petriwis portali

პიერო მარტინეტის ნეოპლატონური იდეალიზმი

ჯაკომო რინალდი

პიერო მარტინეტის ნეოპლატონური იდეალიზმი

19.10.2023

აქტუალური იდეალიზმის ისტორიული წარმოშობის მონახაზის გაკეთებისას შევნიშნე, რომ ის მომდინარეობს ჰეგელის იდეალიზმიდან XIX საუკუნეში მისი სპავენტასეული ინტერპრეტაციის შუამავლობის მეშვეობით. ამისგან განსხვავებით, პიერო მარტინეტის (1872-1943 წწ.) აზროვნება საკუთარ კონკრეტულ პრობლემატურ და ფუნდამენტურ სპეკულატურ ინსპირაციას იღებს კანტისა და ნეოკანტიანიზმის გერმანული იდეალისტური ტრადიციიდან, რომელთან მიმართებაშიც მას უშუალო და საკმაოდ ახლო კავშირი გააჩნია. თუმცა, იტალიური იდეალიზმის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, მისთვისაც ტერმინი „იდეალიზმი“ ფუნდამენტურად ნიშნავს სუბიექტ-ობიექტის კავშირის ეპისტემოლოგიურ კონცეფციას, რომლის თანახმადაც სამყარო სხვა არაფერია, თუ არა, არც მეტი, არც ნაკლები, ცნობიერების წმინდა იმანენტური შინაარსი: „ჩვენზე მოცემული რეალობა პერცეფციაა, თავად ცნობიერი რეალობაა და არაფერი მეტი.“ თუ ცნობიერება გააზრებულია მისი იმანენტური სიმრავლის თვალსაზრისიდან, იგი აკონსტრუირებს ობიექტს; და პირიქით, თუ იგი გააზრებულია მისი აქტიური, გამაერთიანებელი ფუნქციის თვალსაზრისიდან, იგი აკონსტრუირებს სუბიექტს ან ეგოს stricto sensu. ჩემი აზრით, მარტინეტის ფილოსოფიური იდეალიზმის სპეციფიკური განმასხვავებელი ნიშანი კროჩესა და ჯენტილეს ნააზრევისგან არის მისი აზროვნების ორი ფუნდამენტური ასპექტი. ერთი მხრივ, მისი აზრით, ცნობიერების პროცესის ნათელი გაგება ჩვენთვის შეიძლება შემოთავაზებული იყოს უპირატესად ჩვენი შინაგანი გამოცდილების ფსიქოლოგიური ანალიზის მეშვეობით და არა მისი a priori ფორმების წმინდად ლოგიკური დედუქციის მეშვეობით (როგორც ამას ფიხტე და ჰეგელი ამტკიცებდნენ). მართლაც, იგი უყოყმანოდ განსაზღვრავს საკუთარ პოზიციას „ფსიქოლოგიური იდეალიზმის“ კონტექსტში და საკმაოდ დადებითად მსჯელობს „თანამედროვე ფილოსოფიაში აყვავებული იდეალისტური ემპირიზმის შესახებ“ მაგალითად, „წარმოდგენის“ შოპენჰაუერის თეორიის ან შუპესა და შუბერტ-სოლდერნის „იმანენტურობის ფილოსოფიების“ შესახებ. თუმცა, მეორე მხრივ, ფსიქოლოგიზმზე, რომელიც ბატონობდა გერმანულ აზროვნებაზე XIX საუკუნის ბოლოს, არანაკლებ გავლენიანია პანთეისტური მისტიციზმი - დაწყებული სანხიას სისტემის ინდური ფილოსოფიით (რომელსაც მან საკუთარი სადოქტორო დისერტაცია მიუძღვნა), დამთავრებული პლოტინეს, სპინოზასა და გვიანი ფიხტეს მეტაფიზიკით. არსებითად, მარტინეტის თანახმად, ფსიქოლოგიური გამოცდილების ანალიზი ცოდნის პროცესის აუცილებელი მომენტია, მაგრამ მხოლოდ როგორც საძირკველი აბსოლუტურის, როგორც იმანენტური მთელის „იდეალისტური მეტაფიზიკის“ კონსტრუქციისთვის.

