petriwis portali

ფილოსოფიის შესაძლებლობის შესახებ

თეოდორ ადორნო

ფილოსოფიის შესაძლებლობის შესახებ

24.05.2020

 (ფრაგმენტი წიგნიდან „ნეგატიური დიალექტიკა“)

თეოდორ ლუდვიგ ვიზენგრუნდ ადორნო (1903-1968 წწ.) საყოველთაოდ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, კომპოზიტორი და მუსიკის მკვლევარია. იგი ე.წ. „ფრანკფურტის სკოლის“, „კრიტიკული თეორიის“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. თეოდორ ადორნოს შემოქმედებაში ვხვდებით უაღრესად საყურადღებო სოციალურ-ანთროპოლოგიურ განაზრებებს საზოგადოებისა და კულტურის ისტორიული განვითარების შესახებ, ასევე, ეგზისტენციალიზმის, ნეოპოზიტივიზმისა და ფენომენოლოგიის კრიტიკას (თეოდორ ადორნოს სადოქტორო დისერტაცია ჰუსერლის ფენომენოლოგიას ეხება). თეოდორ ადორნოს ფილოსოფიური მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული თხზულებაა „ნეგატიური დიალექტიკა“ („Negative Dialektik“, Frankfurt am Main: Suhrkamp Verlag, 1966), რომელშიც ერთმანეთს ერწყმის თეორიულ-შემეცნებითი და სოციალურ-კრიტიკული მოტივები. ადამიანის ცნობიერების ანალიზი, რომელიც ხაზს უსვამს მაიდენტიფიცირებელი ცნობიერების კატეგორიას, თვითტრანსცენდირების პერსპექტივებს სახავს და სუბიექტურობის გააზრების ახალ გზებს გვთავაზობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ ხსენებული ნაშრომი მიზნად ისახავს დიალექტიკის ჰეგელისეული გაგების კრიტიკასაც.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

ფილოსოფია, ოდესღაც გადალახულად, მოხსნილად რომ მიიჩნეოდა, აგრძელებს სიცოცხლეს, რადგანაც მისი განხორციელების მომენტი ხელიდან იქნა გაშვებული. საბოლოო განაჩენი ღაღადებს: ფილოსოფია სამყაროს მხოლოდ განმარტავს, რეალობის წინაშე უკან დახევით კი ასახიჩრებს და ანადგურებს საკუთარ თავს. მას შემდეგ, რაც სამყაროს შეცვლის მცდელობებმა მარცხი განიცადა, ფილოსოფია გონების უძლურებად იქცა. თუმცა კი, ფილოსოფია სრულებით არ იძლევა არც იმ საწინააღმდეგო პოზიციის სიმყარის გარანტიას, რომლის თანახმადაც მისი თეორია (კერძოდ, ანაქრონიზმის თეორია, რომელსაც ფილოსოფიას აბრალებდნენ როგორც ადრე, ისე ახლაც) შეიძლება კონკრეტულად ვამხილოთ და ბრალი დავდოთ. ალბათ, ინტერპრეტაციას არც კი ძალუძს მიაღწიოს იმას, რაც წინასწარმეტყველებს პრაქტიკულ გადასვლას. იმ მომენტს, რომელსაც ემყარება თეორიის კრიტიკა, ვერ მოვიხელთებთ თეორიულად. თუკი პრაქტიკა გადაიდება და შორეულ მომავალში იქნება გადატანილი, ის მეტად არ მოგვევლინება ინსტანციის სახით, თვითკმაყოფილ სპეკულაციას რომ აპროტესტებს. ამ მომენტიდან დაწყებული, პრაქტიკა მეტადრე საბაბია, რომლის გამოყენებითაც კრიტიკულ აზრს მოაშთობენ ან უკუაგდებენ როგორც ცარიელ თვითდაჯერებულობას, მიუხედავად იმისა, რომ ის საჭიროა პრაქტიკისთვის, სამყაროს რომ გარდაქმნის.

