petriwis portali

სწავლება საყოველთაო აღდგენის შესახებ:  გრიგოლ ნოსელისა და მაქსიმე აღმსარებლის ურთიერთმიმართება

დეკანოზი ამბროსი ხოშტარია

სწავლება საყოველთაო აღდგენის შესახებ: გრიგოლ ნოსელისა და მაქსიმე აღმსარებლის ურთიერთმიმართება

26.04.2020

ზოგჯერ აპოკატასტასისის თეორიის მიმართ ამა თუ იმ წმიდა მამის დამოკიდებულებაზე სამეცნიერო ლიტერატურაში ერთგვაროვან პოზიციებს ვერ ვნახავთ. დღეისათვის, მკვლევართა შორის დავის საგნად არის ქცეული მაქსიმე აღმსარებლის (+ 662 წ.) დამოკიდებულება გრიგოლ ნოსელის აპოკატასტასისის მიმართ. მეცნიერთაგან ერთნი მიიჩნევენ, რომ, მაგალითად, მაქსიმე აღმსარებლის შემოქმედებაში იმპლიციტურად იგრძნობა სიმპათია საყოველთაო ცხონების შესახებ მოძღვრების მიმართ (ჰანს ურს ფონ ბალთაზარი,), მეორენი კი ფიქრობენ, რომ წმიდა მამის შემოქმედება თავისუფალია ერეტიკული აზრებისაგან (შერვუდი, დეილი, ლარშე). ასეთ შემთხვევაში „ოპტიმისტური ესქატოლოგიის“ მომხრეები მხოლოდ სათავისო ავტორებს ახსენებენ, ხოლო სხვა ავტორების შესახებ დუმილს ამჯობინებენ და საქმეს ისე წარმოაჩენენ, რომ თითქოს წმიდა მაქსიმეს სიმპათიები ორიგენიზმის მიმართ უკვე დადასტურებული ფაქტია.

ზოგიერთი ავტორი, ამოდის რა ორიგენეს შესაბამისი შეხედულებიდან, იდეის მემკვიდრეობითობაზე საუბრობს. ასეთ სქემაში აპოკატასტასისის განვითარება  შემდეგი ტრაექტორიით ხდება: ორიგენე - გრიგოლ ნოსელი - მაქსიმე აღმსარებელი.

აქ სრულად მოვიტანთ წმიდა მაქსიმესათვის აპოკატასტასისთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხს. წმიდა მამის აზრით, „ეკლესია იცნობს სამი სახის აღდგენას. პირველში იგულისხმება თითოეულის აღდგენა სათნოების მოთხოვნებთან მიმართებით: აღდგება ის, ვინც სათნოების მოთხოვნებს აღასრულებდა. მეორე სახის აღდგენაში მოაზრებულია ის, რაც აღდგომისას მოხდება - ბუნება აღდგება უხრწნელებასა და უკვდავებაში. ხოლო მესამე სახის აღდგენა, რომლის შესახებაც მის ნაშრომებში საუბრობს გრიგოლ ნოსელი, არის ცოდვით დაცემული სულიერი ძალების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა. რადგან, როგორც მთელი ბუნება მომავალში აღდგომისას მიიღებს უხრწნელებას, ჯერ არს, მსგავსადვე, სულის დაზიანებულმა ძალებმა, საუკუნეთა განმავლობაში, მოსპონ მასში მყოფი ბიწიერი სახეები, სული კი, რომელიც მიაღწევს საუკუნეთა მიჯნას და ვერ ჰპოვებს სიმშვიდეს, მივიდეს უსასრულო ღმერთთან. ამგვარად, შემეცნების გზით და არა სიკეთეებში მონაწილეობით, ის კვლავ დაიბრუნებს თავის ძალებს და აღდგება პირვანდელ მდგომარეობაში. მაშინ ცხადი გახდება, რომ შემოქმედი არ არის ცოდვის მიზეზი“.