ფუნდამენტურ ფილოსოფიურ პრინციპს, რომელიც მარტინეტის აზროვნებას ანიჭებს ერთიანობასა და თანამიმდევრულობას, ფაქტობრივად, არაფერი ესაქმება ფსიქოლოგიურ გამოცდილებასთან, არამედ, როგორც ჩანს, უპირატესად შესატყვისობაშია ნეოპლატონური მეტაფიზიკის მთავარ სპეკულატურ დებულებასთან. ყველაზე უნივერსალური კატეგორიები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია გამოცდილების მთლიანობის ინტერპრეტირება, არის ერთიანობა და სიმრავლე. იმის საპირისპიროდ, რასაც ჰეგელი (და ჰეგელამდე პლატონი თავის დიალოგში „პარმენიდე“) ამტკიცებდა, ისინი, როგორც ასეთი, ორმხრივად შეუთავსებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ რეალობაში, გამოცდილებაში ან კონკრეტულ სულიერ აქტივობაში რაც მეტად ჭარბობს ერთიანობის მომენტი, მით ნაკლებ რელევანტურ როლს თამაშობს სიმრავლე და პირუკუ. ასეთი დებულების შედეგები არა მხოლოდ ონტოლოგიური, არამედ აქსიოლოგიური და ეთიკურია თავისი ხასიათით. ერთიანობა არის რეალობის ინტელიგიბელურობისა და „სრულყოფილების“ პრინციპი, ხოლო სიმრავლე, საპირისპიროდ, ირაციონალურობისა და „არასრულყოფილების“. შედეგად, სამყაროსა და ეგოს ჩვენეული გამოცდილების მიერ გამომჟღავნებული განსხვავებები განლაგებულია იერარქიულ თანმიმდევრობაში, რომლის უდაბლეს დონეებზე სიმრავლე დომინირებს მაშინ, როდესაც ერთიანობა უმაღლესი დონეების სპეციფიკური მახასიათებელია. აქედან გამომდინარე, აბსოლუტური რეალობა გაიგივებული უნდა იყოს აბსოლუტურად ფორმალურ, განუსაზღვრელ ერთიანობასთან, რომელიც მოკლებულია ნებისმიერ შინაარს, თვისებებს, კავშირებსა და ა.შ., იმდენად, რამდენადაც ყოველივე ეს აშკარად წარმოუდგენელია სიმრავლის გამოკლებით. პლატონის იდეების ან ჰეგელის კატეგორიების ერთიანობის რაიმე სხვა ფორმა, ან „კონკრეტული“ ერთიანობაც კი სხვა არაფერია, თუ არა მარტოოდენ გამოვლენა. იმდენად, რამდენადაც გონივრული აქტიურობაც მოიცავს მრავალ შინაარსს (ცნებების სიმრავლე, რომელსაც ის განასხვავებს ან აერთიანებს), აბსოლუტური ერთიანობა აუცილებლობით აღემატება თავად გონებას: „თუმცა, ასევე, ეს ინტელიგიბელური სამყარო სხვა არაფერია, თუ არა ერთიანობის შეფარდებითი გამოხატულება, რომელიც თავისთავად აღემატება გონებას.“ ეს უკანასკნელი, მარტინეტის თანახმად, სხვა არაფერია, თუ არა potenziamento, ე.ი. ცნობიერების განვითარება. შედეგად, აბსოლუტური ერთიანობა მოახდენს ცნობიერი გამოცდილების მთლიანობის გადამატებასაც: „ლოგიკური აზროვნების უმაღლესი კონსტრუქციები რეალობის არასრუყოფილი გამოხატულებებია, რომლის აბსოლუტური ერთიანობა აღემატება ყოველგვარ ცნობიერებას“. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს მთელი ჩვენი გამოცდილება მთლიანად გარდაიქმნება ფორმებისა და ცნობიერების მდგომარეობების დინამიკურ, იერარქიულ თანმიმდევრობაში, მისი ევოლუციის საბოლოო მიზანი (როგორც მარტინეტისთვის, ისევე ჰეგელისთვის, მთელი კოსმიური გახდომის „აბსოლუტური დაფუძნებაა“) არ არის რაიმე ცნობიერების, აზრისა თუ მეცნიერების შესაძლო აქტი.

