მე და შენ - მეორე ფრაგმენტი

მე და შენ - მეორე ფრაგმენტი

27.03.2021

მარტინ ბუბერი (1878-1965 წწ.) მეოცე საუკუნის დიდი ებრაელი მოაზროვნეა. განსაკუთრებული პოპულარობა მას ე.წ. „დიალოგის ფილოსოფიამ“ („დიალოგური ანთროპოლოგია“, „დიალოგური ეგზისტენციალიზმი“) მოუტანა. დიალოგური ფილოსოფიის მოდელი მას ყველაზე მკაფიოდ განვითარებული აქვს მთავარ ნაშრომში „მე და შენ“ (Ich und Du, 1923 წ.; ინგლისური თარგმანი გამოიცა 1937 წელს სახელწოდებით - I and Thou). 

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

***

აწმყო, იმ წერტილის მსგავსი როდია, გასულ დროს რომ დაესმის, არც გაჩერებული მდინარების ასახვაა; არამედ, ნამდვილი და სავსე აწმყო არსებობს იმდენად, რამდენადაც არის აწმყოს მდინარება, არსებობს შეხვედრა და ურთიერთობა. აწმყო ხდება არსებული მხოლოდ როგორც შენ-ის აწმყოში მყოფად გახდომა.

მე-ის ძირითადი სიტყვის მე, ე.ი. მე, რომელსაც შენ სხეულებრივად არ წარმოუდგება, თუმცა კი მრავალი „შინაარსითაა“ გარშემორტყმული, ფლობს მარტოოდენ წარსულს და არა მომავალს. სხვაგვარად, რამდენადაც ადამიანის არსება გამოცდის და იყენებს საგნებს, ის ცხოვრობს წარსულში და მისი წამისყოფა არ ფლობს აწმყოს. ის არაფერს ფლობს გარდა ობიექტებისა. ისინი კი წარსულში არიან.

აწმყო არ არის წამიერი, მსწრაფლწარმავალი, არამედ წარმოგვიდგება როგორც მომლოდინე და განგრძობადი. ობიექტი კი არა განგრძობადობა, არამედ დგომა, შეწყვეტა, დაშორიშორება, გაქვავება, გამოყოფა, ურთიერთობისა და აწმყოს არქონაა.

რაც არსებითია, აწმყოშია, ობიექტები კი წარსულში არიან.

***

ეს არსობრივი ორმაგობა ვერ დაიძლევა ვერც „იდეათა სამყაროს“, როგორც რაღაც მესამის, დაპირისპირებულობაზე აღმატებულის მოხმობით. რადგანაც მე მხოლოდ ნამდვილ ადამიანურ არსებაზე ვსაუბრობ, ჩემზე და შენზე, ჩვენს ცხოვრებასა და სამყაროზე, არა მეს, როგორც ასეთის, და არც ყოფიერების, როგორც ასეთის, შესახებ. მაგრამ ნამდვილი ადამიანისთვის ნამდვილი საზღვარი იდეათა სამყაროსაც კვეთს.

ცხადია, ის, ვინც ცხოვრობს საგანთა სამყაროში და კმაყოფილდება მათი გამოყენებითა და გამოცდილების მიღებით, იდეათა მეშვეობით ერთგვარ მინაშენს აკეთებს, სადაც მოსალოდნელი არარაობისგან თავს აფარებს. თავის სამოსს - ერთფეროვანსა და ყოველდღიურს - ის ზღურბლზე ტოვებს, ხავერდით იმოსება და იმ პირველი მყოფის - თუ რაც უნდა იყოს - ჭვრეტით ტკბება, რომელთანაც მისი ცხოვრება არაფრითაა თანაზიარი. არანაკლებ სასიამოვნოა იმ ჭეშმარიტებათა ქადაგება, რომლებიც მას ჭვრეტაში გაეხსნა.

მაგრამ წარმოსახვად, პოსტულირებად და პროპაგანდირებულ ის-კაცობრიობას არაფერი აქვს საერთო ცხოვრებისეულ სინამდვილეში განხორციელებულ კაცობრიობასთან, რომელსაც ადამიანი ჭეშმარიტ შენ-ს ეუბნება.