საფიქრებელია, რომ მაქსიმე აღმსარებელი აცნობიერებს გრიგოლ ნოსელის აპოკატასტასისთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების სადავოობას და მის ერთგვარ „რედაქტირებას“ ახდენს. ღირსი მამა, აშკარა სახით, სულაც არ აკრიტიკებს ნოსელ მღვდელმთავარს, მეტიც, ის ეთანხმება მის მოსაზრებას კაცობრივი ბუნების საყოველთაო აღდგენის შესახებ. თითქოს მაქსიმესთან ესქატოლოგიური პერსპექტივა იმეორებს გრიგოლ ნოსელის სურათს, რადგან ორივე ავტორი იზიარებს შეხედულებას საყოველთაო ბუნების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ, თუმცა, მაქსიმე ერთ მნიშვნელოვან შესწორებას ახდენს: მისი აზრით, აღდგება მხოლოდ ბუნება და არა ნების სიწმიდე.

მოკლედ თუ ვიტყვით, მაქსიმე აღმსარებელი ორი სახის „აღდგენას“ აღიარებს:

  1. ადამიანის აღდგენა მასში არსებული ღვთაებრივი ჩანაფიქრის (ლოგოსის) მიხედვით, როდესაც ის ბუნებითად და ჰიპოსტასურად თავისუფალი იქნება ცოდვისაგან;
  2. ადამიანის აღდგენა ყოფიერებაში - მისი ბუნების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება.

აქედან გამომდინარე, თუკი დავუბრუნდებით „სამი სახის აპოკატასტასისის“ თეორიას, ვფიქრობთ, მაქსიმე აღმსარებელი ადამიანების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენაზე საუბრისას გულისხმობს იმას, რომ საყოველთაო აღდგენისას ნებისმიერ ადამიანში, მიუხედავად იმისა, ის მართალია თუ ცოდვილი, მოხდება სხვა ბუნებით ძალებთან ერთად შემეცნებითი ძალების აღდგენა. მაგრამ კაცობრივი ბუნების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, მაქსიმეს აზრით, არ ნიშნავს იმას, რომ შეუნანებელი ცოდვილებიც ნეტარი ცხოვრების ღირსი შეიქნებიან.

ცნობილი ფრანგი მაქსიმოლოგი ჟან-კლოდ ლარშე, მაქსიმეს შემოქმედების კვლევისას, ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე მიდის, რომლის მიხედვითაც, მაქსიმეს მოდელში, შეუნანებელ ცოდვილებში ბუნებითი ძალების აღდგენა მათ არ ათავისუფლებს მარადიული სატანჯველისაგან. ტანჯვა მომდინარეობს ღვთაებრივი ცეცხლისაგან, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ღვთაებრივი ენერგიები (მოქმედებები). იგივე ენერგიებია ღირსეულებს ნეტარებას რომ ანიჭებს.

მიზეზები იმისა, რაც გრიგოლ ნოსელისა და მაქსიმე აღმსარებლის ესქატოლოგიურ სურათებს ერთმანეთისაგან განასხვავებს, ამ ორი მოაზროვნის ერთმანეთისაგან განსხვავებულ ანთროპოლოგიურ შეხედულებებშია საძიებელი. ამ მიმართულებით საინტერესო დაკვირვებას აწარმოებს რუსი მკვლევარი პეტრე მალკოვი. მისი აზრით, გრიგოლ ნოსელის ზოგადსაეკლესიო სწავლებისაგან განსხვავებული შეხედულება მომდინარეობს პრობლემური ანთროპოლოგიური წანამძღვრების დაშვებიდან. აქ შეიძლება დავასახელოთ სამი ამგვარი წანამძღვარი:

1) გრიგოლ ნოსელი, წმიდა მამათა უმრავლესობისაგან განსხვავებით, ღვთის ხატებასა და მსგავსებას ადამიანში იმთავითვე არსებულად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც საეკლესიო მოძღვრების თანახმად, ხატება ადამიანური ბუნების მახასიათებელია, მსგავსება კი ის პერსპექტივაა, ხატების რეალიზაციის შედეგად რომ უნდა დადგეს.