თუმცა, უნდა შევნიშნოთ, რომ ცნობიერებისთვის ერთიანობის აბსოლუტურ ეპისტემოლოგიურ ტრანსცენდენტურობის მარტინეტისეული დაჟინება არ გამორიცხავს ფენომენური გამოცდილების სიმრავლისთვის ერთიანობის სუბსტანციური ონტოლოგიური იმანენტურობის მკაფიო გამართლებას. ჩემთვის მარტინეტის მეტაფიზიკის ყველაზე საინტერესო ასპექტი მისი შეუპოვარი პოლემიკაა ღმერთის, როგორც აბსოლუტურად ტრანსცენდენტური, „არაამქვეყნიური“ არსის ტრადიციული თეისტური კონცეფციის წინააღმდეგ. ამისგან განსხვავებით, მისთვის აბსოლუტური, ღვთაებრივი ერთიანობა იმანენტურია სამყაროს გახდომის ყველაზე უმნიშვნელო დეტალებშიც კი:

„და შედეგად, როგორც უკვე ლაიბნიცმა დაინახა, ყოველი ცალკეული ფენომენი ყოველთვის გამოიხატება იმ ერთიანობაში, რომელსაც იგი რეალიზებს სამყაროს ერთიანობაში, რომელსაც განეკუთვნება; ყოველივე უმარტივესი ერთიანობა საკუთარი ფაქტორების უსასრულო სიმრავლის წყალობით აირეკლავს ექსისტენციების უნივერსალურ წესრიგს; ყოველი უმნიშვნელო ყოფნა საკუთარი კანონების მისტერიაში სამყაროს საიდუმლოს მოიცავს“.

ამდენად, საკუთარი შედეგებისთვის გარეგანი (cause transiens) (პირველ)მიზეზის ვულგარული კონცეფცია უარყოფილი უნდა იყოს in toto, რადგან მათი კავშირის a priori აუცილებლობა შეიძლება განიმარტოს მხოლოდ მათი შინაგანად დამახასიათებელი იდენტურობის, როგორც მათი საერთო საფუძვლის დაშვებით. თუმცა, სინამდვილეში, მიზეზი არა მხოლოდ იდენტურია თავის შედეგებთან; უპირატესად, იგი საკუთარ თავს მათში „ხდის შესაძლებელს“, მათში „იჩენს თავს“. შედეგად, წმ. თომასთან და, უფრო ზოგადად, მთელ სქოლასტიკურ ონტოლოგიასთან პოლემიკისას, მარტინეტი აცხადებს:

„ასეთ შემთხვევაში, in re და post rem არსებულ ფორმათა მთელი სისტემა ქარწყლდება როგორც უსარგებლო ჩახლართულობა; სამყარო სხვა არაფერია, თუ არა თავად სისტემა ღვთაებრივი აზრებისა და იმ ფორმებისა, ante rem რომ არსებობენ, [...] ის გარდაისახება გრძნობითი გამოვლინებების განუსაზღვრელ სიმრავლედ“.