ყველაზე კეთილშობილური ფიქციაც ფეტიშია, ყველაზე ამაღლებული წარმოსახვაც კი გაკიცხვას იმსახურებს, თუკი მოჩვენებითს განადიდებს. იდეები ჩვენ ზემოთ არ დაფრინავენ და არც ჩვენს თავში იმყოფებიან. ისინი ჩვენს შორისაა და მოგვმართავენ ჩვენ. საბრალოა, ვინც ძირითად სიტყვას წარმოუთქმელს ტოვებს, და ეჭვს იწვევს ის, ვინც ამის ნაცვლად იდეებს მიმართავს რაღაც ცნებითა ან სიტყვა-გასაღებით, თითქოს ეს მათი სახელია!

***

ის, რომ უშუალო ურთიერთობა წარმომდგარზე ზემოქმედებას გულისხმობს, ცხადია სამიდან ერთ-ერთ მაგალითზე დაყრდნობით: ხელოვნების არსობრივი ქმედება განსაზღვრავს პროცესს, რომელშიც ხატება იქცევა ნამუშევრად. ურთიერთობაში წარმომდგარი ხორციელდება შეხვედრის წყალობით, რომლითაც შედის საგანთა სამყაროში, რათა მუდმივად იმოქმედოს, მუდმივად ხდებოდეს ის, თუმცა კი, მუდმივად შეეძლოს მოჯადოებით, შთაგონებით კვლავ გახდეს შენ. წარმომდგარი „ხორციელდება“: აწმყოს უსივრცობიდან და უდროობიდან ის განგრძობილი არსებობის ნაპირზე გამოდის.

ადამიანურ შენ-თან ურთიერთობისას ზემოქმედების მნიშვნელობა ამდენად ცხადი არ არის. არსებითი აქტი, რომელიც აქ უშუალობას აყალიბებს, ჩვეულებისამებრ გრძნობადად გაიგება, რაც მას ამახინჯებს. გრძნობები სიყვარულის მეტაფიზიკურ და მეტაფსიქიკურ ფაქტს თან ახლავს, მაგრამ ის მათგან არ შედგება. ეს თანმხლები გრძნობებიც, შესაძლოა, განსხვავდებოდნენ. იესოს გრძნობა შეპყრობილისადმი განსხვავდება მისი გრძნობისგან, საყვარელი მოწაფის მიმართ რომ აქვს, მაგრამ სიყვარული ერთია. გრძნობები „აქვთ“, სიყვარული კი ხდომილებაა. გრძნობები ადამიანში მკვიდრობენ, ადამიანი კი მკვიდრობს სიყვარულში. ეს არა მეტაფორა, არამედ სინამდვილეა: სიყვარული მე-სთვის არ არის დამახასიათებელი იმ სახით, რომ შენ მხოლოდ მის შინაარსს, ობიექტს წარმოადგენდეს. ის მე და შენ-ს შორისაა. ვინც ეს მთელი თავისი არსებით არ იცის, არ იცის სიყვარული, თუნდაც ის გრძნობებიც რომ მიაწეროს მას, რომლებითაც ტკბება, განიცდის, გამოხატავს. სიყვარული კოსმიური ძალაა. ვისაც უყვარს, ის ჭვრეტს კიდეც მას; ამით ადამიანები ყოველდღიურობაში ჩართულობისგან თავისუფლდებიან. კეთილნი და ბოროტნი, ბრძენნი და სულელნი, მშვენიერნი და უსახურნი, ყველანი მისთვის ხდებიან ნამდვილი, ხდებიან შენ - გამოთავისუფლებულნი, გამოხსნილნი უნიკალურ წარმოდგომაში. ისინი საოცარი სახით კვლავ და კვლავ განკერძოვდებიან, რისი მეშვეობითაც მას შეუძლია ზემოქმედება, დახმარება, კურნება, აღზრდა, ამაღლება, გადარჩენა. სიყვარული მე-ს პასუხისმგებლობაა შენ-ის წინაშე: მასშია ის, რაც შეუძლებელია სხვა გრძნობებში იყოს - ყოველი მოყვარულის ტოლუფლებიანობა უმცირესიდან უდიდესამდე, დაწყებული იმით, ვინც გადარჩა და ნეტარებაში მყოფობს, ვისი სიცოცხლეც მთლიანად საყვარელი ადამიანის სიცოცხლეში დავანებულა, დამთავრებული იმით, ვინც მთელი თავისი ცხოვრება სამყაროს ჯვარზეა გაკრული, ვინც გაბედა წარმოუდგენელი: ადამიანის სიყვარული.