2) გრიგოლ ნოსელის აზრით, ადამიანური ბუნება წარმოადგენს ერთგვარ თვითკმარ მოცემულობას, რომელიც ერთიანი, განუყოფელი და დაუნაწევრებელია, თუმცა კი, მისი მოზიარე არაერთი ინდივიდია. მასთან განსაზღვრება „ადამიანი“ ბუნებაზე უფრო მიანიშნებს, ვიდრე - პიროვნებაზე. ამასთან, ერთიანი კაცობრივი ბუნება პირველ ადამიანზე ადრე იქმნება, შესაბამისად, ქმნადობა ორაქტიანია: ჯერ იქმნება ბუნება, შემდეგ კი - პირველი ადამიანები - ადამი და ევა.

3) გრიგოლ ნოსელის შეხედულებები ადამიანური ნების თაობაზე ერთი შეხედვით კი წააგავს მაქსიმე აღმსარებელის კონცეფციას ორი ნების შესახებ, რადგანაც ისიც განარჩევს ერთმანეთისაგან ბუნებითსა და არჩევით ნებას, თუმცა, მაქსიმესაგან განსხვავებით, მასთან ორივე ნება ბუნებიდან მომდინარეობს.

როგორც ზემოთ ითქვა, გრიგოლ ნოსელის აპოკატასტასისის შესახებ კონცეფციას სპეციფიკური ანთროპოლოგიური შეხედულებები უდევს საფუძვლად. სწავლება საყოველთაო აღდგენის შესახებ ბუნებრივად და გარდაუვალი აუცილებლობით გამომდინარეობს ადამიანის შესახებ მისეული კონცეფციიდან. მეტიც, აპოკატასტასისის გარეშე ანთროპოლოგია, იმ სახით, რომლითაც მას აყალიბებს კაბადოკიელი მოაზროვნე, უბრალოდ ვერ იარსებებდა და იქნებოდა შინაგანად წინააღმდეგობრივი.

ამგვარად, შეიძლება ვთქვათ, რომ გრიგოლ ნოსელისა და მაქსიმე აღმსარებლის ესქატოლოგიური სურათების გარეგანი მსგავსება ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ არსობრივ იგივეობას. ჩვენი აზრით, მაქსიმესათვის უცხოა აპოკატასტასისის, როგორც ორიგენისტული, ისე ნოსელისეული ვერსია. გიორგი ფლოროვსკის სიტყვით, „მაქსიმე აღმსარებელთან ვხვდებით აპოკატასტასისის ახალ, გადამუშავებულ და უფრო ღრმა გაგებას“, რაც იმას გულისხმობს, რომ, ესქატოლოგიურ პერსპექტივაში, აღდგება არა ნების სიწმინდე, არამედ ბუნება.

 

ბიბლიოგრაფია:

  • Малков, П.: Антропологические предпосылки учения об апокатастасисе у восточных отцов Церкви, http://www.odinblago.ru/o_cheloveke/8 (წვდომა განხორციელდა: 30.06.2019).
  • Фельми, Карл Христиан.: Введение в современное православное богословие, М., Свято-Филаретовский православно-христианский институт, 1999.
  • Флоровский, Г. Прот.: О воскресении мертвых, https://azbyka.ru/otechnik/Georgij_Florovskij/bogoslovskie-stati-o-voskresenii-mertvyh-vypusk-5/#hardnote26 (წვდომა განხორციელდა: 03.07.2019).
  • Daley, Brian E. sj.: Apokatastasis and ‘Honorable Silence’ in the Eschatology of St. Maximus the confessor, Fribourg, 1982.