ამ პასაჟში მარტინეტის მიერ გაკეთებული რეფერენცია „გრძნობის ბნელ ძალასთან“ არსებითია მისი მთელი ფილოსოფიის ინტერპრეტაციისა და შეფასებისთვის. რამდენადაც, გრძნობითი ცოდნის მისეული დოქტრინა ალბათ ისაა, რაც საფუძველს უყრის უდიდეს სირთულეებს მარტინეტის თეორიულ პერსპექტივაში. მე ვთქვი, რომ მარტინეტისთვის სიმრავლე არარეალობისა და არასრულყოფილების პრინციპია და რომ რაც უფრო მეტად უახლოვდება ცნობიერების პროცესი აბსოლუტურ ერთიანობას, მით უფრო ნაკლებ რელევანტური ხდება პირველის აქტუალობა. გრძნობითი ინტუიცია ყველაზე რუდიმენტული ფაზაა ცნობიერების განვითარებაში იმდენად, რამდენადაც მისი შინაარსი შეესატყვისება მატერიალური საგნებისა და გრძნობითი ნიშან-თვისებების ჰეტეროგენულ, არარეალურ სიმრავლეს. დროისა და სივრცის (შედარებით) a priori ფუნქციების მეშვეობით სიმრავლის შეუზღუდავი უნიფიკაცია შესაძლებელია გრძნობის სფეროში. ამდენად, სივრცით-დროითი რეალობის მთელი სფერო შემდგომი, უმაღლესი დონის ლოგიკური უნიფიკაციების შინაარსი ხდება მიზეზობრიობისა და ლოგიკური იდენტურობის ფუნდამენტური კატეგორიების წყალობით. ამჟამად, ჰეგელის მსგავსად, მარტინეტი მკაფიოდ აცხადებს, რომ სულის უდაბლესი ფორმის ევოლუციისას უმაღლეს სფეროში ეს უკანასკნელი წარმოადგენს პირველის „ჭეშმარიტებასა“ და „აქტუალურ რეალობას“, რომელიც მასთან მიმართებაში „ფაქტობრივად“ უარყოფილი ხდება: „ლოგიკური ერთიანობა არ არის რეალობა, რომელიც თანაარსებობს წმინდა გრძნობით სიმრავლესთან, არ არის იმავე ხარისხის რეალობა, არამედ ხარისხობრივად უმაღლესი რეალობაა, რომელიც ფაქტობრივად უარყოფს გრძნობით რეალობას“. თუმცა, მეორე მხრივ, მარტინეტი ცდილობს განასხვავოს საკუთარი პოზიცია ამ კუთხით ჰეგელის „პანლოგიზმისგან“ და ამას აკეთებს მტკიცებით, რომ გრძნობითი „მოცემულობის“ ლოგიკური უნიფიკაცია ძირს არ უთხრის ამ მოცემულობის ავტონომიურ, დამოუკიდებელ რეალობას:

„პანლოგიზმის ლოგიკურ სამყაროსა და გრძნობით რეალობას შორის არსებობს უფსკრული [...] გრძნობითი და ლოგიკური წესრიგი ორი აბსოლუტურად განსხვავებული წესრიგია და მათი ძალდატანებით დამთხვევა მხოლოდ გამოიწვევს - აქ და არსად უკეთესად - მათი შესატყვისობის აბსოლუტურ შეუძლებლობას.“

მკვეთრი წინააღმდეგობა, რომელშიც მარტინეტის აზროვნებაა გახლართული, აშკარაა. არსებითად, მისი მთავარი ნაშრომის ფინალურ პასაჟში იგი რაღაც გზით ამის გადაჭრას ცდილობს იმის განცხადებით, რომ:

„თუ ლოგიკური თვალსაზრისით განსხვავება ლოგიკურსა და გრძნობით რეალობას შორის გარდაიქმნება განსხვავებად ყოფნასა და არყოფნას შორის [...] აბსოლუტური თვალსაზრისით ორივე მათგანი სხვა არაფერია, თუ არა ერთი რეალობის ორი შემდგომი ფორმა, რომელიც თავის აბსოლუტურ ფორმაში არც ერთია და არც მეორე“.

თუმცა, უკვე ვიცით, რომ მარტინეტისთვის „აბსოლუტური თვალსაზრისი“ აბსოლუტური „ფორმალური“ ერთიანობის ხედვის წერტილია, რომელიც, როგორც ასეთი, რადიკალურად აღემატება ნებისმიერ ცნობიერებასა და გონებას. ამდენად, როგორ შეგვიძლია მოვეკიდოთ ნავარაუდევ „აბსოლუტურ თვალსაზრისს“? აქედან გამომდინარე, „ლოგიკური თვალსაზრისი“ ერთადერთ ხედვის წერტილად რჩება, რომელსაც შეგვიძლია ლეგიტიმურად მივმართოთ (და ზუსტად რომ ვთქვათ, არა მხოლოდ „ჩვენ“, არამედ, ასევე, შესაძლო უსასრულო ღვთაებრივმა გონებამ). მაშასადამე, მარტინეტის მიერ გრძნობითი რეალობის თავდაპირველი ავტონომიის გამართლება ნათლად თვითუარყოფადია და, შედეგად, მისი მცდელობა - საკუთარი პოზიცია განასხვავოს ჰეგელის პანლოგიზმიდან - სულ მცირე, ამ კუთხით წარუმატებელია.