დაე, მესამე მაგალითში, რომელიც ქმნილებასა და მის ჭვრეტას ეხება, ზემოქმედების მნიშვნელობა საიდუმლოდ დარჩეს. ირწმუნე ცხოვრების უბრალო მაგია, სამყაროს მსახურება და გასაგები გახდება, თუ რას ნიშნავს ეს ჯიუტი მოლოდინი, ეს მაძებარი მზერა, ქმნილების „წაგრძელებული კისერი“. ამის შესახებ რაიმეს თქმა სიცრუე იქნებოდა, მაგრამ შეხედე: შენს ირგვლივ ცოცხალი არსებებია, და ყოველ მათგანთან მიახლოებით შენ უახლოვდები არსებულს.

***

ურთიერთობა ორმხრივობას გულისხმობს. ჩემი შენ ზემოქმედებს ჩემზე ისევე, როგორც მე ვზემოქმედებ მასზე. ჩვენი მოწაფეები განგვსწავლიან და ჩვენივე ქმნილებები გვქმნიან. „მანკიერი“, როცა კი წმინდა ძირითადი სიტყვა ეხება, გამოცხადებად გარდაიქმნება. როგორ აღგვზრდიან ბავშვები, როგორ აღგვზრდიან ცხოველები! ჩვენ ვცხოვრობთ ყოვლის მომცველი ორმხრივობის ნაკადში, რომელშიც უგზოუკვლოდ ვართ ჩაფლულნი.

***

- შენ სიყვარულზე ისე საუბრობ, თითქოს ის ერთადერთი მიმართებაა ადამიანებს შორის. მაგრამ სამართლიანია კი შენი უფლება, მოიყვანო ის თუნდაც როგორც მაგალითი, როცა არსებობს სიძულვილი?

- იქამდე, ვიდრე სიყვარული ბრმაა, ანუ ვერ ახერხებს დაინახოს მთლიანი არსება, ის ჯერ კიდევ ჭეშმარიტად ვერ ექვემდებარება ურთიერთობის ძირითად სიტყვას. სიძულვილი თავისი ბუნებით ბრმაა. შეიძლება არსების მხოლოდ ნაწილი გძულდეს. ის, ვინც ხედავს არსებას მთლიანობაში და იძულებულია უკუაგდოს ის, არის არა იქ, სადაც სიძულვილი ბატონობს, არამედ იქ, სადაც შენ-ის წარმოთქმის შესაძლებლობა ადამიანურ შეზღუდულობაზეა დამოკიდებული. ხდება ხოლმე, რომ ადამიანს არ შეუძლია მისთვის წარმომდგარ ადამიანს მიმართოს ძირითადი სიტყვით, იმის არსებობის დადასტურებას რომ გულისხმობს, ვის მიმართაცაა წარმოთქმული. ამ შემთხვევაში მან უნდა უარყოს ან საკუთარი თავი, ან სხვა. ამ წინაღობით ურთიერთობაში შესვლა აცნობიერებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც შეიძლება მხოლოდ ამ წინაღობასთან ერთად აღმოიფხვრას.

და მაინც ის, ვისაც უშუალოდ სძულს, უფრო ახლოსაა ურთიერთობასთან, ვიდრე ის, ვინც სიყვარულისა და სიძულვილის გარეშეა.

***

ჩვენი ბედის ამაღლებული სევდა იმაშია, რომ ყოველი შენ ჩვენს სამყაროში უნდა გახდეს ის. შენ-ის ყოფნა უშუალო ურთიერთობისას განსაკუთრებული, განკერძოებულია, თუმცა კი, მალე ურთიერთობა ამოწურავს თავის თავს და საშუალებებით განპირობებული ხდება, შენ ხდება ობიექტი ობიექტთა შორის. შესაძლებელია ის მათ შორის ყველაზე კეთილშობილურიც კი იყოს, მაგრამ ის ერთ-ერთია მათ შორის და განპირობებულია საზღვრებითა და ზომით. შემოქმედება, ერთი მხრივ, სინამდვილის იმიტაციაა, მეორე მხრივ კი, მისი მოკლება. ჭეშმარიტი ჭვრეტა დიდხანს როდი გრძელდება: ბუნების არსი, რომელიც ურთიერთქმედების საიდუმლოში იხსნებოდა, ახლა აღწერას, დანაწევრებას, კლასიფიკაციას ისევ ექვემდებარება. ახლა ის მრავალგვარი კანონების გადაკვეთის წერტილია. თვით სიყვარულსაც არ შეუძლია შენარჩუნდეს უშუალო ურთიერთობაში. ის აგრძელებს არსებობას, თუმცა კი, ახლა უკვე აქტუალობისა და ლატენტურობის რიგებში. ადამიანი, რომელიც ახლახანს უნიკალური იყო და ცალკეულ თვისებებზე არ დაიყვანებოდა, არ იყო რაღაც მოცემულობა, არამედ მარტოოდენ აწმყოში მყოფობდა, არ ექვემდებარებოდა გამოცდილებას, მაგრამ შეხებისთვის წვდომადი გახლდათ, კვლავ ხდება ის - ფორმაში მოქცეული თვისებათა ერთობლიობა, რაოდენობა. მე ისევ შემიძლია განვაცალკევო მისგან თმის ფერი, საუბრის ტემბრი, კეთილშობილების ხარისხი, მაგრამ ვიდრე ამის გაკეთება შემიძლია, ის მეტად არ არის ჩემი შენ და ვერც იქნება.

სამყაროში ყოველი შენ თავისი არსის შესაბამისად განწირულია საგნად ქცევისთვის, ან, სულ მცირე, ისევ და ისევ, საგნობრიობაში გადასვლისთვის. ობიექტთა ენაზე ეს ამგვარად ჟღერს: ყოველ საგანს, ვიდრე ის საგნად იქცევა ან მას შემდეგ, შეუძლია რომელიმე მე-სთვის წარმოადგენდეს შენ-ს. მაგრამ ობიექტების ენა ნამდვილ ცხოვრების მხოლოდ ერთ წახნაგს ეხება.

ის - ჭუპრია, შენ - პეპელა. მაგრამ ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთს თანმიმდევრულად როდი ცვლის, პირიქით, ხშირად ის რთული, ჩახლართული პროცესია, რომელიც სიღრმისეულადაა განმსჭვალული ორმაგი ბუნებით.

***

თავდაპირველად არის ურთიერთობა.

განვიხილოთ ველურების, ე.ი. იმ ხალხის ენა, ვისი სამყაროც ობიექტებისგან გაღარიბებულია და ვისი ცხოვრებაც აწმყოში მოქმედებათა ვიწრო წრეში იგება. ამ ენის ბირთვი, სიტყვა-წინადადებები საწყისისეული წინარე გრამატიკული წარმონაქმნებია, რომელთა დანაწევრებიდან, საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სახის სიტყვების მრავალფეროვნება წარმოიქმნება. ძირითადად, ისინი ურთიერთობის სისრულეს აღნიშნავენ. ჩვენ ვამბობთ: „ძალიან შორს“; ზულუსი კი ამის ნაცვლად სიტყვა-წინადადებას წარმოთქვამს, რომელიც შემდეგს აღნიშნავს: „იქ, სადღაც, ვიღაც გაჰყვირის: დედა დავიკარგე“. ცეცხლოვანი მიწის მკვიდრი კი ჩვენს ანალიტიკურ სიბრძნეს იმ რთული სიტყვა-წინადადებით ჩაანაცვლებს, რომელიც ასე ჟღერს: „ისინი ერთმანეთს უცქერენ და თითოეული სხვისგან იმის გაკეთებას მოელის, რაც ორივეს სწყურია, მაგრამ არ სურთ გაკეთება“. ამ მთლიანობაში პირები ჯერ მხოლოდ იმ კონტურებითაა მოხაზული, არსებითი სახელებისა და ნაცვალსახელების სრულად გამოხატული დამოუკიდებლობა რომ არ გააჩნიათ. აქ მნიშვნელობა აქვს არა ასახვისა და ანალიზის ნაყოფს, არამედ ნამდვილ საწყისისეულ ერთობას, ცოცხალ ურთიერთობას.

ადამიანს შეხვედრისას ვესალმებით და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ან კიდევ ვარწმუნებთ ჩვენს ერთგულებაში, ანაც მივანდობთ მას ღმერთს. მაგრამ რამდენად მოკლებულია ეს ფორმულები უშუალობას (მეტად არავინ გრძნობს საწყისისეულ ძალაუფლების გამოვლენას შეძახილში - „ჰაილ!“) კაფირების მარად ნორჩ, „სხეულებრივ“, ურთიერთობით აღსავსე მისალმებასთან „მე შენ გხედავ!“, ან მის ამერიკულ, ღიმილისმომგვრელ, თუმცა, დიდებულ ვარიანტთან „შემიგრძენი!“ შედარებით.

შესაძლებელია დავუშვათ, რომ ურთიერთობები და კონცეპტები, ისევე, როგორც პირთა და საგანთა შესახებ წარმოდგენები, გამოეყო ურთიერთობათა პროცესებისა და მდგომარეობების წარმოდგენებს. მარტივი, „ბუნებითი ადამიანის“ სულის ამაფორიაქებელი შთაბეჭდილებები და გაღიზიანებები სათავეს ურთიერთობის პროცესებში, წარმომდგარის განცდასა და ამ წარმომდგართან თანაცხოვრებისას ურთიერთობის პროცესებში იღებენ. ის არ ფიქრობს მთვარეზე, რომელსაც ყოველ ღამით ცაზე ხედავს, ვიდრე ერთხელ, ცხადში თუ სიზმარში, ის არ წარსდგება მის წინაშე სხეულებრივად, ვიდრე არ მოიცავს და დაატყვევებს მას თავისი იდუმალი ნათებით, ან შეხებით ავნებს თუ აამებს კიდეც მას. მის გონებაში არ დარჩება ცის თაღზე მოხეტიალე დისკოს მხედველობითი მეხსიერება, არც წარმოდგენა დემონურ არსებაზე, რომელიც როგორღაც კავშირშია მასთან, არამედ, უპირველესად, მხოლოდ ხატება მთვარის ქმედებისა, რომელიც, როგორც მოტორული გამღიზიანებელი, განმსჭვალავს სხეულს; მოქმედი მთვარის პიროვნული ხატება კი ყალიბდება მხოლოდ თანდათანობით. მხოლოდ ახლა, ხსოვნა ღამეული, არაცნობიერად მიღებულის შესახებ ქმედების უკან მდგარი მოქმედის ცნებად იქცევა. მხოლოდ ახლა შეძლებს შენ, რომელსაც თავდაპირველად არ ხელეწიფებოდა გამოცდილების ობიექტი გამხდარიყო, იყო რა მარტივად განგრძობადი, განხორციელდეს და გახდეს ის.

ყოველი არსის გამოვლენის საწყისისეული ურთიერთობის ხასიათი დიდი ხნით ინარჩუნებს ეფექტურობას. ეს გვეხმარება უფრო ცხადად გავიაზროთ „პრიმიტიული“ ცხოვრების ის სულიერი ელემენტი, რომელსაც თანამედროვე ლიტერატურაში დიდ ყურადღებას უთმობენ, თუმცა კი, ადეკვატურად ვერ განმარტავენ მას. ჩვენ იმ საიდუმლო ძალმოსილებაზე ვსაუბრობთ, რომელთა შესახებ წარმოდგენებსაც ამა თუ იმ სახით ბევრი „პრიმიტიული“ ხალხის რწმენებსა და მეცნიერების საწყისებში (ერთიც და მეორეც აქ ერთ წერტილს წარმოადგენს) ვხვდებით. ჩვენ ვსაუბრობთ მანასა ან ორენდზე, რომლიდანაც ბრაჰმანისკენ, მისი საწყისისეული მნიშვნელობით, ასევე, „მაგიური პაპირუსების“ დიუნამისისა და ხარისისაკენ და მოციქულთა წერილებისკენ მიდის გზა. ამ ძალას როგორც ზეგრძნობად და ზებუნებრივ ძალას აღწერდნენ ჩვენი აზროვნების კატეგორიებით, რომლებიც „პრიმიტიული ადამიანისთვის“ უცხოა. მისი სამყარო შემოსაზღვრულია სხეულებრივი გამოცდილებებით, რომლებსაც სრულიად „ბუნებრივად“ მიეკუთვნება მიცვალებულთა ვიზიტებიც. არაგრძნობადის არსებულად მიღება მას უაზრობად უნდა მოეჩვენოს. მოვლენა, რომელსაც ის მისტიკურ ძალას მიაწერს, ელემენტარული პროცესი-ურთიერთობებია, ე.ი. ყველა ის მოვლენა, რომლებზეც ის ფიქრობს, რამდენადაც ისინი ზემოქმედებენ მის სხეულზე და შთაბეჭდილებას ახდენენ ამ ზემოქმედებით. ამგვარ ძალას ფლობენ არა მხოლოდ მთვარე და მიცვალებული, რომელთაც მისთვის ყოველ ღამე მოაქვთ ტანჯვა თუ სიხარული, არამედ მწველი მზეც, მხეციც, თავისი საშინელი ღრიალით, ბელადიც, რომლის მზერაც მას მორჩილებისკენ მიმართავს და შამანიც, რომლის სიმღერაც მასში ნადირობისთვის აუცილებელ ძალას აღვიძებს. მანა არის ის, რაც ზემოქმედებს, რაც ცაზე მთვარის ხატებას აქცევს სისხლის მაჩქეფებელ შენ-ად, რომლის კვალიც მეხსიერებაში რჩება, როდესაც გამღიზიანებლის შთაბეჭდილება ჩაერთვება ობიექტის შთაბეჭდილებაში, თუმცა კი, მანა ყოველთვის მხოლოდ მოქმედში ვლინდება. ეს ისაა, რითაც ჩვენ, თუკი მას ვფლობთ (ჯადოსნური ქვის მსგავსად), შეგვიძლია თავადაც მოვახდინოთ ამგვარი ზემოქმედება. „პრიმიტიული სამყარო“ მაგიურია, მაგრამ არა იმიტომ, რომ მისი ცენტრი ადამიანის მაგიური ძალაა, არამედ იმ მიზეზით, რომ ნებისმიერი ამგვარი ადამიანური ძალა მხოლოდ იმ საერთო ძალის ვარიანტს წარმოადგენს, ყველა ზემოქმედების წყარო რომ არის. ამ „სამყაროს“ მიზეზობრიობა არ არის განგრძობადი; ის არის ძალა, რომელიც იფრქვევა, ფეთქდება და ზემოქმედებს მსგავსად სინათლისა, ვულკანური მოძრაობისა, განგრძობადობა რომ არ გააჩნია. მანა პრიმიტიული აბსტრაქციაა; ის თვით რიცხვებზე მეტად პრიმიტიულია, თუმცა, არ არის ამდენად ზებუნებრივი. მეხსიერება, განსწავლის რა თავის თავს, აწყობს მნიშვნელოვანი ურთიერთობების მოვლენების, ძვრების თანმიმდევრობას. რაც მეტად მნიშვნელოვანია თვითგდარჩენის ინსტინქტისთვის, და განსაკუთრებით აღსანიშნავია ცოდნის ინსტინქტისთვის, წინ გადმოდის და დამოუკიდებლობას იძენს. ცალკეული განცდების უმნიშვნელო, ცვალებადი შენ კი, რომელიც გაზიარებას არ ექვემდებარება, უკან იხევს და მეხსიერებაში სხვა დანარჩენისგან იზოლირებულად რჩება. ის, საბოლოოდ, ობიექტად იქცევა და ერთიანდება ჯგუფებსა და სახეობებში. მესამე ელემენტად კი აქ შეუბრალებლად ცხადდება შემზარავად განკერძოებული, თვით მთვარესა და მიცვალებულზე მეტად საშინელი - „უცვლელი“ პარტნიორი - მე.

მე-ს ცნობიერება მეტად როდია დაკავშირებული თვითგადარჩენის ინსტინქტთან, რომელიც თავიდანვე უმთავრეს მდგომარეობას იკავებს, ვიდრე რომელიმე სხვა. საკუთარი თავის გაგრძელება სურს არა მე-ს, არამედ სხეულს, რომელიც ჯერ კიდევ არანაირ მე-ს არ იცნობს. არა მე-ს, არამედ სხეულს სურს შექმნას საგნები, ინსტრუმენტები, სათამაშოები, იყოს „გამომგონებელი“. პრიმიტიულ ცნობიერებაშიც ვერ ვიპოვით რაიმე მარტივი სახის cognosco ergo sum-ს („ვიცი, მაშასადამე ვარ“), ვერც შემმეცნებელი სუბიექტის (რომელიც, თუმცა კი, ბავშვურია) რაიმე კონცეფციას. მხოლოდ იმ უპირველესი განცდების დანაწევრებიდან, მაცოცხლებელ ძალას რომ იღებენ უპირველესი სიტყვებიდან - მე-ზემმოქმედებელი-შენ-ზე და შენ-ზემმოქმედებელი-მე-ზე - რომლებიც დანაწევრებულნი, დაკონკრეტებულნი და ჰიპოსტაზირებულნი არიან, მე სტიქიური ძალით წარმოსდგება.