ფილოსოფია, მას შემდეგ, რაც სინამდვილეში განხორციელების ან სინამდვილის შექმნის უშუალო დაპირებები დაარღვია, იძულებული იყო უკან მოუხედავად ეკრიტიკებინა საკუთარი თავი. ის, რაც ოდესღაც ფილოსოფიაში აღიქმებოდა როგორც უბრალოდ გულუბრყვილობისგან დაშორება, გრძნობებისა და გარეგანი გამოცდილების მოჩვენებითობის საწინააღმდეგო რამ, დღესდღეობით, ობიექტურად იქცა სწორედ იმ გულუბრყვილობად, რომელიც უკვე 150 წლის წინ იგრძნო გოეთემ იმ აღფრთოვანებასა და ტკბობაში, რომელსაც განიცდიდნენ ღარიბი, წარუმატებელი სტუდენტები სპეკულაციის წინაშე. აზრის ინტროვერტული არქიტექტორი ბინადრობს მთვარის უკანა მხარეს, რომელიც უკვე რახანია აითვისეს ექსტროვერტულმა ტექნიკოსებმა. უსაზღვროდ გაფართოებადი საზოგადოების და პოზიტიური მეცნიერული შემეცნების პირობებში ცნებობრივი ყალიბები, რომლებშიც, ფილოსოფიური ტრადიციის თანახმად, უნდა მოთავსდეს მთელი, მოგვაგონებენ ბარტერული ეკონომიკის რელიქტებს გვიანდელ ინდუსტრიულ კაპიტალიზმში. ამასთან, ძალაუფლების და სულის შეუსაბამობა, გარეგანის დონემდე რომ დეგრადირდება, იმდენად დიდია, რომ ამგვარი არათანაბარზომიერების პირობებში სინამდვილეზე აღმატებულის წვდომის ყველა მცდელობა (თავად სულის საკუთრივი ცნებით რომაა შთაგონებული) უსარგებლოდ წარმოჩნდება და ირღვევა. ამგვარი ნება მოწმობს პრეტენზიას ძალაუფლებაზე.

კონკრეტულ მეცნიერებებზე ფილოსოფიის დაყვანა, თავად ამ კონკრეტულ მეცნიერებათა წნეხით რომაა განპირობებული, ფილოსოფიის ისტორიული ხვედრის ყველაზე ცხადი გამოხატულებაა. თუკი კანტმა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, გაათავისუფლა „აკადემიური“, მეცნიერულად სკოლური გაგება ფილოსოფიისა, აღამაღლა რა იგი „მსოფლცნებამდე“, იძულებით ან წნეხის ქვეშ ფილოსოფია კვლავაც დეგრადირდა სკოლურ გაგებამდე. იქ, სადაც ფილოსოფია საკუთარ თავზე სკოლურ გაგებას მსოფლცნებაში ურევს, მისი პრეტენზიები დაცინვის საგნად იქცევა. ჰეგელი, აბსოლუტური სულის შესახებ სწავლების მიუხედავად, რომელსაც იგი ფილოსოფიას მიაკუთვნებდა, ფილოსოფიაში ხედავდა უბრალოდ სინამდვილის მომენტს, საქმიანობის გვარს, რომელიც შრომის განაწილებას ეფუძნება, და სწორედ ამით ზღუდავდა მას. აქედანაა, იმ დროიდან მოყოლებული, ფილოსოფიისთვის დამახასიათებელი შეზღუდულობა, დისპროპორცია სინამდვილესთან მიმართებით. ეს დისპროპორცია სულ მეტად იზრდება, რაც უფრო საფუძვლიანად ივიწყებს ფილოსოფია ამ შეზღუდვებს და იმეცნებს რეალობას როგორც უცხოს (Fremdes) საკუთარ თავთან მიმართებით; და მით უფრო ნაკლებ იხსენებს თავის საკუთრივ მდგომარეობას მთელის სისტემაში, რომელსაც მონოპოლიზებას უკეთებს საკუთარი ობიექტის სახით, ნაცვლად იმისა, რომ შეიმეცნოს, თუ რამდენადაა ფილოსოფია დამოკიდებული თავის შინაგან მიზანმიმართულობაში, თავის იმანენტურ ჭეშმარიტებაში ამ მთელზე.

მხოლოდ ამგვარი გულუბრყვილობის დაძლევის შემდეგ ხდება ფილოსოფია ღირებული და ამით კვლავ განაზრების საგნად იქცევა. თუმცა, მისი კრიტიკული თვითრეფლექსია არ უნდა შეწყდეს მისივე ისტორიის მიღწევათა წინაშე. მისთვის ისიც კი უნდა გვეკითხა: ჰეგელის სისტემის დამხობის შემდეგ არის კი შესაძლებელი ფილოსოფიის არსებობა? თუ ის საერთოდ შესაძლებელია, მაშინ როგორაა ის კვლავაც შესაძლებელი? ეს საკითხი ანალოგიურია კანტის მიერ დასმული კითხვისა, რომელიც რაციონალიზმის კრიტიკის შემდგომ მეტაფიზიკის პერსპექტივებს ეხებოდა. თუკი ჰეგელის მოძღვრება დიალექტიკაზე წარმოადგენს არშემდგარ, დაუსრულებელ მცდელობას, რათა მთლიანობის გაუთვალისწინებლობის პირობებში ცნების მეშვეობით ამ მთლიანობის ჰეტეროგენულობა აჩვენოს, მაშინ, დიალექტიკისთვის კუთვნილი ადგილის ბოძებით, ჰეგელის პროექტის ნგრევის მასშტაბები შეიძლება წარმოვიდგინოთ.