სხვა ფუნდამენტური პროტესტი, რომელსაც მარტინეტის ნეოპლატონური მონიზმი მიმართავს ჰეგელის ფილოსოფიის წინააღმდეგ, უკავშირდება დიალექტიკურ მეთოდს; ჰეგელის ლოგიკური იდეის იმანენტური გახდომის დოქტრინას; ჰეგელის მიერ ამ უკანასკნელის თვით აბსოლუტურ რეალობასთან გაიგივებას; დაბოლოს, ჰეგელის მიერ ბუნების ფილოსოფიის შესაძლებლობის, როგორც იდეის პროცესის „რეალისტურ“ დაშვებას კვლავ არაცნობიერი ფორმით. ყოფნისა და ცნობიერების იდენტურობის იდეალისტური პრინციპის ვალიდურობის მოცემულობით, როგორ შეგვიძლია ჩავთვალოთ შესაძლოდ იმ ბუნებრივი კატეგორიერების თანამიმდევრობის a priori კონსტრუირება, რომლებიც ამავდროულად არ არის ცნობიერების სუბიექტური „სინთეზების“ წყების შინაარსი? ამ კუთხით, მარტინეტის საყვედური ჰეგელის აზროვნების მიმართ ნათლადაა ის, რომ იგი არ არის საკმარისად „იდეალისტური“. ვფიქრობ, ისტორიულად სასარგებლო იქნება შევნიშნოთ, რომ მარტინეტის ამ წინააღმდეგობის არსი შესატყვისობაშია in toto თავად ჰეგელიანური დიალექტიკის ჯენტილესეული რეფორმის ერთ-ერთ ფუნდამენტურ შედეგთან - სახელდობრ, დიალექტიკური პროცესის შესაძლებლობის უარყოფასთან, რაც არ არის თვითცნობიერი ეგოს (pensiero pensante) წმინდა გახდომა.

ჰეგელიანური იდეისა და აბსოლუტური რეალობის კავშირის კუთხით უდავოა, რომ თუ უკანასკნელი რეალურად არის, როგორც მარტინეტი ამტკიცებს, ერთიანობა, რომელიც აღემატება ნებისმიერ სიმრავლეს და, შედეგად, თვით გონებისა და ცნობიერების ელემენტს, ვერ იქნება შესატყვისობაში ჰეგელის აბსოლუტურ იდეასთან, რომელიც ნამდვილადაა აზრის დეტერმინაციების სისტემური მთლიანობის წმინდა თვითცნობიერება. გარდა ამისა, ნებისმიერი გახდომა, იქნება ეს დროითი თუ ლოგიკური, აშკარად შესაძლებელი და გააზრებადია მხოლოდ როგორც ერთიანობის (უწყვეტობა) და სიმრავლის (წყვეტილობა, როგორც მასში არსებული გარჩევადი თანმიმდევრული ფაზების მთლიანობა) სინთეზი. ამდენად, თუ აბსოლუტური რეალობა ფაქტობრივად მოკლებულია სიმრავლეს, გახდომა უდავოდ უნდა იყოს მარტოოდენ ფენომენი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტური ერთიანობა eo ipso აბსოლუტურად უმოძრაო და სტატიკურია. დაბოლოს, მარტინეტის თანახმად (რომელიც ამ კუთხით, უცნაურად იზიარებს თანამედროვე ლოგიკური ემპირიზმის ყველაზე პოპულარულ პრინციპებს), არსებობს მხოლოდ ორი მეცნიერულად ვალიდური ლოგიკური მეთოდი: „ანალიზი“, რაც მარტოოდენ ფორმალური და რეკონსტრუქციულია თავისი ხასიათით და „სინთეზი“ ან „ინდუქცია“, რომელიც მხოლოდ მეთოდია, ფაქტობრივად შემძლე თავდაპირველად შექმნას და გააფართოვოს ჩვენი ცოდნა. მისი მოსაზრებით, ამ უკანასკნელის „გენეტიკური წესრიგი“ „მუდმივად ინდუქციურია და გამოსჭვივის უნიკალური წყაროდან, რომელიც გამოცდილებაა“. აქედან გამომდინარე, ინდუქცია საკუთრივი მეთოდია არა მხოლოდ პოზიტიური მეცნიერებების, არამედ თავად ფილოსოფიისაც. შედეგად, ერთადერთი ნამდვილი განსხვავება მათ შორის არის ის, რომ მაშინ, როდესაც პოზიტიური მეცნიერებები საკუთარ თავს შემოფარგლავენ მეტ-ნაკლებად უშუალოდ „მოცემულის“ სიმრავლის „შედარებითი“ უნიფიკაციით, ფილოსოფია არსებითად მიისწრაფვის „ტოტალური“, „აბსოლუტური“ უნიფიკაციისკენ. ამდენად, ჰეგელის დიალექტიკური მეთოდის უდავოდ არაინდუქციური ხასიათი გარდაუვლად გამოუთხრიდა ძირს აბსოლუტურის მისი პანლოგისტიკური კონცეფციის მეცნიერულ ბუნებას.

ამდენად, მარტინეტის მიერ ჰეგელიანიზმის კრიტიკისას (ფსიქოლოგიური) ემპირიზმი და (იმანენტური) მისტიციზმი როგორღაც შეთანხმებულად მოქმედებენ საკვირველი გზით. მართლაც, მაშინ, როდესაც მის მიერ დიალექტიკური მეთოდის უარყოფა (ისევე, როგორც გრძნობითი ინტუიციის მისი უკვე ნახსენები თეორია) ეყრდნობა ნათელი ემპირიული წარმომავლობის არგუმენტებს, მისი პოლემიკა ჰეგელის აბსოლუტური გონების წინააღმდეგ, ჩემი მოსაზრებით, სხვა არაფერია, თუ არა რაციონალურ-ფილოსოფიურ აზროვნებაზე მისტიკურ-რელიგიური გამოცდილების ონტოლოგიური და ეთიკური უპირატესობის გამართლება. ფაქტობრივად, იგი არ ყოყმანობს ღიად განსაზღვროს აბსოლუტურსა და ადამიანურ გონებას შორის არსებული ერთიანობის უღრმესი შესაძლო ფორმა „მისტიციზმის“ თვალსაზრისით: „ჩვენი ცოდნა [...] მისტიკური გაერთიანების აქტია მარადიულ ლოგოსთან, რომელიც ჩვენი ბუნების აბსოლუტური საფუძველია“. ამდენად, მარტინეტის ანტი-ჰეგელიანური პოლემიკის დამაჯერებლობა ეფუძნება in toto ორ გადამწყვეტ სპეკულატიურ დებულებას: (ა) ინდუქციის ეპისტემოლოგიური ვალიდურობა; (ბ) აბსოლუტური ერთიანობის ონტოლოგიური რეალობა, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია განსხვავების ან სიმრავლის რაიმე მომენტს. თუმცა, ფაქტობრივად, უკვე არისტოტელემ და კანტმა საზრიანად შენიშნეს „სრული ინდუქციის“ ანტინომიაში ინდუქციური მეთოდის გამოუსწორებელი ნაკლი; და უკვე პლატონმა თავის „პარმენიდეში“ ბრწყინვალედ აჩვენა, რომ გამონათქვამი „ერთი არის“, ფაქტობრივად, ნიშნავს თვით იმის დაპირისპირებულობას, რის ჩვენებასაც იგი ლამობს - სახელდობრ, რომ არავითარი ერთი არაა. რამდენადაც, „არის“-ის ექსისტენციური პრედიკატი საკუთარი თავისგან აკონსტრუირებს ერთისგან განსხვავებულ ელემენტს და, ამდენად, წინააღმდეგობრივად პოსტულირებს თავდაპირველ სიმრავლეს ერთის ნავარაუდევ წმინდა ერთიანობაში.

ინგლისურიდან თარგმნეს გიორგი ჭანიძემ და რუსუდან ზოიძემ

გამოყენებული ლიტერატურა:

  • P. Martinetti, Introduzione alla metafisica [1904], 2nd edn., Milan, Libreria editrice lombarda 1929.
  • P. Martinetti, La dottrina della conoscenza e del metodo nella filosofia di Spinoza, Rivista di filosofia, 1916.
  • P. Martinetti, Modi primitivi e derivati, infiniti e finiti, Rivista di filosofia, 1927.
  • P. Martinetti, Problemi religiosi nella filosofia di Spinoza, Rivista di filosofia, 1939.
  • G. Ronaldi, Salvezza dalla disperazione. Rivalutazione della filosofia di Spinoza, Milan, Guerini 1991.