petriwis portali

ბიზანტიური ხელოვნებისა და კულტურის მუზეუმი მაკრინიცაში

ბიზანტიური ხელოვნებისა და კულტურის მუზეუმი მაკრინიცაში

25.07.2020

მაკრინიცას მუზეუმი (პელიუმი, თესალია/საბერძნეთი) ის ადგილია, სადაც რელიგიური ხელოვნება და ფოლკლორული ტრადიციები ერთმანეთს ხვდება. პელიუმის მთა ბერძნული მითოსის თანახმად, კენტავრ ქირონის სამშობლო იყო, სწორედ მან აღზარდა ისეთი დიადი მითოლოგიური გმირები, როგორიც იყვნენ: იასონი, აქილევსი, ჰერაკლე და სხვ. მთა მდებარეობს თესალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ საბერძნეთში. ამ მთის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ე.წ. „პელიუმის აივანი“, სოფელი მაკრინიცა, რომელიც მე-13-ე საუკუნეში დაარსდა ღვთისმშობლის სახელობის ბიზანტიური მონასტრის გარშემო.

მუზეუმი განთავსებულია ორ სართულიან შენობაში და მას იმ რეგიონისათვის დამახასიათებელი არქიტექტურა აქვს. მუზეუმში ინახება მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული მრავალი ისტორიული მნიშვნელობის მქონე ქრისტიანული კულტურის ნიმუში, მათ შორის არის პოსტ-ბიზანტიური პერიოდის ხატები, ვერცხლით მოვარაყებული ძველთაძველი სახარებები, შუა საუკუნეების ბიზანტიური ილუსტრირებული ლიტურგიკული წიგნები და სხვ. მუზეუმის გამორჩეული ექსპონანტია მე-13-ე საუკუნის მარმარილოს ბარელიეფი, რომელზედაც გამოსახულია მლოცველი ღვთისმშობელი.

მაკრინიცას მუზეუმი ნაყოფიერი ადგილია ქრისტიანული ხელოვნების მკვლევართათვის, მუზეუმში კვლევის შესაძლებლობების შესახებ იხილეთ აქ.