის ინტელექტუალური ცოდნაა, რელიგია კი იმგვარი ცოდნაა, რომელიც ერთდროულად გრძნობადია და მორწმუნის შინაგან სამყაროშიც არის ლოკალიზებული. ის აღარ წარმოშობს ცალკეულ ხატებებს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ორგანიზებული რაციონალური აზროვნება. სინამდვილეში, წარმოდგენა მოსაზღვრეა კატეგორიებისა, რომლებიც ალტერნატიულად - ან შერეულად - ზოგადნი და გრძნობადნი არიან. 

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა