ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი ჯაკომო რინალდი ამჟამად მუშაობს სამ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ევროპული (ბერძნული, გერმანული, იტალიური და ა.შ.) ესთეტიკისა და ხელოვნების ფილოსოფიის საკვანძო საკითხებს ეხება. აღნიშნული პროექტების კვლევის შედეგები გამოქვეყნდება წამყვან იტალიურ ფილოსოფიურ ჟურნალებსა და გამოცემებში. „პეტრიწის პორტალის“ მკითხველს ამ პროექტთა მიმოხილვასა და შინაარსის მოკლე აღწერას ვთავაზობთ.
Contenuto ideale e parvenza estetica nell’arte di Johann Wolfgang von Goethe e Ugo Foscolo, in: «Magazzino di filosofia», vol. 50, in publication.
ესთეტიკური იდეალის მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში რეალიზება სამ საფეხურს მოიცავს: სიმბოლურ და კლასიკურ საფეხურებსა და რომანტიკულ ხელოვნებას, რომელიც წარმოიშვა როგორც ქრისტიანული ხელოვნება, თუმცა, მოგვიანებით განვითარდა ორი სხვა მიმართულებით, რომელთაგან უკანასკნელს ამ გამოკვლევის ავტორი „მოდერნულ-რომანტიკულ“ უწოდებს. მისი ბუნება გამოიხატება იმ ფაქტში, რომ ის ქრისტიანული ხელოვნების მსგავსად როდი ფოკუსირდება ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე, არამედ სხვაობს მისგან - აქ ღვთაებრივი არ აღიქმება როგორც არაამქვეყნიური, არამედ როგორც ამქვეყნიურისთვის იმანენტური - ე.ი. ადამიანურ გრძნობებში, ქმედებებში, გონებასა და ისტორიაში მყოფი. ცნობილი გერმანელი მწერალი გოეთე და დიდი იტალიელი პოეტი ფოსკოლო თავიანთ ნაშრომებში სწორედ ამგვარ კონცეფციას წარმოადგენენ, თუმცა კი, ერთმანეთისგან შესამჩნევი განსხვავებით. თუკი გოეთესთვის ადამიანური გონების ყველაზე ძლევამოსილ თვისებად გვევლინება ეროტიული გრძნობა, როგორც თვით-წარმომჩენი „მარად-ქალური“ („Ewig-Weibliche“), იტალიელი პოეტის თანახმად ასეთი, მეტადრე, ადამიანის ინდივიდუალობის ამაღლებაა სამშობლოს ეთიკურ პოლიტიკურ იდეალამდე, რაც სულიერი ცხოვრების მწვერვალად აღიქმება ისეთ პოეტებსა და მეცნიერებთან, როგორებიცაა დანტე, პეტრარკა, ბოკაჩო, მაკიაველი, ალფიერი და გალილეი. გამოკვლევის ავტორი, ასევე, არ ერიდება მოდერნულ-რომანტიკული ხელოვნების ნაკლოვანებების (უპირველეს ყოვლისა, მისი ფრაგმენტულობის და იდიოსინკრეტული სუბიექტივიზმის) ხაზგასმასაც.
Contenuto ideale e parvenza estetica nell’Arte romantica moderna di William Shakespeare, in: «Magazzino di filosofia», vol. 52, in publication.
ამ გამოკვლევის ავტორის თანახმად, შექსპირი მოდერნულ-რომანტიკული ხელოვნების უდავოდ უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ყველა მისი მთავარი ტრაგედია (თითქოს ქმედების ერთიანობის არისტოტელესეული კონცეპტის მსგავსად) გასაოცარ თანმიმდევრულობას აჩვენებს დრამატულობისა და ფსიქოლოგიური განვითარების ჭრილში. გარდა ამისა, ისინი არა მხოლოდ ადამიანის შინაგან სამყაროზე, სულიერ იდენტობაზე ფოკუსირდებიან, არამედ, ასევე, აღიქვამენ მას როგორც აბსოლუტთან განუყოფელ, შინაგან მიმართებაში მყოფს; იგი ტრაგიკულ ხასიათს იძენს ამგვარი მიმართების დიალექტიკური ბუნების წყალობით - მიმართების, რომელშიც, თუმცა კი, უკიდურესი განსხვავების საფუძველზე შეუძლებელია ადგილი ჰქონდეს ჭეშმარიტ მორიგებას. ასევე, გოეთესგან განსხვავებით, შექსპირი ცალსახად ეყრდნობა რიგორისტულ მორალურ მსოფლგაგებას და წარმოაჩენს ღრმად ჩაფესვილ ზიზღს მანკიერის, ხრწნადისა და მცდარისადმი. მანკიერებით აღსავსე პიროვნებები - ფრიად ცნობილი სერ ჯონ ფალსტაფისა და მისი საყვარელი მეძავების მსგავსად - საპირისპიროდ, დიდ პატივს მიაგებენ და თაყვანს სცემენ მონარქის „ღვთაებრივ“ ავტორიტეტსა და ქმედებს. საბოლოოდ, იგი წერს თავის დრამას აბსოლუტურად ახალ ენაზე, რომელშიც აბსტრაქტული კონცეპტები თუ წარმოსახვითი ერთეულები საუბრობენ და მოქმედებენ ნამდვილი პიროვნებების მსგავსად, ისე, რომ მთლიანი ნარატივი სრულებით სხვაობს ყოველდღიური ცხოვრების ასპექტებისგან, ახდენს ყველა ხასიათისა და მოვლენის იდეალიზებას და, ამგვარად, წარმოაჩენს - სტილისტურ-ლინგვისტურ ჭრილში - მის ახლო კავშირს მკაცრად იდეალისტურ მსოფლხედვასთან.
L’antinomia di prassi e teoria dell’arte nello spirito greco, this being a contribution to a research project led by Prof. Nicola Loperfido and financially backed by the University of Urbino that is currently underway.
ამ ნაშრომში წარმოდგენილი საკითხი ეხება ერთგვარ უცნაურ შეუსაბამობას მსოფლიო აღიარების მქონე ბერძნულ კლასიკურ ხელოვნებასა და მის უარყოფით შეფასებას უმნიშვნელოვანესი ბერძენი მოაზროვნის, პლატონის მხრიდან, რომელიც, მისი ერთ-ერთი მთავარი ნაშრომის „სახელმწიფოს“ მეათე წიგნში, არა მხოლოდ გამოაცალკევებს მშვენიერების იდეას (რომელიც იმანენტურია ღმერთების გონებაში) ადამიანის ხელოვნების ნიმუშისგან, არამედ ასევე ადანაშაულებს მხატვრობას მასზედ, რომ ის განსახიერების განსახიერების განსახიერების ცუდი განსახიერებაა - ასე რომ ვთქვათ, მეოთხე ხარისხის განსახიერება - და წარმოადგენს მის, როგორც ჩანს, პარადოქსულ მოსაზრებას ძალზედ დახვეწილი დიალექტიკური არგუმენტებით. უფრო პოზიტიური არც ტრაგედიის მისეული შეფასებაა, რომელსაც ის ბრალს სდებს მაყურებელთა გახრწნაში - წარმოაჩენს რა გმირებს, რომლებიც არა გონებით მოქმედებენ - რაც ჯეროვანია მათთვის - არამედ ირაციონალური ვნებებით (როგორიცაა სქესობრივი ლტოლვა, ეჭვიანობა თუ შურისძიების გრძნობა). პლატონის მიერ ხელოვნების განქიქების მეტაფიზიკური საფუძველი მისი მცდარი დუალიზმია იდეის ობიექტურ, აბსტრაქტულ უნივერსალურობასა და სასრული ადამიანის და მისი შემოქმედების უშუალო განსაკუთრებულობას შორის. ეს ცდომილება გადაილახა იდეის, როგორც ტრანსცენდენტალური ეგოს იმანენტური პროცესის კონცეფციით; ასევე, ხელოვნებასაც, რომელიც ამ პროცესის საფეხური, რგოლია, შეუძლია წარმოგვიდგეს და შეფასდეს როგორც „სულის აბსოლუტური ფორმა“.